YouVersion Logo
Search Icon

2ტიმ. 1

1
მისალმება
1პავლე, ღვთის ნებით ქრისტე იესოს მოციქული, ქრისტე იესოში სიცოცხლის აღთქმისამებრ.
2ტიმოთეს, საყვარელ შვილს – მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.
ტიმოთემ გააღვივოს ღვთის ნიჭი
3ვმადლობ ღმერთს, რომელსაც ვმსახურებ წმიდა სინდისით, წინაპართა კვალზე, რომ განუწყვეტლივ გიხსენებ ჩემს ლოცვებში ღამით და დღისით.
4მენატრება შენი ნახვა, ვიხსენებ რა შენს ცრემლებს, რათა სიხარულით აღვივსო.
5ვიხსენებ შენს წრფელ რწმენას, რომელიც უწინ დამკვიდრებული იყო დიდედაშენ ლოისში და დედაშენ ევნიკეში და მწამს, რომ იგი შენშიც არის.
6ამ მიზეზით შეგახსენებ გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში.
7ვინაიდან ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.
8მაშ, ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის დამოწმებისა, ასევე ნურც ჩემი, მისი პატიმრისა, არამედ იტანჯე ჩემთან ერთად სახარებისათვის ღვთის ძალით,
9რომელმაც გვიხსნა ჩვენ და მოგვიხმო ჩვენ წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი ნებითა და მადლით, რომელიც მოგვეცა ჩვენ ქრისტე იესოში საუკუნეთა უწინარეს.
10ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოცხადებით, რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სახარებით გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება,
11რომლის მაცნედ, მოციქულად და მასწავლებლად ვარ დადგენილი.
12ამ მიზეზით ვიტანჯები ასე, მაგრამ არა მრცხვენია, ვინაიდან ვიცი, ვისაც ვერწმუნე, და მწამს, რომ მას ძალუძს შეინახოს ჩემი საწინდარი იმ დღისათვის.
13ჩაეჭიდე საღი სიტყვების მაგალითს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენით და სიყვარულით, რაც ქრისტე იესოშია.
14შეინახე კეთილი საწინდარი სულიწმიდით, რომელიც ჩვენშია დამკვიდრებული.
15შენ იცი ეს, რომ აზიაში მიმატოვა ყველამ, მათ შორის ფიგელოსმა და ერმოგენესმა.
16უფალმა მისცეს წყალობა ონისიფორეს სახლს, ვინაიდან მან მრავალჯერ გამამხნევა და ჩემი ბორკილებისა არ შერცხვა,
17არამედ რომში მოსული გულმოდგინედ მეძებდა და მომნახა.
18მისცეს მას უფალმა, რომ ჰპოვოს უფლის მიერ წყალობა იმ დღეს. ხოლო რაც ეფესოში სამსახური გაუწევია, შენ უკეთ იცი.

Currently Selected:

2ტიმ. 1: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in