YouVersion Logo
Search Icon

1 Chronicles 22

22
1და თქვა დავითმა: „აჰა, უფალი ღმერთის სახლი და აჰა, სამსხვერპლო ისრაელის სრულადდასაწველისთვის.“ 2და ბრძანება გასცა დავითმა, რომ თავი მოეყარათ ხიზნებისათვის, რომლებიც ისრაელის ქვეყნად იყვნენ, და განაწესა ისინი ქვისმთლელებად, რომ ღვთის სახლის ასაშენებლად ქვა დაეთალათ. 3დიდძალი რკინა გაიღო დავითმა კარიბჭის ლურსმნებისა და კაუჭების დასამზადებლად, დახარჯულ ბრინჯაოს ხომ წონა არა ჰქონდა. 4არც კედარის მორებსა ჰქონდა თვლა, რადგან ციდონელები და ცორელები უზიდავდნენ დავითს. 5და თქვა დავითმა: „ჩემი ძე სოლომონი ყმაწვილია და სუსტი, უფლისთვის ასაშენებელი სახლი კი ყველაზე დიდებული, სახელგანთქმული და მშვენიერი უნდა იყოს მთელ ქვეყანაზე. ამიტომ ყველაფერს მოვამზადებ მისთვის.“ და ბევრი მარაგი გაამზადა დავითმა სიცოცხლეში. 6და დაუძახა სოლომონს, თავის ძეს, და უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის სახლის აგება უანდერძა. 7და უთხრა დავითმა თავის ძეს, სოლომონს: „შვილო, გულით მეწადა უფალი ღმერთის სახელისათვის სახლი ამეგო.#2მფ 7:1-16; 1ნშ 17:1-14. 8მაგრამ უფლის სიტყვა იყო ჩემდამი ნათქვამი: ‘ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი და დიდი ომები გადაგიხდია, ამიტომ შენ არ ააშენებ ჩემს სახელზე სახლს, რადგან ბევრი სისხლი დაღვარე ქვეყნად ჩემს წინაშე. 9აჰა, ძე შეგეძინება და მშვიდი კაცი იქნება. ყველა მტრისაგან მოვასვენებ მას, ამიტომაც სოლომონი იქნება მისი სახელი და მის დღეებში მშვიდობას მივცემ ისრაელს. 10ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე, ის იქნება ჩემთვის ძე და მე ვიქნები მისთვის მამა, და განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს ისრაელში უკუნისამდე.’ 11ახლა კი, შვილო ჩემო, უფალი იყოს შენთან, რათა ხელი მოგემართოს და უფლის, შენი ღმერთის სახლი ააშენო, როგორც თქვა უფალმა შენზე. 12უფალმა მოგცეს აზრი და გონიერება, და დაგაყენოს ისრაელზე, რათა დაიცვა შენი უფალი ღმერთის რჯული. 13მაშინ იქნები წარმატებული, თუ იმ წესებსა და კანონებს დაიცავ, რომელნიც მოსეს უბრძანა უფალმა ისრაელისათვის. მტკიცედ დეგ და გამაგრდი, ნუ შეშინდები და გული არ გაიტეხო.#ისნ 1:6-9. 14აჰა, ჩემი რუდუნებით უფლის ტაძრისათვის გავამზადე 100 ათასი ტალანტი ოქრო, მილიონი ტალანტი ვერცხლი, ბრინჯაოსა და რკინას წონა არა აქვს, რადგან უამრავია. ხე-ტყე და ქვაც გავამზადე, მაგრამ შენც შეგიძლია მიუმატო. 15ბევრი ხელოსანი მყავს: ტყისმჭრელები, ქვისმთლელები, ხუროები და ყველანაირი ხელობის ოსტატები. 16ოქროს, ვერცხლს, ბრინჯაოს თვლა არა აქვს. ახლა ადექი და საქმეს შეუდექი და უფალი შენთან იქნება.“
17და ბრძანა დავითმა, რომ ისრაელის ყველა მთავარი მიხმარებოდა მის ძეს, სოლომონს: 18„განა თქვენთან არ არის უფალი, ჩვენი ღმერთი? განა მან არ მოგცათ ირგვლივ მშვიდობა? მან ჩემს ხელში ჩაყარა ამ ქვეყნის მკვიდრნი, და დამორჩილდა ეს ქვეყანა უფლისა და მისი ერის წინაშე. 19ახლა კი გაუხსენით თქვენი გული და სული უფალს, თქვენს ღმერთს. ადექით და დაიწყეთ უფლის, ღვთის საწმიდრის შენება, რათა უფლის აღთქმის კიდობანი და ღვთის ჭურჭლეული უფლის სახელზე აგებულ სახლში გადაასვენოთ.“

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in