ეს. 45
45
წინასწარმეტყველების გაგრძელება
1„ასე ეუბნება უფალი თავის ცხებულს, კიროსს: რომლის მარჯვენაც მე მიჭირავს, რომ დამორჩილდნენ ხალხები შენს წინაშე; და მე სარტყელს შევხსნი მეფეებს წელზე, რათა გავაღო შენს წინაშე კარები და ჭიშკრები აღარ დაიკეტოს.
2მე შენს წინ წავალ და ოღრო-ჩოღროებს გავასწორებ, სპილენძის კარებს შევლეწავ და რკინის ურდულებს დავამტვრევ.
3და მოგცემ შენ სიბნელის საუნჯეთ და დაფარულ საგანძურებს, რათა იცოდე, რომ მე ვარ უფალი, შენთვის სახელის მწოდებელი, ისრაელის ღმერთი.
4ჩემი მსახურის, იაკობის და ისრაელის, ჩემი რჩეულის გულისათვის მოგიხმე შენ შენი სახელით, პატივი დაგდე, თუმცა არ მიცნობდი.
უფალი შეახსენებს ისრაელს,
რომ ხსნა მხოლოდ მასშია
5მე ვარ უფალი და სხვა არავინ, ჩემს გარდა არ არის სხვა ღმერთი; მე შემოგარტყამ შენ სარტყელს, თუმცა არ მიცნობდი მე,
6რათა იცოდნენ მზის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, რომ არავინ არის ჩემს გარდა; მე ვარ უფალი და სხვა არავინ.
7მე, სინათლის გამომსახველი და სიბნელის შემქმნელი, მშვიდობის მყოფელი და უბედურების გამჩენი, მე, უფალი, ვიქმ ყოველივე ამას.
8ჩამოაპკურეთ, ცანო, მაღლიდან და ღრუბლებმა სიმართლე ჩამოასხურონ, გაიღოს დედამიწა და გამოიღოს ხსნის ნაყოფი, სამართლიანობა ერთბაშად აღმოცენდება. მე, უფალმა, შევქმენი ეს.
9ვაი, თავის გამომსახველთან მოშუღლარს, ნატეხს მიწის ნატეხთაგან. განა ეტყვის თიხა თავის გამომსახველს: ‘რას აკეთებ შენ?’ ან შენი ნაკეთები იტყვის: ‘არა აქვსო მას ხელები?’
10ვაი მთქმელს თავის მამისადმი: ‘რას შობ შენ?’ და ქალისადმი: ‘რისთვის ეწამები მშობიარობით?’“
11ასე თქვა უფალმა, ისრაელის წმიდამ და მისმა გამომსახველმა: „მომავალზე მეკითხებით? ჩემს ძეებზე და ჩემი ხელის ნაკეთებზე მიბრძანებთ მე?
12მე შევქმენი დედამიწა და გავაჩინე ადამიანი მასზე; მე, ჩემმა ხელებმა, გადაფინეს ზეცანი და მთელ მათ მხედრობას მივეცი წესი.
13მე გამოვაღვიძე სამართლიანობაში და მის ყველა გზას მე მოვასწორებ. ის ააშენებს ჩემს ქალაქს და ჩემს დევნილებს ის გაუშვებს, მაგრამ არც ფასით და არც ქრთამით!“ – თქვა უფალმა ცაბაოთმა.
14ასე თქვა უფალმა: „ეგვიპტის ჭირნახული, ქუშის ვაჭრობა და შებელნი, ტანადი ხალხი, შენთან გადმოვლენ და შენი იქნებიან, შენს უკან ივლიან, ბორკილებით გაივლიან და შენ გცემენ თაყვანს, შენ შეგევედრებიან: ‘მხოლოდ შენშია ღმერთი და სხვა ღმერთი არ არის.’“
15შენა ხარ დაფარული ღმერთი, ისრაელის ღმერთი, მხსნელი.
16შერცხვენილნი და გაწბილებულნიც არიან ყველანი. ერთად ჩაცვივიან სირცხვილში კერპთა მკეთებელნი.
17ისრაელი უფლის მიერ არის ხსნილი საუკუნო ხსნით, არ შერცხვებით და არც გაწბილდებით უკუნითი უკუნისამდე.“
18რადგან ასე თქვა უფალმა, ზეცის გამჩენმა, ის არის ღმერთი, დედამიწის გამომსახველი და მისი შემქმნელი: მან დაამყარა იგი, სიცარიელედ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა: „მე ვარ უფალი და სხვა არ არის.
19ფარულად არ მილაპარაკია დედამიწის ბნელ ადგილზე, არ მითქვამს მე იაკობის თესლისთვის: ‘სიცარიელეში მეძებეთ მე!’ მე ვარ უფალი, სიმართლის მთქმელი, სისწორის გამომცხადებელი.
20შეიკრიბეთ და მოდით, ერთად შეგროვდით, ხალხებიდან გადარჩენილნო! არაფერი იციან მათ, თავიანთ ხის კერპს რომ ატარებენ და ევედრებიან ღმერთს, რომელიც ვერ იხსნის.
21გამოაცხადეთ და წარმოადგინეთ, ერთად ითათბირეთ. ვინ ასმინა ეს ძველთაგან, წინდაწინ ვინ გამოაცხადა ეს? განა მე არა, უფალმა? და არ არის სხვა ღმერთი ჩემს გარდა, მართალი და მხსნელი ღმერთი არაა ჩემს მეტი.
22მოიქეცით ჩემკენ და ხსნილნი იქნებით, რადგან მე ვარ ღმერთი და არ არის სხვა.
23ჩემი თავი დავიფიცე მე! ჩემი პირიდან სიმართლე გამოვიდა, შეუცვლელი სიტყვა, რომ ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და დამიფიცებს ყოველი ენა.
24იტყვიან ჩემზე: ‘მხოლოდ უფალშია სიმართლე და ძალა.’ მასთან მოვლენ და შერცხვებიან ყველანი, მასზე გაგულისებულნი.
25უფალში გამართლდება და განდიდდება ისრაელის მთელი მოდგმა.“
Currently Selected:
ეს. 45: GEO02
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002