გამოცხ. 16
16
ღვთის მძვინვარების შვიდი თასის
გადმოღვრა მიწაზე
1გავიგონე ტაძრიდან დიდი ხმა, რომელიც ეუბნებოდა შვიდ ანგელოზს: „წადით და მიწაზე გადაღვარეთ ღვთის მძვინვარების შვიდი თასი“.
2წავიდა პირველი და გადმოღვარა მიწაზე თავისი თასი. და გაუჩნდათ სასტიკი და საზარელი ჭრილობები ადამიანებს, რომელთაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ და მის ხატებას სცემდნენ თაყვანს.
3გადმოღვარა მეორემ თავისი თასი ზღვაზე და იქცა სისხლად, როგორც მკვდრისაგან, და დაიხოცა ყოველი სულდგმული ზღვაში.
4გადმოღვარა მესამემ თავისი თასი მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე, და იქცა სისხლად.
5გავიგონე, წყლების ანგელოზი რომ ამბობდა: „მართალი ხარ შენ, რომელიც ხარ და იყავი, წმიდაო, რადგანაც ასე განიკითხე.
6ვინაიდან მათ დაღვარეს წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი, და შენ მიეცი მათ სასმელად სისხლი, ვინაიდან დაიმსახურეს“.
7გავიგონე სამსხვერპლო რომ ამბობდა: „დიახ, უფალო, ღმერთო ყოვლისმპყრობელო, ჭეშმარიტი და სამართლიანია შენი განკითხვანი“.
8გადმოღვარა მეოთხემ თავისი თასი მზეზე და მიეცა მას, რომ ცეცხლით დაეწვა ადამიანები.
9იწვოდნენ ადამიანები დიდი სიცხით და გმობდნენ ღვთის სახელს, რომელსაც ხელმწიფება აქვს ამ წყლულებზე, და არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის.
10გადმოღვარა მეხუთემ თავისი თასი მხეცის ტახტზე და დაბნელდა მისი სამეფო და ტკივილისაგან ენებს იკვნეტდნენ.
11გმობდნენ ზეციერ ღმერთს თავიანთი ტკივილებისა და ჭრილობების გამო და არ მოინანიეს თავიანთი საქმეები.
12გადმოღვარა მეექვსემ თავისი თასი დიდ მდინარეზე – ევფრატზე და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებული ყოფილიყო გზა იმ მეფეთათვის, მზის აღმოსავლიდან რომ მოდიან.
13ვიხილე როგორც გველეშაპისა და მხეცის, ისე ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოსული სამი უწმიდური სული, როგორც ბაყაყები.
14ესენი ეშმაკის სულები არიან. ისინი ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისათვის.
15აჰა, მოვდივარ, როგორც მპარავი. ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს, რათა შიშველმა არ იაროს და არ დაინახონ მისი სირცხვილი.
16შეკრიბა ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ეწოდება.
17გადმოღვარა მეშვიდემ თავისი თასი ჰაერში და ტახტიდან გამოვიდა დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აღსრულდა“.
18იქმნა ელვანი და ხმანი და ქუხილნი და მოხდა დიდი მიწისძვრა, როგორიც არ მომხდარა მას შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა მიწაზე. ასეთი დიდი იყო ის მიწისძვრა.
19დიდი ქალაქი დაიყო სამ ნაწილად და წარმართთა ქალაქები დაემხო და მოხსენებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე, რომ მისცემოდა მას მისი რისხვის მძვინვარების ღვინის თასი.
20ყველა კუნძული გაიქცა და მთები აღარ იპოვებოდა.
21ტალანტის სიდიდის სეტყვა წამოვიდა ციდან ადამიანებზე. და გმობდნენ ადამიანები ღმერთს სეტყვის წყლულის გამო, ვინაიდან ძალიან დიდი იყო მისი წყლული.
Currently Selected:
გამოცხ. 16: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002