YouVersion Logo
Search Icon

იობ. 28

28
იობის პასუხის გაგრძელება
1„რადგან ვერცხლს საბადო აქვს და ოქროს კი ადგილი, სადაც წმენდენ მას.
2რკინას მიწიდან იღებენ, სპილენძი კი ქვისაგან გამოიდნობა.
3ზღვარი დაუდვა კაცმა ბნელს და ქვეყნის კიდემდე ეძებს ქვას წყვდიადსა და ბნელში.
4გაკაფა გზა ხეობაში, შორს უკაცრიელი ადგილიდან, ფეხმივიწყებულ ადგილებში. გამოკიდებულნი არიან კაცთაგან შორს და ქანაობენ.
5მიწა – მისგან აღმოცენდა პური, მისი ქვეშეთი აბრუნებულია, როგორც ცეცხლი.
6მისი ქვები საფირონის ადგილია და მის მიწაში ოქრო ურევია.
7მისი ბილიკი არ იცის მტაცებელმა ფრინველმა, და შევარდნის თვალსაც არ დაუნახავს.
8ამაყ მხეცებს იქ ფეხი არ დაუდგამთ, ლომს მასზე არ გაუვლია.
9კაჟზე იშვერს ხელს, ძირფესვიანად აყირავებს მთებს.
10კლდეებში არხები გაჰყავს და ყოველივე ძვირფასს სჭვრეტს მისი თვალი.
11მდინარეთა დინებას აკავებს, და დამალული სინათლეზე გამოაქვს.
12სად იპოვება სიბრძნე? და სად არის გონების ადგილი?
13მისი ფასი არ იცის კაცმა, და ცოცხალთა ქვეყანაში არ იპოვება.
14უფსკრული ამბობს ‘ის ჩემში არ არის!’ და ზღვაც ამბობს: ‘ჩემთან არ არის!’
15არ გაიცვლება ხალას ოქროში, და არ აიწონება ვერცხლი მის საფასურად.
16არ შეფასდება ოფირის ოქროდ, არც ძვირფასი ონიქსითა და საფირონით.
17ვერ გაუსწორდება მას და ვერც ბაჯაღლოს ჭურჭელში გაიცვლება.
18მარჯანი და ბროლი არ არის სახსენებელი, და სიბრძნის მოხვეჭა მარგალიტთა უმჯობესია.
19ვერ გაუსწორდება მას ქუშის ტოპაზი, ხალასი ოქროთი ვერ შეფასდება.
20საიდან მოდის სიბრძნე? და სად არის გონების ადგილი?
21იგი დამალულია ყოველი ცოცხალის თვალთაგან, და დაფარულია ცის ფრინველთაგან.
22აბადონი და სიკვდილი ამბობენ: ‘ყური მოგვიკრავს მისთვის!’
23ღმერთმა იცის მისი გზა და მან უწყის მისი ადგილი,
24რადგან ის გაჰყურებს ქვეყნის კიდეებს, და ჭვრეტს მთელ ცისქვეშეთს.
25როდესაც ქარს წონას უწესებდა და წყალს საწყაულით წყავდა,
26როდესაც წვიმას წესს უდებდა და მეხისცემას – გზა-სავალს,
27მაშინ იხილა იგი და გამოაცხადა, გამოიკვლია,
28და ადამიანს უთხრა: ‘უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისაგან განრიდებაა გონება.’“

Currently Selected:

იობ. 28: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in