ეს. 42
42
უფლის შეპირება თავისი მსახურისადმი
1„აი ჩემი მორჩილი, რომელიც მიჭირავს მე, ჩემი რჩეული, რომელიც სურს ჩემს გულს. დავდე მე მასზე ჩემი სული, სამართალს გაუჩენს იგი ხალხებს.
2არ იყვირებს და არ აღიმაღლებს, თავის ხმას ქუჩაში არ ასმენინებს.
3გაჟეჟილ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ჭეშმარიტებით გამოიტანს განაჩენს.
4სასოს არ წარიკვეთს და არც გატყდება, სანამ არ დაამყარებს ქვეყნად სამართალს. მის რჯულს კუნძულები დაელოდებიან.“
5ასე თქვა უფალმა ღმერთმა, რომელმაც შექმნა ცანი და გადაჭიმა ისინი, დააგო დედამიწა მისი აღმონაცენითურთ, მისცა სუნთქვა ხალხს, მასზე მოარულს.
6„მე, უფალმა მოგიწოდე სიმართლეში და ხელს ჩაგჭიდებ და შეგინახავ, გაქცევ შენ ბრმათათვის თვალის ასახილად, აღთქმად, ხალხების სინათლედ,
7რათა აახილო ბრმა თვალები, პატიმართა გამოსაყვანად სატუსაღოდან, საპატიმროდან – ბნელეთში მსხდომთა.“
ისრაელმა, რჩეულმა ხალხმა შესცოდა.
8„მე უფალი ვარ, ეს არის ჩემი სახელი. არ მივცემ ჩემს დიდებას სხვას და ჩემს ქებას – კერპებს.
9პირვანდელნი, აჰა, ახდა, ახალთ მე გაგიცხადებთ, სანამ აღმოცენდება, გაუწყებთ.“
10უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, ქება შეასხით მას ქვეყნის კიდიდან, ზღვაში ჩასულებმა და მისმა სისავსემ, კუნძულებმა და მათმა მცხოვრებლებმა.
11აღავლინონ ხმა უდაბნომ და მისმა ქალაქებმა, სოფლებმა, სადაც კედარი მკვიდრობს, იგალობონ კლდის მცხოვრებთა, და მთის მწვერვალიდან იკიჟინონ.
12დიდება მიაგებონ უფალს და მისი ქება კუნძულებზე აუწყონ.
13უფალი ბუმბერაზივით გამოვა, ბრძოლის კაცივით აღძრავს შურს, შემოსძახებს და დასცემს საბრძოლო ყიჟინას, თავის მტრებს დასძლევს.
14„დიდხანს ვდუმდი, ჩუმად ვიყავ, ვითმენდი; ახლა მშობიარესავით ვიკივლებ, ამოვისუნთქავ და ჩავისუნთქავ ერთბაშად.
15გავატიალებ მთებსა და ბორცვებს და მთელ ბალახს გავახმობ, მდინარეებს კუნძულებად ვაქცევ, ტბებს კი ამოვაშრობ.
16ვატარებ ბრმებს გზით, რომელიც არ იცოდნენ, მათთვის უცნობი ბილიკებით წავიყვან, მათ წინაშე სიბნელეს სინათლედ ვაქცევ და ოღრო-ჩოღროებს – ვაკეებად. ეს არის საქმენი, რომელთაც გავაკეთებ და არ მივატოვებ.“
17უკან დაიხევენ, სირცხვილით შერცხვებიან ქანდაკებაზე დაიმედებულნი, რომელნიც ეუბნებიან ჩამოსხმულ კერპს: „თქვენა ხართ ჩვენი ღმერთები.“
18ყრუებო, ისმინეთ! და ბრმებო, შეხედეთ, რომ დაინახოთ.
19ვინ არის ბრმა, თუ არა ჩემი მორჩილი, და ყრუ – ჩემს მაცნესავით, რომელსაც მე ვგზავნი? ვინ არის ბრმა სრულყოფილივით, და ბრმა უფლის მორჩილივით?
20შენ ბევრი გინახავს, მაგრამ არ შეგინახავს, ღია გაქვს ყურნი, მაგრამ ვერ ისმენ.
21უფალმა ინება თავისი სიმართლისათვის განედიდებინა და დიდებულეყო რჯული;
22მაგრამ ეს გაძარცული და გაქურდული ხალხია, ყველანი ქვაბულებში არიან შეკრულნი და ხაროებში დამალულნი; გაძარცვულნი იყვნენ და არ იყო მშველელი, გაქურდული იყვნენ და არავინ იყო მთქმელი: ‘დაუბრუნეთ!’
23თქვენგან ვინ დაუგდებს ყურს ამას, ვინ შეისმენს და გაიგონებს მომავალზე?
24ვინ მისცა იაკობი გასაქურდად, განა უფალმა არა, რომელსაც შევცოდეთ? და არ ისურვეს მისი გზით სიარული, და მისი მოძღვრება არ ისმინეს?
25და გადმოღვარა მასზე და ომის სასტიკება, და ცეცხლი შემოუნთო ირგვლივ. მაგრამ ვერ მიხვდა და სწვავდა მას, გულისხმაში ვერ ჩავარდნილიყო.
Currently Selected:
ეს. 42: GEO02
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002