Mark 2
2
1რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მივიდა კაპერნაუმში და როდესაც ხმა დაირხა, რომ სახლში იყო, 2იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ არც სახლში და არც კარის წინ ტევა არ იყო. და ეუბნებოდა მათ სიტყვას. 3და მოვიდნენ და მოიყვანეს დამბლადაცემული, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა. 4და რომ ვერ შეძლეს მასთან მიყვანა ხალხის გამო, გადახადეს სახლს სახურავი და ჩაუშვეს საწოლი, რომელზეც დამბლადაცემული იწვა, იქ, სადაც ის იყო. 5დაინახა იესომ მათი რწმენა და ეუბნება დამბლადაცემულს: „შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!“ 6ისხდნენ იქ ზოგიერთნი მწიგნობართაგან და გულში ფიქრობდნენ: 7„რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთს გმობს. ვის შეუძლია ცოდვების მიტევება ერთი ღმერთის გარდა?“ 8მაშინვე მიხვდა იესო თავისი სულით, რასაც თავისთვის ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა მათ: „რად ფიქრობთ გულში ასე? 9რა უფრო ადვილია – თქმა დამბლადაცემულისთვის: ‘შენი ცოდვები მოგეტევა,’ თუ თქმა: ‘ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარე’? 10ხოლო, რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს აქვს დედამიწაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება“ – ეუბნება დამბლადაცემულს: 11„გეუბნები შენ, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!“ 12და ადგა იგი, მყისვე აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას თვალწინ. ყველა განცვიფრდა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „არასოდეს გვინახავს მსგავსი რამ.“
13და კვლავ გავიდა ზღვაზე. მთელი ხალხი მიდიოდა მასთან და იქ ასწავლიდა მათ. 14და როდესაც მიდიოდა, დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე ლევი ალფესი და ეუბნება: „გამომყევი მე.“ და ისიც ადგა და გაჰყვა მას. 15და როდესაც ინახით იჯდა მის სახლში, იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად იჯდა ბევრი მებაჟე და ცოდვილი, რადგან მრავალი იყო იქ, ვინც გაჰყვა მას. 16როდესაც ფარისეველთა მწიგნობრებმა დაინახეს, რომ ის მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად ჭამდა, უთხრეს მის მოწაფეებს: „რატომ ჭამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“ 17გაიგონა ეს იესომ და ეუბნება მათ: „ჯანმრთელებს კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ სნეულებს. მართალთა მოსახმობად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა.“
18და მარხულობდნენ იოანეს მოწაფეები და ფარისეველნი. და მივიდნენ მასთან და უთხრეს: „რატომაა, რომ იოანეს მოწაფეები და ფარისეველთა მოწაფეები მარხულობენ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?“ 19უთხრა მათ იესომ: „განა შეუძლიათ მარხვა მექორწილეებს, ვიდრე სიძე მათთან არის? ვიდრე სიძე თანა ჰყავთ, არ შეუძლიათ მარხვა, 20მაგრამ მოვა დღეები, როდესაც სიძე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ იმ დღეს. 21არავინ აკერებს ძველ ტანსაცმელს ახალი ქსოვილის საკერებელს, თორემ ახლადდაკერებული მოეხევა ძველს და უარესი ნახევი გაუჩნდება. 22არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღუპება და ტიკებიც. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ.“
23და ერთხელ, როდესაც შაბათ დღეს ყანებზე გადადიოდა, მისმა მოწაფეებმა დაიწყეს გზადაგზა თავთავების წყვეტა. #რჯ 23:25. 24ფარისევლებმა უთხრეს მას: „აჰა, რატომ აკეთებენ ისინი იმას, რაც შაბათ დღეს ნებადართული არ არის?“ 25ეუბნება მათ: „არასოდეს წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როდესაც გაუჭირდა და მოშივდა მას და მასთან მყოფთ? #1მფ 21:1-6. 26როგორ შევიდა ღმერთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს და ჭამა საწინაშეო პურები, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა, და მასთან ერთად მყოფებსაც მისცა?“ #ლევ 24:9. 27და უთხრა მათ: „შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის. 28ამრიგად, კაცის ძე არის შაბათის უფალი.“
Currently Selected:
Mark 2: სბს
Highlight
Share
Copy
![None](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimageproxy.youversionapi.com%2F58%2Fhttps%3A%2F%2Fweb-assets.youversion.com%2Fapp-icons%2Fen.png&w=128&q=75)
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013