YouVersion Logo
Search Icon

საბავშვო ბიბლიაSample

საბავშვო ბიბლია

DAY 1 OF 7

ვინ შეგვქმნა? ბიბლია, ღმერთის სიტყვა, გვეუბნება, თუ როგორ დაიწყო ადამიანთა მოდგმა. დიდი ხსნის წინათ, ღმერთმა შექმნა პირველი ადამიანი და უწოდა სახელად ადამი. ღმერთმა ადამი მიწის მტვერისგან შექმნა.

როდესაც ღმერთმა ადამს სიცოცხლე შთაბერა, ის გაცოცხლდა. მან დაინახა, რომ მშვენიერ ბაღში, სახელად ედემში, იყო.

ადამის შექმნამდე ღმერთმა მშვენიერი სამყარო შექმნა, რომელიც საოცარი ქმნილებებით აავსო.

ნაბიჯ-ნაბიჯ ღმერთმა შექმნა მთაგორიანი ადგილები და დაბლობები, სურნელოვანი ყვავილები და მაღალი ხეები, ლამაზ-ფრთიანი ფრინველები და მობზუილე ფუტკრები, წყალში მოთამაშე ვეშაპები და სრიალა ლოკოკინები. ფაქტობრივად, ღმერთმა შექმნა ყველაფერი, რაც არსებობს - ყველაფერი.

თავდაპირველად, სანამ ღმერთი რაიმეს შექმნიდა, ღმერთის გარდა არაფერი არსებობდა. არც ადამიანები, არც ადგილები ან საგნები. არაფერი. არც სინათლე და არც სიბნელე. არც მაღლა და არც დაბლა. არც გუშინ და არც ხვალ. იყო მხოლოდ ღმერთი, რომელსაც არ ჰქონია დასაწყისი. შემდეგ ღმერთმა იმოქმედა!

თავდაპირველად, ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.

ხოლო მიწა იყო უსახო და უდაბური. ბნელი იდო უფსკრულზე. მაშინ თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!”

და იქმნა ნათელი. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.

მეორე დღეს ღმერთმა შეაგროვა ოკეანეების, ზღვებისა და ტბების წყალი ცისქვეშეთში. მესამე დღეს ღმერთმა თქვა: „გამოჩნდეს ხმელეთი”. და იქმნა ასე.

ღმერთმა ასევე აღმოაცენა ბალახი და ყვავილები, ბუჩქები და ხეები. და იქმნა ასე. იყო საღამო, იყო დილა - მესამე დღე.

მაშინ ღმერთმა შექმნა მზე და მთვარე და იმდენი ვარსკვლავები, რომ არავის შეუძლია მათი დათვლა. იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე.

ღმერთის სიაში მომდევნო წყლის სულდგმულები, თევზები და ფრინველები იყო. მეხუთე დღეს მან შექმნა დიდი ხმალთევზა და პატარა სარდინები, გრძელფეხება სირაქლემები და მხიარული პატარა კოლიბრები. ღმერთმა შექმნა ყველა სახის თევზი, რომ აევსოთ ქვეყნის წყლები და ყველა სახის ფრინველი, რომ დამტკბარიყვნენ მიწით, ზღვითა და ცით.

ამის შემდეგ თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ სულდგმული...” წარმოიშვა ყველა სახის ცხოველი, მწერი და ქვემძრომი. იყვნენ სპილოები, რომლებიც მიწას აზანზარებდნენ და საქმიანი თახვები. ცელქი მაიმუნები და ტლანქი ნიანგები. დაგრეხილი ჭიები და ტუტუცი ბურუნდუკები. ზოზინა ჟირაფები და კრუსუნა ფისოები. ყველა სახის ცხოველი შექმნა ღმერთმა იმ დღეს.

იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.

ღმერთმა რაღაც სხვა გააკეთა მეექვსე დღეს - რაღაც ძალიან განსაკუთრებული. ყველაფერი მზად იყო ადამიანისთვის. მინდვრებში საკვები იყო და ცხოველები - მის სამსახურში. და თქვა ღმერთმა: „გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად. ეპატრონოს ყველაფერს, რაც ქვეყანაზეა”. მაშასადამე, ღმერთმა კაცი თავის ხატად შექმნა; თავის ხატად შექმნა იგი..

ესაუბრა ღმერთი ადამს. „ჭამე, რაც გინდა ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო. თუ იმ ხის ნაყოფს შეჭამ, ნამდვილად მოკვდები”.

და თქვა უფალმა ღმერთმა: „არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს”. მიჰგვარა ღმერთმა ყველა ფრინველი და ცხოველი ადამს. ადამმა ყველა მათგანს სახელი დაარქვა. ეს რომ გააკეთა, როგორც ჩანს ის ძალიან ჭკვიანი იყო. მაგრამ ყველა ცხოველსა და ფრინველს შორის არ აღმოჩნდა ადამის შესაფერი პარტნიორი.

ღმერთმა ღრმა, ღრმა ძილქუში მოჰგვარა ადამს. ღმერთმა მძინარე კაცს გამოუღო ნეკნი და დედაკაცი შექმნა ადამის ნეკნისგან. დედაკაცი, რომელიც ღმერთმა შექმნა სრულიად შესაფერისი პარტნიორი იყო ადამისთვის.

ღმერთმა ყველაფერი ექვს დღეში შექმნა. მაშინ აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და იგი დასვენების დღედ აქცია. ედემის ბაღში, ადამს და ევას, მის ცოლს, ღვთის მორჩილებით, სრულყოფილი ბედნიერება ჰქონდათ. ღმერთი იყო მათი უფალი, მათი შემწე და მათი მეგობარი.

დასასრული

Day 2

About this Plan

საბავშვო ბიბლია

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? საიდან წამოვედით? რატომ არის მსოფლიოში ამდენი უბედურება? არსებობს რაიმე იმედი? არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? მოიძიეთ პასუხები, როდესაც წაიკითხავთ მსოფლიოს ამ ნამდვილ ისტორიას.

More