YouVersion Logo
Search Icon

გამოცხ. 17

17
ხილვა ბაბილონისა და
შავწითელ მხეცზე მჯდომი დედაკაცისა
1მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, დამელაპარაკა და მითხრა: „მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს ბევრ წყალზე მჯდომ დიდ მეძავზე,
2რომელთანაც მეძაობდნენ მიწის მეფეები და მისი სიძვის ღვინით თვრებოდნენ მიწის მკვიდრნი“.
3მან სულით გადამიყვანა უდაბნოში და ვიხილე დედაკაცი, მჯდარი ღვთისსაგმობი სახელებით სავსე შვიდთავიან და ათრქიან შავწითელ მხეცზე.
4დიაცი შემოსილი იყო პორფირით და ძოწეულით, მორთული იყო ოქროთი, პატიოსანი თვლებით და მარგალიტებით. ხელთ ჰქონდა ოქროს სასმისი, მისი სიძვის სიბილწით და უწმიდურებით სავსე.
5მის შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: „დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწის სიბილწეთა დედა“.
6დავინახე, რომ დამთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და რომ ვუყურებდი, მიკვირდა დიდად.
შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი
7მითხრა ანგელოზმა: „რატომ გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ამ დედაკაცისა და შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცისა, რომელიც მას ატარებს.
8მხეცი, რომელიც შენ იხილე, იყო და არ არის და ამოვა უფსკრულიდან და დასაღუპად წავა. მიწის მკვიდრთ, რომელთა სახელებიც სოფლის შექმნიდან არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, გაუკვირდებათ, როცა დაინახავენ მხეცს, რომელიც იყო და არ არის და მოვა.
9აქ საჭიროა გონება, რომელსაც სიბრძნე აქვს: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომელზეც ეს დედაკაცი ზის.
10მეფენიც შვიდნი არიან: ხუთი დაეცა, ერთი არის, მეორე კი ჯერ არ მოსულა და, როცა მოვა, მცირე ხანს დარჩება.
11მხეცი, რომელიც იყო და არ არის, მერვეა შვიდთა რიცხვიდან და დასაღუპად მიდის.
12ათი რქა, რომლებიც შენ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, როგორც მეფეები ერთი საათით.
13მათ აქვთ ერთი აზრი და თავიანთ ძალასა და ხელმწიფებას მხეცს გადასცემენ.
14ისინი შეებრძოლებიან კრავს და კრავი გაიმარჯვებს მათზე, ვინაიდან ის არის უფალთ უფალი და მეფეთ მეფე, და მასთან მყოფი მოწოდებულნი რჩეულნი და სარწმუნონი არიან“.
15მითხრა მე: „ეს წყლები, რომლებიც შენ იხილე, სადაც მეძავი ზის, არის ხალხები და ბრბოები, და ერები და ენები.
16ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი, შეიძულებენ მეძავს, დაარბევენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ,
17ვინადან ღმერთმა გულებში ჩაუდოთ, რომ შეასრულონ მისი ნება, შეასრულონ ერთი ნება და მისცენ მათი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვები.
18ხოლო დედაკაცი, რომელიც შენ იხილე, დიდი ქალაქია, რომელსაც აქვს მეფობა მიწის მეფეებზე.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy