2ტიმ. 2
2
დაითმინე ტანჯვა,
როგორც იესო ქრისტეს კეთილმა მეომარმა
1ამიტომ, შენ, ჩემო შვილო, იყავ ძლიერი მადლში, რომელიც ქრისტე იესოშია.
2და რაც მოისმინე ჩემგან მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი სარწმუნო ადამიანებს, რომელთაც უნარი ექნებათ სხვების სწავლებისა.
3იტანჯე ჩემთან ერთად, როგორც იესო ქრისტეს კეთილმა მეომარმა.
4არც ერთი მეომარი არ შეიბორკება ცხოვრებისეული საქმეებით, რათა აამოს მხედართმთავარს.
5ხოლო ვინმემ რომ იბრძოლოს კიდეც, გვირგვინს ვერ მიიღებს, თუ უკანონოდ იბრძოლებს.
6მიწისმუშაკმა პირველმა უნდა იგემოს ნაყოფებისაგან.
7დაფიქრდი ჩემს ნათქვამზე, რადგან უფალი მოგცემს გაგებას ყველაფერში.
8გახსოვდეს მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, ჩემი სახარების მიხედვით.
9რისთვისაც მე ვიტანჯები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვა შებორკილი არაა.
10ამიტომ ყოველივეს ვითმენ რჩეულთათვის, რათა მათაც მიიღონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებასთან ერთად.
11სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან დავიხოცეთ, მასთან ერთად ვიცოცხლებთ.
12თუ მოვითმენთ, მასთან ერთად ვიმეფებთ. თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ.
13თუ ჩვენ არა გვწამს, იგი მაინც სარწმუნოდ რჩება, ვინაიდან საკუთარ თავს ვერ უარყოფს.
აკეთე კეთილი საქმეები სუფთა გულით,
ერიდე ჯიბრს
14ეს შეახსენე მათ და დაუმოწმე ღვთის წინაშე, არ იკინკლაონ სიტყვების გამო, სრულიად უსარგებლოდ, მსმენელთა შესაცბუნებლად.
15ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად.
16მოერიდე უწმიდურ ლაყბობას, რომელსაც უფრო და უფრო მიჰყავს ხალხი უღვთოებისაკენ.
17მათი სიტყვა ღია წყლულივითაა, რომელიც ჭამს ხორცს. ასეთები არიან ჰიმენევსი და ფილეტოსი,
18რომლებიც განუდგნენ ჭეშმარიტებას, ამბობენ, აღდგომა უკვე იყოო და ზოგიერთებს ურღვევენ რწმენას.
19ხოლო ღვთის მტკიცე საფუძველი დგას და აქვს ეს ბეჭედი: „იცნო უფალმა თავისიანები და განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს“.
20დიდ სახლში არ არის მარტო ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, არამედ აგრეთვე ხისა და თიხისა, ზოგი საპატიოდ, ზოგი არასაპატიოდ.
21ამრიგად, ვინც ამათგან გასუფთავდება, ის იქნება პატივდებული ჭურჭელი, განწმედილი და ხელმწიფისათვის სახმარი, გამზადებული ყოველი კეთილი საქმისათვის.
22ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.
23სულელურ და უმეცრულ პაექრობებს მოერიდე. იცოდე, რომ ისინი შეხლა-შემოხლით თავდება.
24ღვთის მონას კი არ მართებს ჩხუბი, არამედ მშვიდი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარე.
25სიმშვიდით არწმუნებდეს მოწინააღმდეგეთ, ვინძლო მისცეს მათ უფალმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად,
26რათა გათავისუფლდნენ ეშმაკის მახისაგან, რომელმაც თავის ნებაზე დაატყვევა ისინი.
Currently Selected:
2ტიმ. 2: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002