YouVersion Logo
Search Icon

გამოცხ. 18

18
ანგელოზი იუწყება ბაბილონის დაცემას
1ამის შემდეგ ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ციდან ჩამოდიოდა და დიდი ხელმწიფება ჰქონდა. მიწა განათდა მისი დიდებით.
2დაიძახა ძლიერი ხმით და თქვა: „დაემხო, დაემხო დიდი ბაბილონი, გახდა ეშმაკთა სამკვიდროდ და ყოველი არაწმიდა სულის თავშესაფრად, და ყოველი არაწმიდა და ბილწი ფრინველის თავშესაფრად.
3ვინაიდან მისი გარყვნილების მძვინვარე ღვინისაგან შესვა ყველა ერმა. მიწის მეფეები მეძაობდნენ მასთან და მიწის ვაჭრები მისი ფუფუნების ძალისაგან გამდიდრდნენ“.
ბრძანება ღვთის ხალხს
4გავიგონე სხვა ხმა ციდან, რომელიც ამბობდა: „გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ მიიღო მისი წყლულებისაგან,
5ვინაიდან მისმა ცოდვებმა ცას უწია და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი.
6მიუზღეთ მას, როგორც მან მოგიზღოთ და ორმაგად მიაგეთ მისი საქმეების მიხედვით. სასმისში, რომელშიც აზავებდა ღვინოს, ორმაგად შეუზავეთ მას.
7რაზომადაც განდიდდებოდა და ნებივრობდა, იმზომად მიაგეთ ტანჯვა და გლოვა. ვინაიდან ამბობდა თავის გულში: დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და გლოვას არ ვიხილავო.
8ამიტომ ერთ დღეს მოვა მისი წყლულები და სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვება ცეცხლში, რადგან ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას.
გოდება უწმიდურთა
9„იტირებენ და იგლოვებენ მას მიწის მეფეები, რომლებიც მეძაობდნენ და ნებივრობდნენ მასთან, როცა დაინახავენ მისი ხანძრის კვამლს.
10მისი ტანჯვის შიშის გამო შორს მდგომარენი იტყვიან: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, ძლიერო ქალაქო, რადგან ერთ საათში მოვიდა შენი განკითხვა.’
11მიწის ვაჭრები იტირებენ და იგლოვებენ მას, ვინაიდან აღარავინ იყიდის მათ საქონელს,
12ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებსა და მარგალიტებს, ბისონსა და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, ყოველგვარ სურნელოვან ხეს და სპილოსძვლის ყოველგვარ ჭურჭელს, ასევე ძვირფასი ხის, სპილენძის, რკინისა და მარმარილოს ყოველგვარ ჭურჭელს,
13დარიჩინსა და სურნელს, საკმეველსა და ნელსაცხებელს, გუნდრუკს, ღვინოსა და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, ნახირსა და ცხვრებს, ცხენებსა და ეტლებს, ადამიანთა სხეულებსა და სულებს.
14შენი სულის სასურველი ხილის ნაყოფი წავიდა შენგან, ყოველი პოხიერი და ბრწყინვალე გაქრა შენგან და ვეღარავინ იპოვის მათ.
15ყოველივე ამით მოვაჭრენი, რომლებიც მისგან გამდიდრდნენ, შორს დადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და იგლოვებენ.
16იტყვიან: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, ბისონით, პორფირით და ძოწეულით შემოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტით შემკულო,
17რადგან ერთ საათში დაიღუპა ესოდენ დიდი სიმდიდრე’. და ყოველი მესაჭე და ყველანი, ვინც ცურავს, და მეზღვაურები, ყოველი ზღვაზე მოსაქმე, შორს დადგა.
18რომ დაინახეს მისი ხანძრის კვამლი, შეჰყვირეს და თქვეს: ‘რომელი ქალაქი ჰგავს ამ დიდ ქალაქს?’
19გადაიყარეს მტვერი თავზე და გაჰკიოდნენ ტირილით და მოთქმით: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის ძვირფასეულობებით გამდიდრდა ყველა, ვისაც ხომალდი ჰქონდა ზღვაზე! რადგან ერთ საათში გაპარტახდა.
20გაიხარეთ მასზე, ცაო და წმიდანო, მოციქულნო და წინასაწრმეტყველნო, რადგან თქვენი სამართალი მოჰკითხა მათ ღმერთმა.’“
ბაბილონის დამხობა
21ასწია ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის მსგავსი ქვა და გადააგდო ზღვაში და თქვა: „ასეთი დაცემით დაემხობა დიდი ქალაქი ბაბილონი და აღარ იქნება.
22ქნარზე დამკვრელთა და მომღერალთა, მესტვირეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ გაისმება შენში. აღარ იქნება შენში არავითარი ხელოსანი და ხელოსნობა, და დოლაბის ხმა აღარ გაისმება შენში.
23სასანთლის ნათელი აღარ გაგინათებს. აღარ გაისმება შენში მეფე-დედოფლის ხმა, რადგან შენი ვაჭრები იყვნენ მიწის დიდებულები და შენი გრძნეულება აცდუნებდა ხალხს.
24მასშია ნაპოვნი წინასწარმეტყველთა, წმიდათა და მიწაზე ყველა მოკლულის სისხლი“.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy