YouVersion Logo
Search Icon

2ტიმ. 3

3
დადგება საზარელი ჟამი
1ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება,
2ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავის მოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი,
3მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი,
4გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა,
5რომელთაც ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ. ასეთებს ერიდე.
6ზოგიერთი მათგანი იპარება სახლებში და აცდუნებს უგუნურ ქალებს, ცოდვებში ჩაფლულთ, და სხვადასხვაგვარი გულისთქმებით შეპყრობილთ,
7რომლებიც მუდამ სწავლობენ და ვერასოდეს აღწევენ ჭეშმარიტების შეცნობას.
8როგორც იანე და იამბრე წინააღუდგნენ მოსეს, ასევე ესენიც ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას, გონებით გახრწნილი ადამიანები, რწმენაში უმეცარნი.
9მაგრამ ისინი მეტად ვეღარ წაიწევენ წინ, რადგან მათი უგუნურება თავს იჩენს ყველას წინაშე, ისევე როგორც იმათ დაემართათ.
10შენ კი მე მომყევი მოძღვრებაში, ქცევაში, განზრახვაში, რწმენაში, ჭეშმარიტებაში, დიდსულოვნებაში, სიყვარულში, მოთმინებაში,
11დევნებში, ტანჯვებში, რაც შემემთხვა მე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრაში. რა დევნანი არ გადავიტანე, მაგრამ ყველაფრისაგან მიხსნა უფალმა.
12და ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება.
13ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები კი წინ წაიწევენ უარესისაკენ, სხვებსაც აცდენენ და თავადაც ცდუნებაში იქნებიან.
საღვთო წერილებს ძალუძთ
შენი დაბრძენება სახსნელად
14შენ კი იდექ იმაზე, რაც გისწავლია და რაც გირწმუნია, ვინაიდან იცი, ვისგან გისწავლია.
15რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება სახსნელად ქრისტე იესოს რწმენით.
16მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში.
17რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული.

Currently Selected:

2ტიმ. 3: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in