YouVersion Logo
Search Icon

Mark 10

10
1და ადგა და წავიდა იუდას მხარეში, იორდანეს გაღმა. და კვლავ მოგროვდა მასთან ხალხი და, ჩვეულებისამებრ, კვლავ ასწავლიდა მათ. 2მოვიდნენ ფარისეველნი და ეკითხებოდნენ: ნებადართულია კაცისთვის ცოლის გაშვება? და სცდიდნენ მას. 3ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „რა დაგიწესათ მოსემ?“ 4მათ თქვეს: „გაყრის წიგნის დაწერა და გაშვება.“ #რჯ 24:1-4; მთ 5:31. 5იესომ კი უთხრა მათ: „თქვენი გულქვაობის გამო დაგიწერათ მან ეს მცნება. 6შესაქმის დასაბამიდან ღმერთმა კაცად და ქალად შექმნა ისინი. #დაბ 1:27; 5:2. 7ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და მიეკრობა თავის ცოლს. #დაბ 2:24. 8და იქნებიან ორნი ერთი სხეული. ამრიგად, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. 9ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ გაყრის მათ.“ 10სახლში ყოფნისას მოწაფეები კვლავ შეეკითხნენ ამაზე. 11და ეუბნება მათ: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, იგი მრუშობს მის მიმართ. #მთ 5:32; 1კო 7:10,11. 12და თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას შეირთავს, მრუშობს.“
13და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი კიცხავდნენ მომყვანებს. 14დაინახა იესომ, გაწყრა და უთხრა მათ: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მათნაირებისაა ღმერთის სასუფეველი. 15ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმერთის სასუფეველს, ვერ შევა შიგ.“ #მთ 18:3. 16მოეხვია მათ, ხელები დაადო და აკურთხა ისინი.
17გზას რომ გაუდგა, ვიღაც კაცმა მიირბინა მასთან, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შესთხოვა: „კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ 18იესომ უთხრა მას: „რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღმერთისა. 19იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ მოკლა, არ იპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ მოატყუო, პატივი ეცი შენს მამას და დედას.“ #გამ 20:12-16; რჯ 5:16-20. 20მან უთხრა: „მოძღვარო, ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდან ვიცავდი.“ 21იესომ შეხედა, შეუყვარდა ის და უთხრა: „ერთი რამ გაკლია: წადი, რაც გაქვს, გაყიდე და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯე. მერე მოდი და გამომყევი.“ 22ის კი შეწუხდა ამ სიტყვებზე და დანაღვლიანებული წავიდა, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდა. 23მიმოიხედა იესომ და ეუბნება თავის მოწაფეებს: „რა ძნელია სიმდიდრის მქონეთათვის ღმერთის სასუფეველში შესვლა!“ 24მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კი კვლავ მიუგო და ეუბნება მათ: „შვილებო, რა ძნელია ღმერთის სასუფეველში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი! 25აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სასუფეველში.“ 26მათ კი უფრო მეტად გაიოცეს და ერთმანეთში თქვეს: „ვისღა შეუძლია გადარჩენა?“ 27შეხედა მათ იესომ და თქვა: „ეს შეუძლებელია ადამიანთათვის და არა ღმერთისათვის, რადგან ღმერთისათვის ყოველივე შესაძლებელია.“ 28დაუწყო პეტრემ მას ლაპარაკი: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით.“ 29თქვა იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, ვინც ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიატოვებს სახლს ან ძმებს, ან დებს, ან მამას, ან დედას, ან ცოლს, ან შვილებს, ან ყანებს, 30და ასწილად არ მიიღებს ახლა, ამ ჟამს, სახლებს, ძმებს და დებს, დედებს და შვილებს, და ყანებს ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში – საუკუნო სიცოცხლეს. 31ხოლო პირველთაგან მრავალნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი – პირველნი.“#მთ 20:16; ლკ 13:30.
32გზად მყოფნი იერუსალიმში რომ ადიოდნენ, წინ იესო მიუძღოდათ, მაგრამ კრთოდნენ ისინი, და ვინც მისდევდა, მათაც ეშინოდათ. კვლავ გაიყვანა თორმეტნი და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა შეემთხვეოდა მას: 33„აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმში და კაცის ძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ და წარმართებს გადასცემენ; 34დასცინებენ მას, გაამათრახებენ, აფურთხებენ და მოკლავენ, მესამე დღეს კი აღდგება.“
35და მივიდნენ მასთან იაკობი და იოანე, ზებედეს ძენი, და უთხრეს: „მოძღვარო, გვინდა, რომ შეგვისრულო, რასაც გთხოვთ.“ 36უთხრა მათ: „რა გინდათ, რომ შეგისრულოთ?“ 37მათ უთხრეს: „ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი შენს მარჯვნივ დაჯდეს და მეორე – მარცხნივ, შენს დიდებაში.“ 38ხოლო იესომ უთხრა მათ: „არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომელსაც მე ვსვამ, და მიიღოთ ნათლობა, რომლითაც მე ვინათლები?“#ლკ 12:50. 39მათ უთხრეს: „შეგვიძლია.“ იესომ უთხრა მათ: „სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით, 40მაგრამ ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომის მოცემა ჩემზე არ არის, არამედ მათია, ვისთვისაც გამზადებულია.“ 41გაიგო ეს ათმა და დაიწყეს დრტვინვა იაკობზე და იოანეზე. 42მოიხმო ისინი იესომ და ეუბნება: „თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავრებად მიჩნეულნი ბატონობენ მათზე და მათი დიდებულები ხელმწიფებენ მათზე. #ლკ 22:25,26. 43ნუ იქნება ასე თქვენს შორის, არამედ, ვისაც თქვენს შორის სურს იყოს დიდი, ის თქვენი მსახური იყოს, #მთ 23:11; მრკ 9:35; ლკ 22:26. 44და ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, იყოს ყველას მონა! 45რადგან კაცის ძე იმისთვის კი არ მოსულა, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად ემსახუროს და გასცეს თავისი სიცოცხლე მრავალთა გამოსასყიდად.“
46და მივიდნენ იერიქოში. იერიქოდან რომ გადიოდა თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად, გზის პირას იჯდა ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე, ბარტიმეოსი. 47და როდესაც მოესმა, იესო ნაზარეველიაო, დაიწყო ყვირილი და ამბობდა: „დავითის ძეო, იესო, შემიწყალე მე!“ 48ბევრი უწყრებოდა მას, რომ გაჩუმებულიყო, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ყვიროდა: „დავითის ძეო, შემიწყალე მე!“ 49შეჩერდა იესო და თქვა: „დაუძახეთ მას.“ და დაუძახეს ბრმას და უთხრეს: „ნუ გეშინია, ადექი, გეძახის.“ 50მან გადაიგდო მოსასხამი, წამოხტა და მივიდა იესოსთან. 51მიმართა მას იესომ და თქვა: „რა გინდა, რომ გაგიკეთო?“ ბრმამ უთხრა: „რაბუნი, რომ თვალი ამეხილოს.“ 52იესომ უთხრა მას: „წადი, იარე, შენმა რწმენამ გიხსნა შენ. და მყისვე აეხილა თვალი და გაჰყვა მას გზაზე.“

Currently Selected:

Mark 10: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in