YouVersion Logo
Search Icon

ებრ. 9

9
პირველი კარავი, მაგალითი აწმყოსი
1პირველ აღთქმასაც ჰქონდა ღვთისმსახურების წესდებები და ამა სოფლის წმიდა,
2ვინაიდან მოწყობილი იყო პირველი კარავი, რომელშიც იყო სასანთლე, ტაბლა და საწირი პური და რომელსაც წმიდა ეწოდებოდა;
3მეორე ფარდის მიღმა იყო კარავი, სახელწოდებით წმიდათა წმიდა,
4რომელსაც ჰქონდა ოქროს სასაკმევლე და ყოველი მხრიდან ოქროთი მოჭედილი აღთქმის კიდობანი, სადაც იყო მანანით სავსე ოქროს ტაკუკი, აარონის განედლებული კვერთხი და აღთქმის დაფები.
5ხოლო მათ ზემოთ დიდების ქერუბიმნი, რომელნიც უჩრდილავდნენ შენდობის ადგილს. ამაზე ახლა ნუ ვილაპარაკებთ დაწვრილებით.
6ასეთნაირად მოწყობილ პირველ კარავში მუდამ შედიან მღვდლები მსახურებათა შესასრულებლად.
7ხოლო მეორეში – მარტო მღვდელმთავარი, წელიწადში ერთხელ, ოღონდ არა სისხლის გარეშე, რომელსაც სწირავს თავისათვის და ხალხის უმეცრებისათვის.
8სულიწმიდა უჩვენებს ამით, რომ ჯერ კიდევ არაა გახსნილი გზა წმიდაში, სანამ დგას პირველი კარავი.
9ეს არის აწმყო დროის იგავი, როცა სწირავენ ძღვენთა და მსხვერპლთ, რასაც არ შეუძლია შემწირველის სინდისის სრულყოფა,
10რაც საჭმელ-სასმელებითა და სხვადასხვა განბანებით, და ხორციელი წესებით, დადგენილი იყო მხოლოდ გამოსწორების ჟამამდე.
ქრისტე მღვდელმთავარი
11ხოლო ქრისტე, კეთილი მომავლის მღვდელმთავარი, მოვიდა დიდი და უფრო სრულყოფილი, ხელთუქმნელი კარვით, ესე იგი, არა ამნაირად შექმნილით,
12არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა.
13ვინაიდან თუ ვაცთა და კუროთა სისხლი და დეკეულის ფერფლის პკურება წმიდაჰყოფს გაუწმიდურებულთ, რათა განიწმიდოს სხეული,
14მით უმეტეს, სისხლი ქრისტესი, რომელმაც საუკუნო სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღვთის სამსახურისათვის.
შუამდგომელი ახალი აღთქმისა
15ამიტომ ის არის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც პირველი აღთქმის დანაშაულთა გამოსასყიდად მოხდა, მათ, ვინც მოწოდებულნი არიან საუკუნო მემკვიდრეობისათვის, მიიღონ აღთქმული.
16ვინაიდან, სადაც ანდერძია, იქ აუცილებელია მოანდერძის სიკვდილი.
17რადგან ანდერძს ძალა აქვს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ. მანამდე მას ძალა არა აქვს, ვიდრე მოანდერძე ცოცხალია.
18ამიტომ არც პირველი აღთქმა იყო დამტკიცებული სისხლის გარეშე.
19ვინაიდან მოსემ, როცა წარმოთქვა მთელი ხალხის წინაშე ყველა მცნება რჯულისამებრ, აიღო ზვარაკთა და ვაცთა სისხლი წყალთან, მეწამულ მატყლთან და უსუპთან ერთად და აპკურა როგორც წიგნს, ისე მთელ ხალხს.
20და თქვა: „ესაა სისხლი აღთქმისა, რომელიც ღმერთმა აღგითქვათ თქვენ“.
21მან კარავსაც და მთელ სამსახურებელ ჭურჭელსაც ასხურა სისხლი.
22თითქმის ყველაფერი, რჯულის მიხედვით, სისხლით წმიდავდება, და სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება.
ქრისტე შევიდა თვით ცაში
23ამგვარად, იმათი სახეები, რომლებიც ზეცაში არიან, უნდა წმიდავდებოდნენ ამით, თვით ზეციურნი კი ამაზე უმჯობესი მსხვერპლებით.
24რადგან არა ხელთქმნილ წმიდაში შევიდა ქრისტე, ჭეშმარიტის წინასახეში, არამედ თვით ცაში, რათა წარდგეს ახლა ღვთის წინაშე ჩვენთვის.
25და არა იმისათვის, რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც შედის მღვდელმთავარი ყოველწლიურად წმიდაში სხვისი სისხლით.
26მაშინ მას სოფლის დასაბამიდან მრავალგზის მოუხდებოდა ტანჯვა, ის კი ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა თავისი მსხვერპლით ცოდვის აღსაკვეთად.
27და როგორც ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა,
28ასევე ქრისტეც, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვებისაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად.

Currently Selected:

ებრ. 9: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in