YouVersion Logo
Search Icon

1კორ. 9

9
ღვთისმსახურთა საზრდო
1განა მე მოციქული არა ვარ? განა მე თავისუფალი არა ვარ? განა მე არ ვნახე ჩვენი უფალი იესო ქრისტე? განა თქვენ ჩემი ნაღვაწი არა ხართ უფალში?
2თუ სხვებისათვის არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, ვინაიდან ჩემი მოციქულობის ბეჭედი ხართ უფალში.
3აი, რა პასუხს გავცემ ჩემს მკიცხველებს:
4განა არა გვაქვს ჭამა-სმის უფლება?
5განა არა გვაქვს უფლება, დავიმგზავროთ მორწმუნე ცოლი, როგორც დანარჩენმა მოციქულებმა, უფლის ძმებმა და კეფამ?
6თუ მარტო მე და ბარნაბას არა გვაქვს უფლება, რომ არ ვმუშაობდეთ?
7რომელ ჯარისკაცს უმსახურია ოდესმე საკუთარ ხარჯზე? ვინ რგავს ვაზს და მისი ნაყოფისაგან არა ჭამს? ვინ მწყესავს ფარას და ფარის რძეს პირს არ აკარებს?
8განა ადამიანურად არ ვლაპარაკობ ასე? განა რჯულიც ამასვე არ ამბობს?
9რადგან მოსეს რჯულში სწერია: „პირს ნუ აუკრავ ხარს ლეწვისას.“ ხარებზე ზრუნავს ღმერთი?
10თუ ნამდვილად ჩვენთვის ამბობს? დიაღაც ჩვენთვის სწერია. მხვნელმა უნდა ხნას იმედით, მლეწავმა კი – წილის იმედით.
11თუ სულიერი დაგითესეთ, განა დიდი ამბავია, რომ თქვენგან ხორციელი მოვიმკათ?
12თუ სხვებს ხელმწიფება აქვთ თქვენზე, განა ჩვენ უფრო მეტად არა? მაგრამ ჩვენ არ გამოვიყენეთ ეს ხელმწიფება, არამედ ყოველგვარ ტანჯვას ვიტანთ, რათა რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას ქრისტეს სახარებას.
13ნუთუ არ იცით, რომ წმიდათა მსახურნი ტაძრისაგან ჭამენ? ხოლო სამსხვერპლოს მსახურნი მსხვერპლიდან იღებენ წილს?
14ასევე უფალმა დაუწესა სახარების მქადაგებლებს სახარებისაგან ცხოვრება.
15ხოლო მე არც ერთი მათგანი არ გამომიყენებია. და ესეც იმიტომ კი არ დავწერე, რომ ასე ყოფილიყო ჩემთვის. ვინაიდან სიკვდილი მიჯობს, ვიდრე ვინმემ გააბათილოს ჩემი ქადილი.
16რადგან თუ ვახარებ, არაფერი მაქვს სასიქადულო, ვინაიდან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა, და ვაი მე, თუ არ ვახარებ.
17ვინაიდან თუ სურვილით ვაკეთებ ამას, საზღაური მქონია, ხოლო თუ სურვილის გარეშე, მხოლოდ მნეობა მქონია მონდობილი.
18მაშ, რა არის ჩემი საზღაური? ის, რომ როცა სახარებას ვქადაგებ, შემიძლია ვიქადაგო უსასყიდლოდ და არ ვიყენებ ჩემს უფლებას ხარებაში.
ყველასთვის გავხდი ყველაფერი,
რომ მეხსნა ზოგიერთები
19ვინაიდან, ყველასგან თავისუფალი ყველას დავემონე, რათა უფრო მეტი შემეძინა.
20იუდეველთათვის გავხდი, როგორც იუდეველი, რათა იუდეველები შემეძინა. რჯულის ქვეშ მყოფთათვის – როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, თუმცა თვითონ რჯულის ქვეშ უმყოფელი, რათა რჯულის ქვეშ მყოფნი შემეძინა.
21ურჯულოთათვის – როგორც ურჯულო, თუმცა არა ვარ ღმერთის ურჯულო, არამედ ქრისტეს რჯულიერი, რათა ურჯულოები შემეძინა.
22უძლურთათვის გავხდი უძლურივით, რათა უძლურნი შემეძინა. ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა ზოგიერთები მეხსნა როგორმე.
23და ყოველივე ამას ვაკეთებ სახარებისათვის, რათა მეც გავხდე მისი თანამონაწილე.
სხეულის დათრგუნვაზე
24განა არ იცით, რომ ასპარეზზე მორბენალნი ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ მოიპოვოთ.
25ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან. ისინი – ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი – უხრწნადისა.
26ამიტომ მე გავრბივარ არა უმიზნოდ, ვიბრძვი არა ისე, ვითომც ჰაერს ვგვემდე.
27არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, მე თვითონ უღირსი არ დავრჩე.

Currently Selected:

1კორ. 9: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in