იობ. 32
32
იობი და ელიჰუ
1და შეწყვიტა სამმა კაცმა იობისათვის პასუხის გაცემა, რადგან იგი თავის თვალში მართალი იყო.
2მაშინ განრისხდა ელიჰუ, ბუზელი ბარაქელის ძე, რამის საგვარეულოდან. იობზე იმის გამო განრისხდა, რომ მან თავი ღმერთზე მართლად ჩათვალა.
3თავის სამ მეგობარზე იმის გამო განრისხდა, რომ მათ პასუხი ვერ უპოვნეს, მაგრამ მაინც იობი გაამტყუნეს.
4და ელიჰუ იცდიდა, რომ იობს დალაპარაკებოდა, რადგან ყველანი მასზე უფროსები იყვნენ წლებით.
5რაკი დაინახა ელიჰუმ, რომ ამ სამი კაცის პირს პასუხი არ გააჩნდა, განრისხდა.
6მიუგო ელიჰუმ, ბუზელი ბარაქელის ძემ, და უთხრა: „წლებით მე უმცროსი ვარ, თქვენ კი მოხუცებულნი; ამიტომ მერიდებოდა და მეშინოდა, რომ ჩემი აზრი თქვენთვის მომეხსენებინა.
7მე ვთქვი: დღეებმა უნდა ილაპარაკონ და სიბრძნე წელთა სიმრავლემ უნდა ასწავლოს-მეთქი.
8მაგრამ კაცში იმყოფება სული, და სუნთქვა ყოვლადძლიერისა მას აგონიერებს.
9დღეგრძელნი ყოველთვის როდი არიან ბრძენნი, და მხოლოდ უხუცესნი როდი ხვდებიან სამართალს.
10ამიტომ ვამბობ: მისმინეთ-მეთქი, რათა მეც გამოვთქვა ჩემი აზრი.
11ვუცდიდი მე თქვენს სიტყვებს, ყურს ვუგდებდი თქვენს მსჯელობას, როცა სათქმელს ეძებდით.
12და დაგაკვირდით მე თქვენ, და აჰა, არ იყო თქვენს შორის მამხილებელი, პასუხი რომ მიეგო იობისთვის.
13ნუ იტყვით: ღმერთი მოიგერიებს მას და არა კაცი.’
14არ მიუმართავს ჩემს წინააღმდეგ სიტყვები, და არც მივმართავ მას თქვენი სიტყვებით.
15სასოწარეკვეთათ, ვეღარ უპასუხეს, დაელიათ სიტყვები;
16მეც ველოდებოდი, როდის შეწყვეტდნენ ლაპარაკს რაკი დადგნენ და აღარ პასუხობენ,
17მეც გავცემ ჩემს წილ პასუხს, მეც გამოვთქვამ ჩემს აზრს.
18რადგან სავსე ვარ სიტყვებით, სული შიგნიდან მაწვება.
19აჰა, ჩემი შინაგანი მაჭარივითაა, რომელსაც თავი დაუცეს და ხეთქავს
20ვილაპარაკებ, რომ სული მოვითქვა: გავხსნი ბაგეებს და ვუპასუხებ.
21პირფერობას არ დავუწყებ კაცს, და ადამიანს არ ვემლიქვნელები.
22რადგან მე მლიქვნელობა არ ვიცი – უმალ ჩემმა გამჩენმა წამიყვანოს!“
Currently Selected:
იობ. 32: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002