YouVersion Logo
Search Icon

ეს. 44

44
აღთქმა წმიდა სულზე
1და ახლა ისმინე, იაკობ ჩემო მსახურო, და ისრაელ, რომელიც ავირჩიე.
2ასე თქვა უფალმა, შენმა შემქმნელმა, დედის მუცელში შენმა გამომსახველმა და შენმა შემწემ: ‘ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ; და შენ, იეშურუნ, რომელიც ავირჩიე.
3რადგან მე გადმოვღვრი წყალს გვალვიანზე და ნაკადულებს – ხმელ მიწაზე; გადმოვღვრი ჩემს სულს შენს თესლზე, და ჩემს კურთხევას – შენს შვილთაშვილებზე.
4და აღმოცენდებიან ისინი ბალახებს შორის, როგორც ტირიფნი წყლის სადინარებთან.’
5ეს იტყვის: ‘უფლისა ვარ მე!’ ის იაკობის სახელით იწოდება. დაწერს თავის ხელით: ‘უფლისა’ და ისრაელის სახელი დაერქმევა.
6ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეფე და მისი გამომხსნელი, უფალი ცაბაოთი: ‘მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.’
7‘ვინ არის ჩემსავით? წარმოთქვას და მიამბოს დაწყობილად, თუ რა მოხდა იმ დღიდან, რაც დავადგინე მე საუკუნო ხალხი; და მოწევნადი და, რაც მოვა, გამოუცხადონ მათ.’
8‘ნუ გეშინიათ და ნუ ფრთხებით, მე ხომ ძველთაგან გაუწყე შენ და გამოგიცხადე? და თქვენ მოწმენი ხართ ჩემი, განა არის ღმერთი ჩემს გარდა? და არ არის სხვა კლდე. მე არ ვიცი.’“
კერპთაყვანისმცემლობის ბოროტება
9კერპთა გამომსახველნი ყველანი ფუჭნი არიან და მათი ძვირფასეულობანი – უსარგებლონი, რის მოწმენიც თავად არიან. ისინი ვერ ხედავენ და ვერ ხვდებიან, ამიტომაც შერცხვნენ.
10ვინ გამოსახა ღმერთი და ჩამოასხა კერპი, სარგებლობა რომ არა აქვს?
11აჰა, ყველა მათი მეგობარი შერცხვება, ოსტატნი კი, ადამიანთაგან რომ არიან, შეიკრიბონ ყველანი და დადგნენ – შეშინდებიან, შერცხვებიან ერთად.
12მჭედელი ცულს აკეთებს და ნახშირზე მუშაობს, და ჩაქუჩით გამოსახავს და ამუშავებს მას თავისი მკლავის ძალით; შია კიდეც და არც ძალა აქვს, წყალს არა სვამს და იღლება.
13დურგალი ლარს ჭიმავს, მონიშნავს ხეს საჭრეთლით, ამუშავებს მას ხელეჩოთი და ფარგლით შემოხაზავს მას, და უკეთებს კაცის სახებას, მსგავსს ლამაზი ადამიანისა, რათა დასვას სახლში.
14მოჭრის თავისთვის კედრებს, და იღებს ცაცხვს და მუხას, და იმარაგებს თავისთვის ტყის ხეებს, რგავს ფიჭვს და წვიმა ზრდის მას.
15და აქვს ეს ადამიანს დასაწვავად. და ის იღებს მათგან და თბება, და ათბობს ღუმელს და აცხობს პურს, ღმერთსაც აკეთებს და თაყვანს სცემს, აკეთებს მას ქანდაკებად და ქედს უხრის მას.
16მის ნახევარს წვავს ცეცხლში, მეორე ნახევრით ხარშავს ხორცს შესაჭმელად, ხრაკავს შესაწვავს და ძღება, და თბება და ამბობს: „ოჰ, გავთბი, ვიგრძენი ცეცხლი!“
17ხის ნარჩენი ღმერთად ქმნა, თავის კერპად, ქედს უხრის მას და თაყვანს სცემს, და ევედრება მას და ამბობს: „გადამარჩინე, რადგან ჩემი ღმერთი ხარ შენ!“
18ცნობა არა აქვთ და არც გაგება აქვთ, რადგან ტალახით აქვთ აგლესილი თვალები, რათა ვერ იხილონ, ვერაფერს მიხვდნენ მათი გულები.
19არ განსჯის თავის გულში და არა აქვს მას გაგება და გონება, რომ თქვას: „მისი ნახევარი ცეცხლში დავწვი მის ნაკვერცხალზე პური გამოვაცხვე, ხორცი შევწვი და ვჭამე, მისი მონარჩენი კი სისაძაგლედ ვაქციე. ჯირკს ვეთაყვანები?“
20ფერფლით იკვებება ის, მოტყუებულმა გულმა აცთუნა და ვერ გადაირჩენს სულს და ვერ იტყვის: „სიცრუე ხომ არ არის ჩემს მარჯვენაში?“
ღმერთი აპატიებს და იხსნის
21„გახსოვდეს ესენი, იაკობ, და ისრაელ, რადგან მსახური ხარ ჩემი, მე გამოგსახე, შენ ჩემი მსახური ხარ, არ დაივიწყები ჩემგან, ისრაელ!
22წარვხოცე მე, როგორც ნისლი, შენი დანაშაულებანი და როგორც ჯანღი – შენი ცოდვანი; მობრუნდი ჩემსკენ, რადგან მე გამოგისყიდე შენ.
23იზეიმეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა, შემოსძახეთ, მიწის ქვეშეთნო, დასჭექეთ მხიარულად, მთებო, ტყევ და მასში ყველა ხემ, რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი და ისრაელში განდიდდება.
24ასე თქვა უფალმა, შენმა გამომხსნელმა „მე ვარ უფალი, ყოვლის შემქმნელი, ცის გადამჭიმელი, დედამიწის ჩემით დამგები,
25რომელიც არღვევს ცრუთა ნიშნებს და ააშკარავებს ჯადოსანთა შეშლილობას, უკან ახევინებს ბრძენთ და მათ ცოდნას სისულელედ აქცევს,
26განამტკიცებს სიტყვას თავისი მსახურისას და თავის მოციქულთა რჩევას სრულყოფს, ვინც ამბობს იერუსალიმზე: ‘დასახლდება’ და იუდას ქალაქებზე: ‘აშენდება, და მის ნანგრევებს აღვადგენ!’
27ის ეუბნება უფსკრულს: ‘ამოხმი! და შენს მდინარეებს ამოვაშრობ!’
28ვინც ამბობს კიროსზე: ‘მწყემსი ჩემია,’ და ჩემს ყველა სურვილს ის აღასრულებს! და რათა ითქვას იერუსალიმზე: ‘აშენდება!’ და ტაძარზე: ‘დაფუძნდება!“

Currently Selected:

ეს. 44: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in