1 Chronicles 21
21
1სატანა აღდგა ისრაელზე და აღძრა დავითი ისრაელის აღსარიცხად. 2და უთხრა დავითმა იოაბსა და ხალხის მთავრებს: „წადით და აღრიცხეთ ისრაელი ბეერ-შებაყიდან დანამდე და წარმომიდგინეთ, რომ ვიცოდე მათი რიცხვი.“ 3და თქვა იოაბმა: „რამდენიც არის, ასმაგად გაამრავლოს უფალმა თავისი ერი. მეფე-ბატონო, განა ყველა ისინი, ჩემი ბატონის მსახურნი არ არიან? მაშ ამას რაღად ითხოვს ჩემი ბატონი? რატომ უნდა დადანაშაულდეს ისრაელი?“ 4მაგრამ მეფის სიტყვა კანონი იყო იოაბისთვის. და წავიდა იოაბი და მთელი ისრაელი მოიარა, და იერუსალიმში დაბრუნდა. 5და მიართვა იოაბმა დავითს მეკომურთა სია და აღმოჩნდა მთელს ისრაელში მილიონ ასი ათასი მახვილის ამომწვდელი კაცი, ხოლო იუდაში 470 ათასი მახვილის ამომწვდელი კაცი. 6ლევიანები და ბენიამინი მათთან ერთად არ აღურიცხავს მას, რადგან არ მოეწონა იოაბს მეფის სიტყვა. 7ბოროტი იყო ეს საქმე ღვთის თვალში, ამიტომ დაამარცხა ისრაელი. 8და უთხრა დავითმა ღმერთს: „დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე. ახლა მიუტევე, უფალო, შეცოდება შენს მსახურს, რადგან უგუნურად მოვიქეცი.“ 9და დაელაპარაკა უფალი გადს, დავითის ნათელმხილველს, და უთხრა: 10„წადი და დაელაპარაკე დავითს: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘სამ სასჯელს შემოგთავაზებ და ერთ-ერთი ამოირჩიე, რომ იმით დაგსაჯო.’“ 11და მივიდა გადი დავითთან და უთხრა: „ასე ამბობს უფალი, ამოირჩიე: 12სამი წლის შიმშილობა გირჩევნია, სამი თვის დევნილობა მტრისაგან და მისი მახვილის მოწევნა, თუ სამი დღის მანძილზე უფლის მახვილი, შავი ჭირი და უფლის შემმუსვრელი ანგელოზი, ისრაელის მთელ სამკვიდრებელში?“ 13და უთხრა დავითმა გადს: „ძალიან მიჭირს, მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან დიდია მისი მოწყალება, ოღონდაც კაცის ხელში ნუ ჩავვარდები.“ 14და მოავლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელში და 70 ათასი კაცი გაწყვიტა. 15და გაგზავნა ღმერთმა იერუსალიმში ანგელოზი, რათა მოესპო იგი. და როდესაც მან განადგურება იწყო, მოხედა უფალმა და აკმარა უბედურება, და უთხრა შემმუსვრელ ანგელოზს: „კმარა, ახლა უკან წაიღე ხელი!“ უფლის ანგელოზი ორნან იებუსელის კალოსთან იდგა. 16გაიხედა და დაინახა დავითმა ცასა და დედამიწას შუა მდგარი უფლის ანგელოზი, ხელში გაშიშვლებული მახვილი რომ ეჭირა იერუსალიმზე დაღირებული. დავითი და უხუცესნი სახეშებურვილნი, პირქვე დაემხნენ. 17და უთხრა დავითმა ღმერთს: „ხალხის აღრიცხვა ხომ მე ვბრძანე? მე შევცოდე, მე ჩავიდინე ბოროტება, ამ ცხვრებმა რაღა დააშავეს? უფალო, ღმერთო ჩემო! ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი, ოღონდ შენს ერზე ნუ იქნება მის დასაღუპად.“ 18და უთხრა უფლის ანგელოზმა გადს დავითისთვის სათქმელად: ადგეს და უფლის სამსხვერპლო ააგოს დავითმა ორნან იებუსელის კალოზე. 19და წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, რომელიც უფლის სახელით ჰქონდა ნათქვამი. 20და გამოიხედა ორნანმა, დაინახა ანგელოზი და თავის ოთხ ვაჟთან ერთად დაიმალა. ორნანი იმ დროს ხორბალს ლეწავდა. 21და მივიდა დავითი ორნანთან. გამოიხედა ორნანმა და დაინახა დავითი, კალოდან გამოეგება და მდაბლად სცა თაყვანი დავითს. 22და უთხრა დავითმა ორნანს: „მომეცი შენი კალო და უფლის სამსხვერპლოს ავაშენებ ზედ, თავის ფასში მომეცი, რათა განერიდოს ხალხს ჟამიანობა.“ 23და უთხრა ორნანმა დავითს: „აიღოს და გააკეთოს მეფე-ბატონმა, რაც ნებავს. აჰა, ხარები სრულადდასაწველად მომირთმევია, კევრები – შეშად, ხორბალი – საძღვნო მსხვერპლად; ყველაფერ ამას მუქთად ვიძლევი.“ 24და უთხრა მეფე დავითმა ორნანს: „არა, სრულ ფასად უნდა ვიყიდო შენგან, რადგან უფალს ვერც შენს საკუთრებას შევწირავ და ვერც მუქთა სრულადდასაწველს.“ 25ამ ადგილის საფასურად დავითმა 600 შეკელი ოქრო მისცა ორნანს. 26იმ ადგილას აუგო დავითმა უფალს სამსხვერპლო, და მიიტანა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი. და მოუხმო უფალს. მან კი სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე ზეციდან ცეცხლის მოცემით უპასუხა. 27და უბრძანა უფალმა ანგელოზს და მანაც თავისი მახვილი ქარქაშში ჩააგო. 28იმ დროს, როცა დავითმა დაინახა, რომ უფალმა უპასუხა ორნან იებუსელის კალოზე, იქ შესწირა მსხვერპლი. 29უფლის კარავი, მოსემ რომ გააკეთა უდაბნოში, და სრულადდასაწველის სამსხვერპლო იმჟამად ორივე გიბეონის ბორცვზე იდგა. 30და არ შეეძლო დავითს იქ მისვლა ღვთისთვის საკითხავად, რადგან უფლის ანგელოზის მახვილის შიში ჰქონდა.
Currently Selected:
1 Chronicles 21: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა