Mark 1
1
1დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღმერთის ძისა. 2როგორც დაწერილია ესაია წინასწარმეტყველში: „აჰა, მოვავლენ შენი პირისახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოგიმზადებს შენ გზას. 3ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: ‘განუმზადეთ გზა უფალს, გაასწორეთ მისი ბილიკები.’“ #ესა 40:3. 4იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში იყო და ქადაგებდა სინანულის ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად. 5და გამოდიოდა მასთან მთელი იუდას მხარე და ყველა იერუსალიმელი და ინათლებოდნენ მისგან მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს. 6ხოლო იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა. და მკალი და ველური თაფლი იყო მისი საჭმელი. #4მფ 1:8. 7ქადაგებდა და ამბობდა: „ჩემს შემდეგ მოდის ჩემზე უძლიერესი, ვის წინაშეც არა ვარ ღირსი, რომ დავიხარო და შევუხსნა მას ფეხსაცმლის თასმა. 8მე მოგნათლეთ წყლით, ის კი მოგნათლავთ სულიწმიდით.“
9იმ დღეებში მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთიდან და მოინათლა იორდანეში იოანეს მიერ. 10და მყისვე, როდესაც წყლიდან ამოდიოდა, იხილა გახსნილი ცა და სული, მტრედივით გარდამომავალი მასზე. 11და ხმა იყო ციდან: „შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენში არის ჩემი სათნოება.“#დაბ 22:2; ფს 2:7; ესა 42:1; მთ 3:17; 12:18; მრკ 9:7; ლკ 3:22.
12და მყისვე გაიყვანა იგი სულმა უდაბნოში. 13და იყო უდაბნოში 40 დღე და გამოიცდებოდა სატანისაგან. და იყო მხეცებთან და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას.
14ხოლო მას შემდეგ, რაც იოანე გადაცემულ იქნა, მივიდა იესო გალილეაში, ქადაგებდა ღმერთის სახარებას 15და ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება.“#მთ 3:2.
16და როდესაც გალილეის ზღვის პირას დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ. 17და უთხრა მათ იესომ: „გამომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით.“ 18და მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას. 19და გაიარა მცირედი და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე, რომლებიც ნავში ბადეებს აწესრიგებდნენ. 20და მყისვე დაუძახა მათ. და მათაც მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ დაქირავებულ კაცებთან ერთად და გაჰყვნენ მას.
21და მივიდნენ კაპერნაუმს და მაშინვე, შაბათ დღეს, ის შევიდა სინაგოგაში, და ასწავლიდა. 22და გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი. #მთ 7:28,29. 23და უეცრად იყვირა მათ სინაგოგაში მყოფმა, უწმიდური სულით შეპყრობილმა კაცმა: 24„რა გინდა ჩემგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღმერთის წმიდავ.“ 25და შერისხა იგი იესომ და უთხრა: „გაჩუმდი და გადი მაგისგან.“ 26და შეანჯღრია იგი უწმიდურმა სულმა, იყვირა დიდი ხმით და გამოვიდა მისგან. 27და განცვიფრდნენ ყველანი, და ეკითხებოდნენ ერთმანეთს: „რა არის ეს? ახალი მოძღვრება ხელმწიფებით! უწმიდურ სულებსაც კი უბრძანებს და ისინი ემორჩილებიან მას!“ 28და მოედო მისი ამბავი მყისვე გალილეის მთელ მხარეს.
29სინაგოგიდან რომ გამოვიდა, სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდა იოანესთან და იაკობთან ერთად. 30სიმონის სიდედრი იწვა სიცხით შეპყრობილი. და მაშინვე უთხრეს მას მასზე. 31მივიდა, მოჰკიდა ხელი და წამოაყენა. და გაუარა მას სიცხემ და ემსახურებოდა მათ. 32საღამო ჟამს, მზის ჩასვლისას, მიუყვანეს მას ყველა, ვინც კი სნეული და ეშმაკეული იყო. 33და მთელი ქალაქი შეკრებილი იყო კართან. 34მრავალი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისაგან, ბევრი ეშმაკი განდევნა და ნებას არ აძლევდა ეშმაკებს, ეთქვათ, რომ იცნობდნენ მას.
35განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამით, ადგა, გავიდა და წავიდა უდაბურ ადგილას, და იქ ლოცულობდა. 36და გაედევნენ მას სიმონი და მასთან მყოფნი. 37და იპოვეს იგი და უთხრეს: „ყველა შენ გეძებს.“ 38ეუბნება მათ: „წავიდეთ სხვაგან ახლომახლო დაბებში, რათა იქაც ვიქადაგო, რადგან ამისათვის ვარ მოსული.“ 39და დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და დევნიდა ეშმაკებს. #მთ 4:23; 9:35.
40მივიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა მის წინ, შეევედრა და უთხრა: „თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა.“ 41შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: „მსურს, განიწმიდე!“ 42და მყისვე მოშორდა კეთრი მას და განიწმიდა. 43და მკაცრად გააფრთხილა იგი და მაშინვე გაუშვა, 44უთხრა რა მას: „უყურე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისათვის, რაც ბრძანა მოსემ, მათთვის დასამოწმებლად.“#ლევ 14:1-32. 45მაგრამ მან კი, როდესაც გავიდა, დაიწყო ქადაგება და ისე ცნობილი გახადა ეს ამბავი, რომ იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იმყოფებოდა. და ყოველი მხრიდან მიდიოდნენ მასთან.
Currently Selected:
Mark 1: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013