იობ. 27
27
იობის პასუხის გაგრძელება
1და განაგრძო იობმა თავისი იგავის თხრობა და თქვა:
2„ვფიცავ ღმერთს, რომელმაც წამართვა სამართალი, და ყოვლადძლიერს, რომელმაც სიცოცხლე გამიმწარა.
3რადგან, ვიდრე ჩემი სუნთქვა ჩემშია და ღვთის სული ჩემს ნესტოებშია,
4ჩემი ბაგეები არ იტყვიან უკეთურებას და ჩემს ენას არ დასცდება სიცრუე.
5ღმერთმა დამიფაროს, რომ გაგამართლოთ! სიკვდილამდე არ განვიშორებ ჩემს უმწიკვლოებას!
6ჩემს სიმართლეს მტკიცედა ვარ ჩაბღაუჭებული და არ გავუშვებ. არ გავუმტყუნებივარ ჩემს გულს ჩემი დღე და მოსწრება.
7იყოს მტერი ჩემი, როგორც ურჯულო, და მოწინააღმდეგე ჩემი, როგორც უკეთური.
8რადგან როგორია სასოება მლიქვნელისა, როცა იპოვის სარგებელს, როდესაც აცთუნებს ღმერთი მის სულს?
9განა შეისმენს მის ღაღადისს ღმერთი, როცა მას გასაჭირი დაადგება თავს?
10ინეტარებს განა ყოვლადძლიერში და ღვთის ხსენებაში იქნება გამუდმებით?
11მე თქვენ გასწავლით ღვთის ხელით, რაც ყოვლადძლიერთან არის, არ დავფარავ.
12აჰა, თქვენ ყველას ნანახი გაქვთ და რაღა საჭიროა ამაო ლაპარაკი?
13ასეთია ურჯულო კაცის ხვედრი ღმერთთან, და მტარვალთა ხვედრი, ყოვლადძლიერისაგან რომ ერგებათ.
14თუ ვაჟები გაუმრავლდება, და მისი შთამომავალნი პურით ვერ გაძღებიან.
15მის ნატამალს სიკვდილი დაასამარებს, და მათი ქვრივები ვერ დაიტირებენ მათ.
16თუ მიწა-მტვერივით დააგროვებს ვერცხლს და თიხასავით მოამზადებს სამოსელს,
17ის კი მოამზადებს, მაგრამ მართალი შეიმოსავს, ვერცხლი კი უდანაშაულოს ერგება წილად.
18აშენებს თავის სახლს, როგორც ჩრჩილი, და როგორც დარაჯი იკეთებს ქოხს.
19წვება მდიდარი და არაფერი აკლია, თვალებს აახელს და აღარაფერია.
20ეწევა საშინელებანი, როგორც წყლები, ღამით გრიგალი გაიტაცებს მას.
21წაიღებს მას აღმოსავლეთის ქარი და წავა და წარხვეტს მას მისი ადგილიდან.
22და მოისვრის მას და არ შეიბრალებს. განა გაექცევა მის ხელს?
23ხალხი ტაშს შემოჰკრავს მის გამო და სტვენას დაუწყებს მას თავისი ადგილიდან.“
Currently Selected:
იობ. 27: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002