Matthew 28
28
1შაბათის გასულს, ერთშაბათის განთიადისას, მივიდნენ სამარხის სანახავად მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი. 2და აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა; უფლის ანგელოზი გადმოვიდა ციდან, მივიდა, გადააგორა ლოდი და ზედ დაჯდა. 3მისი შესახედაობა ელვასავით იყო და მისი სამოსი – თოვლივით სპეტაკი. 4მისი შიშით შეძრწუნდნენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ. 5მიუგო ანგელოზმა და უთხრა ქალებს: „ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ.“ 6აქ არ არის, აღდგა, როგორც თქვა. მოდით, ნახეთ ადგილი, სადაც ესვენა. 7და სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ.
8და სწრაფად გამოეშურნენ სამარხიდან შიშით და დიდი სიხარულით, და გაიქცნენ, რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისათვის. 9და აჰა, იესო შემოხვდა მათ და უთხრა: „გიხაროდეთ!“ ისინი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას. 10მაშინ ეუბნება მათ იესო: „ნუ გეშინიათ, წადით და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას და იქ მნახავენ.“
11და როდესაც ისინი მიდიოდნენ, აჰა, დარაჯთაგან ზოგიერთები მივიდნენ ქალაქში და აუწყეს მღვდელმთავრებს ყოველივე, რაც მოხდა. 12და შეიკრიბნენ ისინი უხუცესებთან ერთად, მოითათბირეს და დიდძალი ვერცხლი მისცეს ჯარისკაცებს 13და უთხრეს: „თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და მოიპარეს იგი, როცა თქვენ გეძინათ. 14და თუ ამას განმგებელი გაიგებს, ჩვენ დავარწმუნებთ მას და აგარიდებთ უსიამოვნებას.“ 15მათაც აიღეს ვერცხლი და ისე მოიქცნენ, როგორც დაარიგეს. და გავრცელდა ეს ნათქვამი ებრაელებს შორის დღევანდელ დღემდე.
16ხოლო 11 მოწაფე წავიდა გალილეაში, იმ მთაზე, რომელზედაც იესომ მიუთითა მათ.#მთ 26:32; მრკ 14:28. 17და ნახეს იგი და თაყვანი სცეს, ზოგი კი ეჭვობდა. 18და მივიდა იესო, დაელაპარაკა მათ და უთხრა: „მე მომეცა მთელი ხელმწიფება ცაში და მიწაზე. 19ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ერი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით.#საქ 1:8. 20ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთან ვარ მარადჟამს საუკუნის აღსასრულამდე.“
Currently Selected:
Matthew 28: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013