YouVersion Logo
Search Icon

გამოცხ. 21

21
ახალი ცა და ახალი მიწა
1ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, ვინაიდან პირველი ცა და პირველი მიწა გარდახდნენ, და ზღვა აღარ იყო.
2ვიხილე წმიდა ქალაქი ახალი იერუსალიმი, რომელიც ღვთისაგან ეშვებოდა ციდან გამზადებული, როგორც თავისი ქმრისათვის მორთული სასძლო.
3გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, სავანე ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან.
4მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გადავიდნენ.“
5თქვა ტახტზე მჯდომარემ: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს“. და მითხრა მე: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“.
6მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროდან უსასყიდლოდ.
7გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის – ძე.
8ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით, რომელიც მეორე სიკვდილია“.
ახალი იერუსალიმი,
მისი კარიბჭე, გალავანი და სასანთლე
9მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, რომელთაც შვიდი უკანასკნელი წყლულით სავსე შვიდი თასი ჰქონდათ, და მითხრა: „მოდი და გიჩვენებ სასძლოს, კრავის ცოლს“.
10წამიყვანა სულით დიდსა და მაღალ მთაზე. მიჩვენა წმიდა ქალაქი იერუსალიმი, რომელიც ციდან ეშვებოდა ღვთისაგან,
11და ჰქონდა ღვთის დიდება. მისი შუქი მსგავსი იყო პატიოსანი თვლისა, როგორც იასპის ქვისა, ბროლივით გამჭვირვალესი.
12ჰქონდა დიდი და მაღალი გალავანი, თორმეტი კარიბჭე და კარიბჭეებზე თორმეტი ანგელოზი, და ზედ ეწერა სახელები ისრაელიანთა თორმეტი ტომისა.
13სამი კარიბჭე აღმოსავლეთიდან, სამი კარიბჭე ჩრდილოეთიდან, სამი სამხრეთიდან და სამი დასავლეთიდან.
14ქალაქის გალავანს ჰქონდა თორმეტი საძირკველი და მათზე იყო კრავის თორმეტი მოციქულის სახელები.
15ჩემთან მოლაპარაკეს საზომად ოქროს ლერწამი ჰქონდა ქალაქის, მისი კარიბჭეებისა და მისი გალავნის გადასაზომად.
16ქალაქი ოთხკუთხედად იყო მდებარე და მისი სიგრძე იგივე იყო, რაც სიგანე. გაზომა მან ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას სტადიონზე. მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე თანაბარი იყო.
17გაზომა მისი გალავანი და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა, კაცის საზომით, რომელიც ანგელოზისაა.
18მისი გალავანი იასპით იყო ნაგები, ხოლო ქალაქი იყო წმიდა ოქროსი, წმიდა მინის.
19ქალაქის გალავნის საძირკვლები მოპირკეთებული იყო ყოველნაირი ძვირფასი ქვებით. პირველი საძირკველი იყო იასპი, მეორე – საფირონი, მესამე – ქალკედონი, მეოთხე – ზურმუხტი,
20მეხუთე – სარდონიქსი, მეექვსე – სარდიონი, მეშვიდე – ქრიზოლითი, მერვე – ბივრილი, მეცხრე – ტოპაზი, მეათე – ქრისოპრასი, მეთერთმეტე – იაკინთი, მეთორმეტე – ამეთვისტო.
21თორმეტი კარიბჭე თორმეტი მარგალიტი იყო. ყოველი კარიბჭე თითო მარგალიტი, ხოლო ქალაქის ქუჩა სუფთა ოქრო იყო, როგორც გამჭვირვალე მინა.
22ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგან მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი უფალი ღმერთია და კრავი.
23ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე, გასანათლებლად, რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი და კრავია მისი სასანთლე.
24ერები ივლიან მის ნათელზე, მიწიერი მეფეები მიიტანენ იქ თავიანთ დიდებასა და პატივს.
25მისი კარიბჭენი დღისით არ დაიკეტება, რადგან ღამე არ იქნება იქ.
26მიიტანენ იქ ერების დიდებასა და პატივს.
27ვერ შევა მასში ვერაფერი უწმიდური და ვერცერთი სიბილწისა და სიცრუის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც კრავის სიცოცხლის წიგნში არიან ჩაწერილი.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in