YouVersion Logo
Search Icon

იობ. 31

31
იობის პასუხის გაგრძელება
1„აღთქმა დავუდე ჩემს თვალებს, რომ ქალწულისთვის არ შემეხედა.
2და რა არის ღვთის წილხვედრი მაღლიდან, ან სამკვიდრო ყოვლადძლიერისა ზესკნელიდან?
3განა დაღუპვა არ არის უკეთურისათვის, და ავბედობა ბოროტმოქმედთათვის?
4განა არ ხედავს ის ჩემს გზებს, და არ ითვლის ყოველ ჩემს ნაბიჯს?
5თუ სიცრუით მევლოს და სამზაკვროდ ამჩქარებოდეს ფეხი,
6ამწონოს მე მართალ სასწორზე და გაიგოს ღმერთმა ჩემი უმწიკვლოება.
7თუ გზიდან გადაეხვიოს ჩემს ტერფს, ან თვალებს აჰყოლოდეს ჩემი გული, და ბიწი მოსცხებოდეს ჩემს ხელებს,
8მაშინ, დაე, მე ვთესო და სხვამ ჭამოს, და ამოიძირკვოს ჩემი მონაგარი.
9თუ ჩემი გული ოდესმე ცდუნებულიყოს დედაკაცივით, და ჩემი მოყვასის კართან მეთვალთვალოს,
10მაშინ სხვას უფქვას ჩემმა ცოლმა, და სხვებმა ჩაიმუხლონ მასზე.
11რადგან ეს მრუშობაა და სამსჯავრო დანაშაული.
12რადგან ის ცეცხლი იქნებოდა აბადონამდე მშთანთქმელი, და ჩემი მოსავალის ფესვებამდე ჩამყოლი.
13თუ ოდესმე ჩემი მსახურისა და მხევლისთვის სამართალზე უარი მეთქვას, როცა დავა ჰქონიათ ჩემთან,
14მაშინ რაღა ვქნა, როცა ღმერთი აღდგება? როცა მომკითხავს, რა პასუხი გავცე?
15განა მან, ვინც დედის მუცელში შემქმნა, განა ჩვენ ერთმა ღმერთმა არ გამოგვსახა საშოში?
16თუ ოდესმე უარი მეთქვას ღატაკთა სათხოვარზე, ან ქვრივის თვალები გამეწბილებინოს,
17ან თუ ჩემი პურის ლუკმა მარტოს მეჭამოს და ობლისათვის არ გამეყოს,
18რადგან ყრმობიდანვე ისე იზრდებოდა ჩემთან, როგორც მამასთან, და დედაჩემის მუცლიდანვე ვუძღვებოდი მას;
19თუ მენახოს მომაკვდავი უსამოსლოდ ან გლახაკი უმოსასხამოდ,
20და მის საზარდულს არ დაველოცე და არ გამთბარიყო ჩემი ცხვრის მატყლით,
21თუ ობოლზე ხელი აღმემართოს, როცა კარიბჭესთან ჩემს შემწეს დავინახავდი,
22მაშინ ბეჭს მოსწყდეს ჩემი მხარი და მკლავი იდაყვში გადამიტყდეს!
23რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიმძიმეს ვერ გავუძლებ.
24განა მიმიჩნევია ოქრო ჩემს სასოდ, ან ბაჯაღლო ოქრო იმედად დამისახავს?
25განა გამიხარია იმით, რომ დიდძალი სიმდიდრე მაქვს? რომ ჩემმა ხელმა ბევრი მოიხვეჭა?
26თუ დამენახოს მზე ან მთვარე დიდებულად მოარული,
27და იდუმალ ცდუნებულიყოს ჩემი გული და ჩემს ბაგეებს ჩემი ხელისთვის ეკოცნოს,
28ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგანაც მაღლა ღვთის უარმყოფელი ვიქნებოდი.
29განა გამხარებია ჩემი მოძულის უბედურება? ან მიზეიმია მის ცუდ ამბავზე?
30არ ჩამიდენინებია ცოდვა ჩემი სასისთვის, და წყევლით არ უთხოვია დაღუპვა მისი სულისა.
31განა არ უთქვამთ ჩემი კარვის კაცებს: ‘ვინ არ გამძღარა მისი ხორცით?’
32მწირს გარეთ არ გაუთევია, კარი ღია მქონდა მგზავრისთვის.
33განა დამიფარავს ჩემი დანაშაული ადამივით, რომ უბეში შემემალა ჩემი შეცოდება?
34რადგან მზარავდა ხალხის სიმრავლე და საგვარეულოს ზიზღი მაშინებდა, ვდუმდი და კარში არ გავდიოდი.
35ნეტავ ვინმე მომისმენდეს მე! აჰა, ესაა ჩემი ნიშანი! ყოვლადძლიერმა პასუხი გამცეს! ნეტავ საჩივრის წიგნი მომცა, ჩემი მოშუღლის ხელით ნაწერი!
36განა მას ზურგით არ ვატარებდი? გვირგვინივით შემოვიხვევდი,
37მოვახსენებდი ჩემს ყოველ ნაბიჯს, და როგორც მთავარს, ვეახლებოდი.
38თუ ჩემზე ჩემს მიწას დაეჩივლოს და ხნულები ატირებულიყვნენ,
39თუ მუქთად მეჭამოს მისი მოსავალი ან მის მეპატრონეთა სული შემეწუხებინოს,
40მაშინ ნაცვლად ხორბლისა ეკალი ამოვიდეს, და ნაცვლად ქერისა – ღვარძლი!“ ამით დასრულდა იობის სიტყვები.

Currently Selected:

იობ. 31: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in