YouVersion Logo
Search Icon

1კორ. 11

11
თავდახურვა ლოცვის
ან წინასწარმეტყველების დროს
1ჩემი მომბაძავი იყავით, როგორც მე – ქრისტესი.
2ამისათვის გაქებთ თქვენ, ძმანო, რომ ყველაფერში გახსოვართ და ინახავთ მოძღვრებებს, როგორც გადმოგეცით.
3მაგრამ ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი – ქმარი და ქრისტეს თავი – ღმერთი.
4ყოველი მამაკაცი, რომელიც თავდაფარული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავის თავს ირცხვენს.
5და ყოველი დედაკაცი, რომელიც თავდაუფარავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, ვინაიდან ეს იგივეა, რომ გადაპარსული იყოს.
6ვინაიდან, თუ დედაკაცი თავს არ დაიფარავს, გადაიპარსოს. ხოლო თუ დედაკაცს რცხვენია, იყოს გაკრეჭილი ან გადაპარსული, თავდაფარული იყოს.
7ამგვარად, მამაკაცმა მართლაც არ უნდა დაიფაროს თავი, ვინაიდან ის ღვთის ხატება და დიდებაა. ცოლი კი ქმრის დიდებაა.
8ვინაიდან მამაკაცი კი არ არის დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი – მამაკაცისაგან.
9ასევე მამაკაცი კი არ შექმნილა დედაკაცის გულისათვის, არამედ დედაკაცი – მამაკაცის გულისათვის.
10ამიტომ დედაკაცი ვალდებულია, თავზე ჰქონდეს ხელმწიფების ნიშანი ანგელოზების გულისათვის.
11თუმცა არც ქმარია ცოლის გარეშე და არც ცოლია ქმრის გარეშე უფალში.
12ვინაიდან, ისევე, როგორც დედაკაცი მამაკაცისაგან არის, მამაკაციც დედაკაცის მეოხებით არის. ხოლო ყოველივე ღვთისაგან არის.
13თქვენ თვითონ განსაჯეთ, შეშვენის დედაკაცს ღვთის წინაშე თავდაუფარავად ლოცვა?
14ანდა, განა თვით ბუნებაც არ გასწავლით, რომ მამაკაცის გრძელთმიანობა სამარცხვინოა მისთვის?
15მაგრამ დედაკაცის გრძელთმიანობა დიდებაა მისთვის. გრძელი თმა მას საბურველის ნაცვლად აქვს მიცემული.
16და თუ ვინმე განიზრახავს იდაოს, ჩვენ არა გვაქვს ასეთი ჩვეულება, არც ღვთის ეკლესიებს.
უფლის სერობის წესრიგისათვის
17ხოლო ამას რომ გამცნებთ, არ გაქებთ, რომ იკრიბებით არა უმჯობესისათვის, არამედ უარესისათვის.
18ვინაიდან, ჯერ ერთი, გაგებული მაქვს, რომ როცა ეკლესიად იკრიბებით, დაყოფა არსებობს თქვენს შორის, რასაც ნაწილობრივ ვუჯერებ.
19ვინაიდან აზრთა სხვაობაც უნდა იყოს თქვენში, რათა გამოჩნდნენ გამოცდილნი თქვენს შორის.
20როცა იკრიბებით ერთად, უფლის სერს არა ჭამთ.
21ვინაიდან ყველა წინასწარ ჭამს თავის საკუთარ სერს და ზოგი მშიერია და ზოგი მთვრალი.
22ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ უგულებელყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ? შეგაქოთ? ამისათვის არ გაქებთ.
23ვინაიდან მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით, რომ უფალმა იესომ იმ ღამეს, რომელსაც გაიცემოდა, აიღო პური,
24მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონრად.“
25ასევე ასწია სასმისიც სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონრად, რამდენჯერაც სვამდეთ.“
26რადგან, ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, აუწყეთ უფლის სიკვდილი, ვიდრე მოვიდოდეს.
27ამიტომ, ვინც შეჭამს ამ პურს ან დალევს უფლის სასმისს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე.
28ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს და ასე ჭამოს ამ პურიდან და შესვას ამ სასმისიდან.
29ვინაიდან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისი თავის დაგმობას ჭამს და სვამს, ვერ არჩევს რა უფლის სხეულს.
30ამის გამო თქვენს შორის ბევრია უძლური და ავადმყოფი, და ბევრიც მოკვდა.
31ხოლო ჩვენ თვითონვე რომ განგვეკითხა ჩვენი თავი, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდადებულნი.
32ხოლო მსჯავრდადებულნი ვიწვრთნებით უფლის მიერ, რათა სოფელთან ერთად არ ვიყოთ მსჯავრდადებულნი.
33ამიტომ, ჩემო ძმანო, როცა ერთად შეიკრიბებით საჭმელად, ერთიმეორეს დაელოდეთ.
34და თუ ვინმეს შიოდეს, თავის სახლში ჭამოს, რათა მსჯავრის დასადებად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს, როცა მოვალ, მაშინ მოვაგვარებ.

Currently Selected:

1კორ. 11: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy