YouVersion Logo
Search Icon

ეს. 43

43
რჩეული ხალხის გამოსყიდვა და ხელახლა შობა
1მაგრამ ახლა, ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: „ნუ გეშინიათ, რადგან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ.
2როდესაც გაივლით წყლებში, მე თქვენთანა ვარ, და – მდინარეებში, არ წაგლეკავენ. როდესაც ცეცხლში გაივლით, არ დაიწვებით და ალი არ დაგწვავთ.
3რადგან მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი, ისრაელის წმიდა, თქვენი მხსნელი; თქვენს გამოსასყიდად ეგვიპტე გავეცი, ქუში და შებაყი თქვენს სანაცვლოდ.
4რადგანაც ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, ღირსეული იყავი და მე შეგიყვარე შენ. მე გავცემ სხვა ადამიანებს შენს სანაცვლოდ და სხვა ხალხებს – შენი სიცოცხლის სანაცვლოდ.
5ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს თესლს და დასავლეთიდან შეგკრებ შენ.
6ვეტყვი ჩრდილოეთს: ‘მიეცი!’ და სამხრეთს: ‘ნუ დააკავებ!’ მოიყვანე ჩემი ძენი შორიდან და ჩემი ასულნი – ქვეყნის კიდიდან,
7ყოველი, ჩემი სახელით წოდებული, ვინც ჩემი დიდებისათვის გავაჩინე; ვინც გამოვსახე და შევქმენი!“
8გამოიყვანე ხალხი ბრმა, თუმცა თვალები აქვთ, და ყრუ, თუმცა ყურები აქვთ.
9ყველა ხალხები შეიკრიბოს ერთად და შეგროვდნენ ტომები; მათგან ვინ გამოაცხადა ეს, და პირვანდელნი ვინ მოგვასმენინა? წარმოადგინონ თავიანთი მოწმენი, რომ გამართლდნენ, ისმინონ და თქვან: „ჭეშმარიტია!“
10„თქვენ ჩემი მოწმენი ხართ!“ – ამბობს უფალი, – „და ჩემი მორჩილი, რომელიც მე ამოვარჩიე, რათა იცოდეთ და მერწმუნოთ მე და გაიგოთ, რომ ეს მე ვარ: ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება.
11მე ვარ უფალი და არ არის ჩემს გარდა მხსნელი.
12მე გამოვაცხადე და ვიხსენი, და ვაუწყე, და არ არის თქვენში უცხო. თქვენა ხართ ჩემი მოწმენი,“ – სიტყვა უფლისა, – „და მე ვარ ღმერთი.“
13„და პირველი დღიდან მე იგივე ვარ და არავინ არის ჩემი ხელიდან გადამრჩენელი; მე ვმოქმედებ და ვინ შეაბრუნებს ამას?“
14ასე ამბობს უფალი, თქვენი გამომხსნელი, ისრაელის წმიდა: „თქვენი გულისათვის გავგზავნი მე ბაბილონში და დავამხობ ურდოებს ერთიანად, და ქალდეველებს თავიანთ გემებზე მოზეიმეთ.
15მე, ვარ უფალი, თქვენი წმიდა, ისრაელის გამჩენი, თქვენი მეფე.“
16ასე ამბობს უფალი, მომცემი ზღვაში გზისა და ძლიერ წყალში – ბილიკისა,
17გამომყვანი ეტლისა და ცხენისა, ლაშქრისა და ძალისა; ერთად დაწვნენ ისინი, ვერ ადგნენ, დაიშრიტნენ, პატრუქივით ჩაქრნენ.
18„ნუ გაიხსენებთ პირვანდელს და წარსულზე ნუ იფიქრებთ.
19აჰა, მე შევქმნი ახალს, ახლა აღმოცენდება იგი, განა ვერ შეიტყობთ ამას? უდაბნოშიც გავიყვან გზას, ტრამალზე – მდინარეებს.
20განმადიდებენ მე ველის ცხოველნი, ტურები და სირაქლემები, რადგან მივეცი უდაბნოში წყალი, ტრამალზე – მდინარეები, რათა წყალი ასვან ჩემს ერს, ჩემს რჩეულს.
21ერი, რომელიც ჩემთვის გამოვსახე. გამოაცხადებს ჩემს დიდებას,
22მაგრამ მე არ მოგიხმივარ, იაკობ, რადგან დაიქანცე ჩემით, ისრაელ!
23არ მოგიყვანია ჩემთვის ბატკანი შენი სრულადდასაწველისა და შენი მსხვერპლთშეწირვით არ მომაგებდი მე პატივს. ძღვნით არ გამსახურებდი და არც გუნდრუკით გქანცავდი.
24არ გიყიდია ჩემთვის სურნელოვანი ლერწამი ვერცხლით, და შენი მსხვერპლების ქონით არ მაძღობდი, მაგრამ მემსახურებოდი შენი ცოდვებით, მქანცავდი შენი ურჯულოებით.
25მე ვარ, მე ვარ ის, რომელიც რეცხავს შენს დანაშაულებებს ჩემი გულისათვის, და შენს ცოდვებს არ გავიხსენებ.
26გამახსენე, ერთად განვსაჯოთ; ილაპარაკე, რათა გამართლდე.
27შენმა პირველმა მამამ შესცოდა და შენი დამცველები გადამიდგნენ.
28მოვაშორებ სიწმიდეს მთავრებს და მივცემ იაკობს დასარისხებლად, და ისრაელს – საგინებლად.“

Currently Selected:

ეს. 43: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in