YouVersion Logo
Search Icon

საბავშვო ბიბლიაSample

საბავშვო ბიბლია

DAY 4 OF 7

დიდი ხნის წინათ, ღმერთმა მშვენიერ ახალგაზრდა ებრაელ ქალწულს, სახელად მარიამს, ანგელოზი გაბრიელი მიუვლინა.

მან უთხრა მას: „შენ გეყოლება ძე და უწოდებ სახელად იესოს. უზენაესის ძედ იწოდება იგი. საუკუნოდ იმეფებს იგი.”

„როგორ იქნება ეგ?” - ჰკითხა განცვიფრებულმა გოგონამ. „მე არ ვყოფილვარ მამაკაცთან.” ანგელოზმა უთხრა მარიამს, რომ ბავშვი ღმერთისგან ეყოლებოდა. არ იქნებოდა ადამიანი მამა.

ანგელოზმა შემდეგ უთხრა მარიამს, რომ მისი ნათესავი ელისაბედი შობდა შვილს სიბერის ჟამს. ესეც სასწაული იყო. ამის შემდეგ, მალე მარიამი ელისაბედს ესტუმრა და ერთად ადიდეს უფალი.

მარიამი დანიშნული იყო კაცზე, სახელად იოსებზე. იოსები დამწუხრდა, როცა გაიგო, რომ მარიამი ბავშვს ელოდა. მას ეგონა, რომ ვიღაც სხვა კაცი იყო მამა.

სიზმარში, უფლის ანგელოზმა აუწყა იოსებს, რომ მისი შვილი ღმერთის ძე იყო. იოსები მარიამს უნდა დახმარებოდა იესოზე ზრუნვაში.

იოსებმა ირწმუნა ღმერთის და დაემორჩილა მას. ის ასევე ემორჩილებოდა თავისი ქვეყნის კანონებს.

ახალი კანონის გამო, ის და მარიამი თავიანთ მშობლიურ ქალაქში, ბეთლემში გაემგ ზავრნენ, რათა გადასახადები გადაეხადათ.

მარიამი მზად იყო, გაეჩინა ბავშვი. მაგრამ იოსებმა ვერსად იპოვა ოთახი. ყველა სასტუმრო სავსე იყო.

იოსებმა საბოლოოდ იპოვა ბოსელი. იქ იშვა ჩვილი იესო. დედამისმა იგი ბაგაში ჩააწვინა, იმ ადგილას, სადაც, როგორც წესი ცხოველების საჭმელს ყრიან.

იქვე, ახლოს, მწყემსები თავიანთ მძინარე ფარას დარაჯობდნენ. უფლის ანგელოზი ეჩვენა მათ და უთხრა ეს საოცარი ახალი ამბავი.

„დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. იპოვით ყრმას მწოლარეს ბაგაში”.

უეცრად, კიდევ უფრო მეტი ბრწყინვალე ანგელოზი გამოჩნდა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ:

„დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის”.

მწყემსებმა ბოსელს მიაშურეს. ყრმის დანახვის შემდეგ, მათ ყველას გააგებინეს, რომ ნახეს, რაც იესოს შესახებ ეუწყათ.

40 დღის შემდეგ, იოსებმა და მარიამმა იესო იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. იქ კაცმა, სახელად სიმონმა, ადიდა ღმერთი ყრმის გამო, მაშინ როდესაც მოხუცმა ანამ, უფლის კიდევ ერთმა მსახურმა მადლობა შესწირა.

ორივემ იცოდა, რომ იესო ღმერთის ძე, აღთქმული მაცხოვარი იყო. იოსებმა მსხვერპლად ორი ჩიტი შესწირა. ეს იყო ღარიბებისთვის დაწესებული შესაწირავი, რომელიც უნდა მოეტანათ ახალშობილის წარდგენისას უფლისთვის ღმერთის რჯულის თანახმად.

გარკვეული ხნის შემდეგ, განსაკუთრებული ვარსკვლავი წარუძღვა აღმოსავლეთის ქვეყნიდან იერუსალიმში ბრძენ კაცებს. „სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე?” - იკითხეს მათ. „გვინდა, თაყვანი ვცეთ მას”.

მეფე ჰეროდემ გაიგო ბრძენკაცთა შესახებ. შეძრწუნებულმა სთხოვა მათ, ეთქვათ, როდის იპოვეს იესო. „მეც მინდა თაყვანი ვცე მას”, თქვა ჰეროდემ. მაგრამ ის იტყუებოდა. ჰეროდეს იესოს მოკვლა სურდა.

ვარსკვლავი მიუძღოდა ბრძენ კაცებს ზუსტად იმ სახლამდე, სადაც მარიამი და იოსები ცხოვრობდნენ ყრმასთან ერთად. მგზავრები დაემხნენ და თაყვანი სცეს მას, მიართვეს იესოს მდიდრული ძღვენი: ოქრო და გუნდრუკი.

ღმერთს სურდა, რომ ბრძენი კაცები შინ ფარულად დაბრუნებულიყვნენ. ჰეროდე განრისხდა. იესოს განადგურების მიზნით, უკეთურმა მმართველმა ყოველი ყრმა ამოწყვიტა ბეთლემში.

მაგრამ ჰეროდეს არ შეეძლო რაიმე დაეშავებინა ღმერთის ძისათვის! სიზმარში გაფრთხილებულმა იოსებმა მარიამი და იესო უსაფრთხო ადგილას წაიყვანა ეგვიპტეში.

როდესაც ჰეროდე მოკვდა, იოსებმა უკან დააბრუნა მარიამი და იესო ეგვიპტიდან. ისინი ნაზარეთის პატარა ქალაქში ცხოვრობდნენ, გალილეის ზღვის მახლობლად.

დასასრული

Day 3Day 5

About this Plan

საბავშვო ბიბლია

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? საიდან წამოვედით? რატომ არის მსოფლიოში ამდენი უბედურება? არსებობს რაიმე იმედი? არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? მოიძიეთ პასუხები, როდესაც წაიკითხავთ მსოფლიოს ამ ნამდვილ ისტორიას.

More