ებრ. 10
10
მსხვერპლი და სრულადდასაწველი
1რჯული, რომელსაც აქვს მომავალ სიკეთეთა აჩრდილი და არა თვით საგანთა ხატება, ყოველ წელს მუდმივად შეწირული ერთი და იმავე მსხვერპლით ვერასოდეს შეძლებს სრულყოს მასთან მისულები,
2თორემ შეწყვეტდნენ შესაწირავს, ვინაიდან შემწირველებს, თუ ერთხელ განიწმიდებოდნენ, აღარ ექნებოდათ ცოდვების არავითარი შეგნება.
3მაგრამ მათში არის ცოდვების ყოველწლიური გახსენება.
4ვინაიდან ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა შეუძლებელია.
5ამიტომ ქრისტე სოფელში მოსვლისას ამბობს: „მსხვერპლი და შესაწირავი არ გსურს, მაგრამ სხეული განმიმზადე მე.
6სრულადდასაწველები და ცოდვის გამოსასყიდი არ იყო შენთვის მოსაწონი.
7მაშინ მე ვთქვი: ‘აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში სწერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო’“.
8ზემოთ რომ თქვა: „არც მსხვერპლები, არც შესაწირავები, არც სრულადდასაწველები, არც ცოდვის გამოსასყიდნი, რომლებსაც სწირავენ რჯულის თანახმად, შენ არ გსურს და არც არის შენთვის მოსაწონი“,
9მაშინ დასძინა: „აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო“. ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე.
10ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით.
11და ყოველი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და მრავალგზის სწირავს იმავე მსხვერპლთ, რომელთაც არასოდეს არ ძალუძთ ცოდვების მოსპობა.
12მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ.
13მას შემდეგ კი ელის, სანამ მისი მტრები მის ფერხთა კვარცხლბეკად იქცევიან.
14ვინაიდან მან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმედელნი.
15სულიწმიდაც გვიმოწმებს ჩვენ, ვინაიდან ნათქვამია:
16„აჰა, აღთქმა, რომელსაც ვუანდერძებ მათ იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი, მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებს და ჩავწერ მათს გონებაში.“
17„ცოდვებსა და ურჯულოებას აღარ გავუხსენებ.“
18ხოლო, სადაც ცოდვების მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის შესაწირავი მათთვის.
შეგონება სიმტკიცეზე
19ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს გაბედულება წმიდაში შესვლისა იესოს სისხლის მეშვეობით, ახალი და ცოცხალი გზით,
20რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი, თავისი ხორცით,
21და გვყავს მღვდელმთავარი ღვთის სახლზე,
22მივუახლოვდეთ მას გულმართლად და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისაგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.
23მტკიცედ მივყვეთ სასოების აღსარებას, ვინაიდან აღმთქმელი სარწმუნოა.
24ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის.
25ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს, რაც უფრო ატყობთ იმ დღის მოახლოებას.
შედეგი ცოდვის შეცნობისა
26ვინაიდან, თუ ჩვენ, მას აქეთ, რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შეცნობა, კვლავ ნებსით ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის,
27არამედ სამსჯავროს რაღაც საშინელი მოლოდინი და მოწინააღმდეგეთა შთანთქმისათვის გამზადებული შურის ცეცხლი.
28თუკი ვინმე, მოსეს რჯულის უარმყოფელი, ორი ან სამი კაცის მოწმობით, შეუწყალებლად ისჯება სიკვდილით,
29როგორ ფიქრობთ, რაოდენ უფრო მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ძე ღვთისა და წმიდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი, რომლითაც განიწმიდა, და შეურაცხყო მადლის სული?
30რადგან ჩვენ ვიცნობთ იმას, ვინც თქვა: „ჩემია შურისგება და მე მივუზღავ“. და კიდევ: „უფალი განიკითხავს თავის ერს“.
31საშიშია ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა!
მოთმინება გესაჭიროებათ,
რათა მიიღოთ აღთქმული
32გაიხსენეთ უწინდელი დღეები, როცა განათლდით და დაითმინეთ ტანჯვის უდიდესი ღვაწლი.
33ერთი მხრივ, შეურაცხყოფასა და ჭირში იყავით სხვათა სასეიროდ ქცეული, მეორეს მხრივ კი, მათ თანაუგრძნობდით, ვისაც იგივე დაემართა.
34ვინაიდან ჩემს ბორკილებსაც თანაუგრძნობდით და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით იტანდით, რაკი იცოდით, რომ ზეცაში გაქვთ უკეთესი და წარუვალი საუნჯე.
35მაშ, ნუ მიატოვებთ თქვენს გაბედულებას, რომელსაც დიდი საზღაური აქვს.
36მოთმინება გმართებთ თქვენ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული.
37ვინაიდან კიდევ ცოტა, ძალიან ცოტაც და მოვა, რომელიც უნდა მოვიდეს, არ დააყოვნებს.
38მართალი იცოცხლებს რწმენით, ხოლო თუ უკან მიიქცევა, ჩემი სული არ მოიწონებს მას.
39ხოლო ჩვენ უკან მიქცეულთაგანნი კი არა ვართ დასაღუპავად, არამედ მორწმუნენი სულის სახსნელად.
Currently Selected:
ებრ. 10: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002