2ტიმ. 4
4
იქადაგე სიტყვა, დაითმინე მწუხარება
1ამრიგად, გიმოწმებ ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს თავისი მოსვლითა და თავისი სასუფევლით.
2იქადაგე სიტყვა, დაჟინებით, დროულად და უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი სულგრძელებითა და სწავლებით.
3ვინაიდან დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს.
4ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და ზღაპრებისაკენ მიმართავენ.
5მაგრამ შენ ფხიზლად იყავი ყველაფერში, დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება.
კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი
6ვინაიდან მე უკვე გამზადებული ვარ სამსხვერპლოდ, დადგა ჩემი წასვლის ჟამი.
7კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე.
8ახლა კი მომელის მე სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული, და არა მარტო მე, არამედ ყველას, რომელთაც შეიყვარეს მისი გაცხადებით მოსვლა.
პირადი სიტყვა, სალამი და კურთხევა
9ისწრაფე, რომ მალე მოხვიდე ჩემთან.
10ვინაიდან დემამ შეიყვარა ეს საუკუნე, მიმატოვა მე და წავიდა თესალონიკეს, კრესკესი – გალატიას, ტიტე – დალმატიას.
11მარტო ლუკაღა არის ჩემთან. აიყვანე მარკოზი და თან წამოიყვანე, ვინაიდან მჭირდება მსახურებისათვის.
12ტვიქიკოსი ეფესოში მივავლინე.
13მოსასხამი, რომელიც ტროაში დავტოვე კარპესთან, წამომიღე, როცა წამოხვალ, აგრეთვე წიგნებიც, მეტადრე პერგამენტები.
14მესპილენძე ალექსანდრემ დიდად მავნო. უფალმა მიუზღოს მის საქმეთა მიხედვით.
15შენც უფრთხილდი მას, ვინაიდან იგი ძალიან ეწინააღმდეგებოდა ჩვენს სიტყვებს.
16ჩემი პირველი საპასუხო სიტყვისას არავინ იყო ჩემთან, ყველამ მიმატოვა. ნუ ჩაეთვლებათ მათ.
17ხოლო უფალი ამომიდგა მე და გამაძლიერა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულდეს ქადაგება და მოისმინოს ყველა წარმართმა. მე თავი დავაღწიე ლომის ხახას.
18დამიხსნის უფალი ყოველი ბოროტისგან და დამიცავს თავისი ცათა სასუფევლისათვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
19მომიკითხე პრისკა და აკვილა და ონისიფორეს სახლი.
20ერასტოსი კორინთოში დარჩა, ხოლო ტროფიმოსი ავადმყოფი დავტოვე მელიტონში.
21ისწრაფე, რომ ზამთრამდე მოხვიდე. მოგიკითხავენ ევბულოსი და პუდენსი, ლინოსი და კლავდია და ყველა ძმა.
22უფალი იყოს შენს სულთან. მადლი თქვენთან. ამინ.
Currently Selected:
2ტიმ. 4: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002