YouVersion Logo
Search Icon

ებრ. 11

11
რწმენის მაგალითები დაბადებიდან ნოემდე
1ხოლო რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.
2მასში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება.
3რწმენით შევიტყობთ, რომ საუკუნეები მოწყობილია ღვთის სიტყვით, რადგან წარმოიშვა უხილავისაგან.
4რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მის ძღვენთა შესახებ, და მისითვე კვლავ ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგ.
5რწმენით იქნა გადაყვანილი ხანოქი, რათა სიკვდილი არ ენახა. ვეღარავინ ჰპოვა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, ვინაიდან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა.
6ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს.
7რწმენით მიიღო ნოემ გამოცხადება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული; ღვთისმოშიშობით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად. ამით მსჯავრი დასდო სოფელს და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის ძალით.
ისაკი, იაკობი, იოსები, მოსე და სხვანი
8რწმენით დაემორჩილა აბრაამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, რომელიც სამემკვიდროდ უნდა მიეღო, და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა.
9რწმენით მდგმურობდა აღთქმულ ქვეყანაში, როგორც უცხოს, და კარვებში სახლობდა ისაკთან და იაკობთან – იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად.
10ვინაიდან ელოდა საძირკვლიან ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია.
11რწმენით მიიღო სარამაც, უნაყოფომ, ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგადასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.
12ამიტომ ერთისაგან და, ისიც ლამის მკვდრისაგან იშვა მრავალი, როგორც ცაში ვარსკვლავები და, როგორც უთვალავი ქვიშა ზღვის ნაპირზე.
13რწმენაში დაიხოცნენ ესენი ყველანი და ვერ მიიღეს აღთქმულნი, მხოლოდ შორიდან დაინახეს ისინი, ერწმუნენ მათ, და ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და მწირნი არიან ამ ქვეყანაზე.
14ხოლო ისინი, ვინც ამას ამბობდნენ, ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.
15და თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო.
16მაგრამ მათ სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური. ამიტომ ღმერთსაც არ ეთაკილება, რომ თავის თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან მოუმზადა მათ ქალაქი.
17რწმენით მიიყვანა აბრაამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა და, აღთქმათა მიმღებელმა, მხოლოდშობილი შესწირა.
18რომელზეც ნათქვამი იყო: „ისაკში დაგეწერება შთამომავლობა“.
19ვინაიდან მიიჩნია, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომ მიიღო იგი მაგალითის სახით.
20რწმენით აკურთხა ისაკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის.
21რწმენით აკურთხა სათითაოდ იაკობმა იოსების ძენი და თაყვანი სცა ღმერთს თავის კვერთხს დაყრდნობილმა.
22რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების შესახებ.
23რწმენით მალავდნენ მოსეს მისი მშობლები დაბადებიდან სამ თვეს, ვინაიდან ხედავდნენ, რომ ბავშვი კარგი იყო, და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას.
24რწმენით უარი თქვა მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო.
25და ღვთის ხალხთან ტანჯვა ამჯობინა წარმავალ, ცოდვიან განცხრომას.
26ცხებულის გულისთვის დამცირება მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან ხედავდა საზღაურს.
27რწმენით დატოვა ეგვიპტე და მეფის რისხვას არ შეუშინდა, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
28რწმენით მოაწყო პასექი და სისხლის შეპკურება, რათა არ გაჰკარებოდა შემმუსვრელი მათ პირმშოებს.
29რწმენით გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე, ხოლო ეგვიპტელებმაც სცადეს, მაგრამ დაინთქნენ.
30რწმენით დაეცა იერიხოს გალავნები შვიდდღიანი გარშემოვლის შემდეგ.
31რწმენით არ დაიღუპა ურწმუნოებთან ერთად მეძავი რახაბი, რომელმაც მშვიდობიანად მიიღო მზვერავები.
მათი მიღწევა რწმენით
32კიდევ რა ვთქვა? დრო არ მეყოფა, რომ ვილაპარაკო გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე,
33რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს,
34შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისაგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს.
35ცოლები აღდგომიდან ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს, სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისათვის მიეღწიათ.
36ზოგმა დაითმინა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები.
37მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ, მახვილივთ იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, შეჭირვებულნი, შევიწროვებულნი, დათრგუნულნი.
38ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი სოფელი, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, მიწის მღვიმეებსა და ხევხუვებში.
39ყველა ამათგანს რწმენით დამოწმება კი ჰქონდა, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული,
40იმიტომ, რომ წინასწარ გაითვალისწინა ღმერთმა ჩვენთვის მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ განსრულებულიყვნენ.

Currently Selected:

ებრ. 11: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in