საბავშვო ბიბლიაSample
ნოე იყო კაცი, რომელიც ღმერთს თაყვანს სცემდა. ყველა დანარჩენს სძულდა ღმერთი და არ ემორჩილებოდნენ მას.
ერთ დღესაც, თქვა ღმერთმა რაღაც თავზარდამცემი. „მე გავანადგურებ ამ უკეთურ ქვეყანას”, უთხრა ღმერთმა ნოეს. „მხოლოდ შენი ოჯახი გადარჩება”.
ღმერთმა გააფრთხილა ნოე, რომ მოვიდოდა დიდი წყალდიდობა და დაფარავდა მთელ ქვეყანას.
„ააშენე ხის კიდობანი, იმდენად დიდი ნავი, რომ დაიტიოს შენი ოჯახი და მრავალი ცხოველი”, მიეცა ბრძანება ნოეს. ღმერთმა ზუსტი მითითებები მისცა ნოეს. ნოე საქმეს შეუდგა!
ადამიანები ალბათ დასცინოდნენ ნოეს, როდესაც ის უხსნიდა მათ, თუ რატომ აკეთებდა კიდობანს. ნოე შენებას აგრძელებდა. ის ასევე უყვებოდა ხალხს ღმერთის შესახებ. არავინ ისმენდა.
ნოეს დიდი რწმენა ჰქონდა. მას სწამდა ღმერთის მიუხედავად იმისა, რომ იქამდე წვიმის წვეთიც კი არ ჩამოვარდნილიყო. მალე კიდობანი მზად იყო, მარაგით სავსე.
ახლა მოვიდნენ ცხოველები. ღმერთმა მოიყვანა შვიდი ცხოველი ზოგიერთი სახეობიდან, სხვებიდან კი ორი.
კიდობანში შევიდა დიდი და პატარა ჩიტები, დაბალი და მაღალი ცხოველები.
ალბათ ხალხი შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეძახდა ნოეს, როდესაც მას ცხოველები შეჰყავდა. მათ არ შეუწყვიტავთ ცოდვების ქმნა ღმერთის წინაშე. მათ არ უთხოვიათ კიდობანში შესვლა.
საბოლოოდ, ყველა ცხოველი და ჩიტი გემზე იყო. „შემოდი კიდობანში”, მოიწვია ღმერთმა ნოე. „შენ და შენი ოჯახი”. ნოე, თავისი ცოლი, სამი ვაჟი და მათი სამი ცოლი შევიდნენ კიდობანში. მაშინ ღმერთმა დახურა კარები!
შემდეგ მოვიდა წვიმა. დიდი კოკისპირული წვიმა ავსებდა ქვეყანას ორმოცი დღე და ორმოცი ღამე.
წყალდიდობის წყლები ეშვებოდა ქალაქებსა და სოფლებზე. როდესაც წვიმა შეწყდა, მთებიც კი წყლის ქვეშ იყო. ყველაფერი, რაც ჰაერს სუნთქავდა, მოკვდა.
როგორც კი წყალი ადიდდა, კიდობანი ზედ ტივტივებდა. შეიძლება შიგნით სიბნელე ყოფილიყო, ხშირი ბიძგები და შეიძლება საშიშიც. მაგრამ კიდობანი იცავდა ნოეს წარღვნისგან.
წარღვნიდან ხუთი თვის შემდეგ, ღმერთმა გამოგზავნა გამაშრობელი ქარი. ნელ-ნელა, კიდობანი მაღლა არარატის მთებს მიადგა. ნოე შიგნით რჩებოდა კიდევ ორმოცი დღე, როცა წყალი იკლებდა.
ნოემ გამოუშვა ყორანი და მტრედი კიდობნის ღია ფანჯრიდან. როცა ვერ იპოვა მშრალი სუფთა ადგილი მოსასვენებლად, მტრედი დაუბრუნდა ნოეს.
ერთი კვირის შემდეგ ისევ სცადა ნოემ. მტრედი უკან დაბრუნდა, ნისკარტით კი ზეთისხილის რტო ეჭირა. მომდევნო კვირას ნოემ იცოდა, რომ მიწა მშრალი იყო, რადგან მტრედი არ დაბრუნებულა.
ღმერთმა უთხრა ნოეს, რომ დრო იყო, დაეტოვებინა კიდობანი. ნოემ და მისმა ოჯახმა ერთად გამოიყვანეს ცხოველები.
რა მადლიერების გრძნობით სავსე უნდა ყოფილიყო მაშინ ნოე! მან ააშენა სამსხვერპლო და თაყვანს სცემდა ღმერთს, რომელმაც იხსნა იგი და მისი ოჯახი საშინელი წარღვნისგან.
ღმერთმა ნოეს საოცარი პირობა დაუდო. ამიერიდან არასოდეს მოავლენდა ის წარღვნას ადამიანთა ცოდვის განსასჯელად.
თავისი შეპირების ნიშნად ღმერთმა ადამიანებს მისცა ის, რაც მათ ამ პირობას გაახსენებდა. ცისარტყელა იყო ღმერთის პირობის ნიშანი.
ნოემ და მისმა ოჯახმა ახალ შთამომავლობას დაუდეს საფუძველი წარღვნის შემდეგ. მალევე, მისმა შთამომავლებმა ხელახლა აავსეს მთელი ქვეყანა ადამიანებით. მსოფლიოს ყველა ერი ნოესა და მისი შვილებისგან მოდის.
დასასრული
About this Plan
როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? საიდან წამოვედით? რატომ არის მსოფლიოში ამდენი უბედურება? არსებობს რაიმე იმედი? არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? მოიძიეთ პასუხები, როდესაც წაიკითხავთ მსოფლიოს ამ ნამდვილ ისტორიას.
More