YouVersion Logo
Search Icon

იობ. 30

30
იობის პასუხის გაგრძელება
1„და ახლა დამცინიან ჩემზე უმცროსნი, რომელთა მამებსაც ჩემი ფარის ძაღლებშიც არ გავრევდი.
2რაღაში მინდა მათი ხელების ძალა? მათ ძალა გამოცლილი აქვთ.
3დუხჭირითა და შიმშილით ღონემიხდილნი გარბიან გვალვიან ტრამალებში, უდაბნოსა და ხრიოკებში.
4ნაცარქათამას წიწკნიან ჯაგებთან და კურდღლისცოცხას ფესვი მათი პურია.
5ხალხიდან აძევებენ და, როგორც ქურდს, ისე მიჰკივიან;
6აწყდებიან ხევ-ხუვებს, მიწის მღვიმეებს და კლდის ნაპრალებს.
7ბუჩქებს შორის ყროყინებენ სახედრებივით, ჯაგნარებში იყურებიან.
8ძენი უგუნურთა და ძენი უსახელოთა განიდევნენ ქვეყნიდან.
9და მათი საანდაზო.
10ვეზიზღები, გამირბიან და ჩემი სახის წინ ფურთხს არ ზოგავენ.
11რადგან მან ახსნა ჩემი საბელი, პირწინ დამიგდეს ჩემი აღვირი.
12მარჯვნივ ბრბო აღმიდგა, ფერხნი განმირთხეს, ჩემს წინააღმდეგ მოასწორეს თავიანთი დამღუპველი გზები.
13მათ აანგრიეს ჩემი ბილიკი, ჩემს უიღბლობას უმართავენ ხელს,
14თითქოს ფართე მოედანიაო, ქარიშხლით მოექანებიან.
15საშინელებანი დამატყდა თავს, ქარივით მიჰქრის ჩემი დიდება და ღრუბელივით გადავიდა ჩემი დღეკეთილობა.
16აწ ჩემში იღვრება ჩემი სული, მებღაუჭებიან ჩემი გაჭირვების დღეები.
17ღამ-ღამობით ძვლები მტეხავს, ხოლო ტკივილი, მე რომ მწიწკნის, არ მიამდება.
18დიდი ტანჯვით ვიხდი სამოსს, კვართის საყელოსავით მიჭერს.
19მისროლა ლაფში და დავემსგავსე მტვერსა და ნაცარს.
20შველას გთხოვ და პასუხს არ მაძლევ. მე ვდგავარ და შენ თვალს არ მაცილებ.
21სასტიკი გახდი ჩემს მიმართ, შენი ხელის ძალითა მდევნი.
22ქარზე შემომსვამ, მაიძულებ, გავინავარდო. და მაცამტვერებ ქარის ორომტრიალში,
23ასეა, ვიცი, სიკვდილისკენ წამიყვან, და ყოველი ცოცხალის შესაკრებელი სახლისკენ.
24ნანგრევებისკენ ხელს არვინ იწვდის, დაღუპვის პირას რომ მივა კაცი, მაშინღა ეღირსება შველას.
25განა არ მიტირია ბედშავზე? სული არ შემწუხებია გაჭირვებულზე?
26რადგან სიკეთის იმედი მქონდა და ბოროტება მოვიდა, ნათელს ველოდი და ბნელი მოვიდა,
27გულ-ღვიძლი მიდუღს და არ ცხრება: ტანჯვა-წამების დღეები დამიდგა.
28ჩაშავებული დავიარები, უმზეოდ; კრებულში ვდგავარ და შველას ვითხოვ.
29ტურებს ძმად გავუხდი და მეგობრად სირაქლემებს.
30კანი გამიშავდა და ძვლები მივარვარებს სიცხისაგან.
31გოდებად იქცა ჩემი ქნარი, და მოტირალთა ხმად ჩემი სალამური.“

Currently Selected:

იობ. 30: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in