YouVersion Logo
Search Icon

Mark 9

9
1და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგიერთი აქ მდგომთაგან არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმერთის სასუფეველს, ძლიერებით მოსულს.“
2ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, აიყვანა მაღალ მთაზე განმარტოებით და ფერი იცვალა მათ წინაშე. #2პტ 1:17,18. 3მისი სამოსი გახდა ბრწყინვალე, ისეთი ელვარე თეთრი, როგორც ვერც ერთი გამთეთრებელი დედამიწის ზურგზე ვერ შეძლებდა გათეთრებას. 4და ეჩვენა მათ ელია მოსესთან ერთად და ელაპარაკებოდნენ იესოს. 5მიუგო პეტრემ და უთხრა იესოს: „რაბი, კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა; გავაკეთებთ სამ კარავს, ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას.“ 6არ იცოდა, რას ლაპარაკობდა, რადგან შიშმა მოიცვა ისინი. 7და გამოჩნდა ღრუბელი, რომელმაც მოუჩრდილა მათ და იყო ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, ისმინეთ მისი!“ #მთ 3:17; მრკ 1:11; ლკ 3:22. 8და უცებ რომ მიმოიხედეს, ირგვლივ ვეღარავინ დაინახეს, გარდა იესოსი. 9და როდესაც მთიდან ჩამოდიოდნენ, უბრძანა, არავისთვის ეთქვათ, რაც იხილეს, კაცის ძის მკვდრეთით აღდგომამდე. 10და ეს სიტყვა დაიმარხეს თავისთავში და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა?“ 11ჰკითხეს მას: „ხომ ამბობენ მწიგნობრები, რომ პირველად ელია უნდა მოვიდეს?“#მიქ 4:5; მთ 11:14. 12და უთხრა მათ: „დიახ, ჯერ ელია მოდის და აღადგენს ყოველივეს. კაცის ძის შესახებ კი როგორ წერია? ის, რომ უნდა იტანჯოს და დამცირდეს. 13მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ ელია მოვიდა და მას ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ, როგორც წერია მასზე.“
14და როდესაც მოწაფეებთან მივიდა, დაინახა მათ ირგვლივ დიდძალი ხალხი და მათთან მოდავე მწიგნობრები. 15მყისვე დაინახა ის მთელმა ხალხმა და შეძრწუნებულები გაიქცნენ მისასალმებლად. 16ჰკითხა მათ: „რას ედავებით მათ?“ 17მიუგო მას ერთმა ამ ხალხიდან: „მოძღვარო, შენთან მოვიყვანე ჩემი ვაჟი, რომელსაც სიმუნჯის სული სჭირს. 18და სადაც კი შეიპყრობს, ძირს დასცემს მას, და გადმოსდის დუჟი, კბილებს აღრჭენს და შეშდება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, რომ განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს.“ 19მიუგო მათ და უთხრა: „ოჰ, ურწმუნო თაობავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ თქვენ? მომიყვანეთ იგი.“ 20და მოუყვანეს მას. და როგორც კი სულმა დაინახა იგი, დაანარცხა ძირს, დაეცა ის მიწაზე და გორავდა დუჟმორეული. 21ჰკითხა მის მამას: „რამდენი ხანია, რაც ეს დაემართა?“ უთხრა: „პატარაობიდან. 22ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში, რომ დაეღუპა. თუკი რამე შეგიძლია, გვიშველე, შეგვიბრალე ჩვენ.“ 23იესომ უთხრა მას: „თუ კი რამე შეგიძლია? მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია.“ 24მყისვე შესძახა ბავშვის მამამ და თქვა: „მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას.“ 25როდესაც დაინახა იესომ, რომ ხალხი მორბის, შერისხა უწმიდურ სულს და უთხრა: „სიმუნჯის და სიყრუის სულო! გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ შეხვიდე მასში!“ 26და შეჰყვირა და მაგრად შეაზანზარა იგი და გავიდა. და მკვდარივით გახდა, ისე რომ, ბევრი ამბობდა კიდეც: მოკვდაო. 27იესომ ჩასჭიდა ხელი, წამოაყენა და ისიც ფეხზე დადგა. 28სახლში რომ შევიდა, მისმა მოწაფეებმა განმარტოებით ჰკითხეს მას: „ჩვენ რატომ ვერ განვდევნეთ იგი?“ 29უთხრა მათ: „ეს მოდგმა ვერაფრით გამოვა, თუ არა ლოცვითა და მარხვით.“
30იქიდან რომ წამოვიდნენ, გალილეაზე გადიოდნენ. და არ უნდოდა, რომ ვინმეს ეცნო. 31ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა: „კაცის ძე გადაცემულ იქნება ადამიანთა ხელში, და მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება.“ 32მათ კი ვერ გაიგეს ნათქვამი და ვერ ბედავდნენ, რომ შეკითხოდნენ მას.
33მივიდნენ კაპერნაუმში და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: „რაზე დაობდით გზაში?“ 34ისინი დუმდნენ, რადგან გზაში ერთმანეთში დაობდნენ, ვინ უფრო დიდიაო. #ლკ 22:24. 35დაჯდა და დაუძახა თორმეტს და უთხრა: „ვისაც სურს, რომ იყოს პირველი, იყოს ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური.“#მთ 20:26,27; 23:11; მრკ 10:43,44; ლკ 22:26. 36მოიყვანა ბავშვი, ჩააყენა მათ შორის, მოეხვია და უთხრა მათ: 37„ვინც ერთ ასეთ ბავშვს მიიღებს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის მე კი არ მიღებს, არამედ ჩემს მომავლინებელს.“#მთ 10:40; ლკ 10:16; იო 13:20.
38უთხრა მას იოანემ: „მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ ვიღაც, რომელიც შენი სახელით დევნის ეშმაკებს, და ავუკრძალეთ მას, რადგან ჩვენ არ მოგვყვება.“ 39იესომ თქვა: „ნუ აუკრძალავთ, რადგან, ვინც ჩემი სახელით სასწაულს მოახდენს, ვერ შეძლებს მალევე დამგმოს მე; 40რადგან, ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, ის ჩვენთან არის. #მთ 12:30; ლკ 11:23. 41რადგან ვინც ერთ ჭიქა წყალს შეგასმევთ ჩემი სახელით, რაკი ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება მას თავისი საზღაური.#მთ 10:42.
42ხოლო ვინც აცდუნებს ერთს ამ მცირეთაგანს ჩემს მორწმუნეთაგან, მისთვის აჯობებდა, წისქვილის ქვა დაეკიდათ მისთვის კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ. 43თუ შენი ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი. გიჯობს, ხეიბარი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელის მქონე შეხვიდე ჯოჯოხეთში, უშრეტ ცეცხლში, #მთ 5:30. 44სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. 45თუ შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი. გიჯობს, კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხი გქონდეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდონ, 46სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. 47თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე იგი. გიჯობს, ცალთვალა შეხვიდე ღმერთის სასუფეველში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდონ, #მთ 5:29. 48სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. #ესა 66:24. 49რადგან ყოველივე ცეცხლით დამარილდება. 50მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდება, რიღათი აღადგენთ მას? იქონიეთ თქვენში მარილი და მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთში.“ #მთ 5:13; ლკ 14:34,35.

Currently Selected:

Mark 9: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in