YouVersion Logo
Search Icon

გამოცხ. 20

20
სატანის შებორკვა
1ვიხილე ზეციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელში ჰქონდა უფსკრულის კლიტე და დიდი ჯაჭვი.
2შეიპყრო გველეშაპი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებორკა ათასი წლით.
3ჩააგდო იგი უფსკრულში, ჩაკეტა და დაადო ბეჭედი, რათა აღარ აცდუნოს ერები, ვიდრე ათასი წელი არ შესრულდება. ამის შემდეგ კი უნდა გათავისუფლდეს მცირე ხნით.
4ვიხილე ტახტები და მათზე მსხდომარენი, და მათ მიეცათ სამსჯავრო და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებმაც თაყვანი არ სცეს მხეცს, არც მის ხატებას და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა და ხელზე. ისინი გაცოცხლდნენ და მეფობდნენ ქრისტესთან ერთად ათას წელს.
5სხვა მკვდრები კი არ გაცოცხლდნენ, ვიდრე არ შესრულდა ათასი წელი. ეს არის პირველი აღდგომა.
6ნეტარი და წმიდაა ის, ვისაც აქვს წილი პირველ აღდგომაში. მასზე ხელმწიფება არ აქვს მეორე სიკვდილს, არამედ ისინი იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი და იმეფებენ მასთან ერთად ათას წელს.
სატანის გათავისუფლება
7როცა ათასი წელი შესრულდება, გათავისუფლდება სატანა თავისი საპყრობილიდან
8და გამოვა, რათა შეაცდინოს ერები, მიწის ოთხივე კუთხეში გოგი და მაგოგი, შეკრიბოს ისინი საბრძოლველად, რომელთა რიცხვი ზღვის ქვიშასავითაა.
9გამოვიდნენ მიწის სივრცეზე, გარს შემოერტყნენ წმიდათა ბანაკს და საყვარელ ქალაქს. ჩამოვიდა ცეცხლი ზეციდან და შთანთქა ისინი.
10ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი იმყოფებიან, და დაიტანჯებიან დღე და ღამე, უკუნითი უკუნისამდე.
პატარები და დიდები დგანან
დიდი ტახტის წინაშე
11ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომარე, რომლისგანაც გარბოდა ცა და მიწა, და არ იპოვებოდა მათთვის ადგილი.
12ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი იყო წიგნები. გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია, და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ.
13მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები. და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა მისცეს მათში მყოფი მკვდრები, და თითოეული განკითხულ იქნა მისი საქმეებისამებრ.
14სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში. ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა.
15ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, ცეცხლის ტბაში იქნა ჩაგდებული.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in