YouVersion Logo
Search Icon

1კორ. 10

10
ეგონათ, რომ იდგნენ, მაგრამ დაეცნენ
1არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვაში.
2და ყველანი მოინათლნენ მოსეს მიერ ღრუბელში და ზღვაში.
3და ყველანი ჭამდნენ ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს,
4და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ. ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე.
5მაგრამ მათგან უმრავლესობა როდი მოიწონა ღმერთმა: ვინაიდან ისინი უდაბნოში დაეცნენ.
6ეს კი ჩვენთვის მაგალითი იყო, რათა არ შევნატროდეთ ბოროტს, როგორც შენატროდნენ ისინი.
7არც კერპთაყვანისმცემლები იყოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი, როგორც სწერია: „დასხდა ხალხი საჭმელ-სასმელად, და წამოდგნენ სათამაშოდ.“
8ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძაობდა, და ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი დაეცა.
9ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოსცადა და ისინი გველებისაგან დაიღუპნენ.
10არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი დრტვინავდა და დაიღუპნენ შემმუსვრელისაგან.
11ყოველივე ეს მათ დაემართათ სამაგალითოდ და აღწერილია ჩვენს დასარიგებლად, რომლებმაც მივაღწიეთ სოფლის აღსასრულს.
12ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს.
13არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; და სარწმუნო ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ ატანა.
განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას
14ამიტომ, ჩემო საყვარელნო, განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას.
15როგორც გონიერებს გელაპარაკებით; თავად განსაჯეთ, რასაც ვამბობ.
16კურთხევის სასმისი, რომელსაც ჩვენ ვაკურთხებთ, განა ქრისტეს სისხლის თანაზიარება არ არის? პური, რომელსაც ჩვენ ვტეხთ, განა ქრისტეს სხეულის თანაზიარება არ არის?
17ვინაიდან პური ერთია, ჩვენ კი მრავალნი – ერთი სხეული, რადგან ყველა ერთი პურიდან ვეზიარებით.
18შეხედეთ ისრაელს ხორცის მიხედვით: ვინც მსხვერპლიდან ჭამს, განა ისინი სამსხვერპლოს ზიარნი არ არიან?
19მაშ, რას ვამბობ? განა იმას, რომ რაიმეა კერპი, ან იმას, რომ რაიმეს ნიშნავს ნაკერპავი?
20არამედ, რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკს სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, რომ ეშმაკთა ზიარნი იყოთ.
21არ შეგიძლიათ სვათ უფლის სასმისი და ეშმაკის სასმისი. არ შეგიძლიათ უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკის სუფრასაც.
22ნუთუ ვბედავთ უფლის განრისხებას? განა მასზე ძლიერები ვართ?
23ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს.
არ ეძებოს თავის სარგებელი
24არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი.
25ყველაფერი, რაც ბაზარში იყიდება, ჭამეთ და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო.
26რადგან უფლისაა მიწა და მისი სისავსე.
27ხოლო თუ მიგიწვევთ რომელიმე ურწმუნოთაგანი და მოისურვებთ მასთან წასვლას, ყველაფერი ჭამეთ, რასაც თქვენს წინ დააწყობენ და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო.
28ხოლო თუ ვინმე გეტყვით: ეს ნაკერპავიაო, ნუ შეჭამთ მთქმელის გამო და სინდისის გამო, რადგან უფლისაა მიწა და მისი სისავსე.
29სინდისს ვამბობ არა შენსას, არამედ სხვისას. ვინაიდან რატომ იქნას განკითხული ჩემი თავისუფლება სხვისი სინდისით?
30ხოლო თუ მადლიერებით ვჭამ, რაღად შევიბღალო იმის გამო, რისთვისაც მადლიერი ვარ?
31ამიტომ ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად.
32ნუ შეურაცხყოფთ ნურც იუდეველებს, ნურც წარმართებს და ნურც ღვთის ეკლესიას.
33ისევე, როგორც მეც ვაამებ ყველას ყველაფერში და სარგებლობას ვეძებ არა ჩემთვის, არამედ მრავალთათვის, რათა გადარჩნენ.

Currently Selected:

1კორ. 10: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in