Genesis 46

46
1და აიყარა ისრაელი, და თან წაიღო ყველაფერი, რაც ებადა, და მივიდა ბეერ-შებაყში, და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის, ისააკის, ღმერთს. 2და უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამის ხილვაში: „იაკობ! იაკობ!“ და თქვა: „აქა ვარ!“ 3და უთხრა მან: „მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა; ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად. 4მე წამოვალ შენთან ერთად ეგვიპტეში, და მევე გამოგიყვან უკან. და იოსები დაგიხუჭავს თვალებს თავისი ხელით.“
5და აიყარა იაკობი ბეერ-შებაყიდან. და წაიყვანეს მისმა ძეებმა იაკობი, თავისი მამა, და თავიანთი წვრილშვილი და ცოლები ეტლებით, ფარაონმა რომ გამოგზავნა. 6და წამოასხეს თავიანთი საქონელი, წამოიღეს თავიანთი ქონება, რომელიც მოიხვეჭეს ქანაანის ქვეყანაში, და ჩავიდნენ ეგვიპტის ქვეყანაში იაკობი და მთელი მისი შთამომავლობა მასთან ერთად.#საქ 7:15. 7თავისი ძენი და თავის ძეთა ძენი, თავისი ასულნი და თავის ძეთა ასულნი, და მთელი თავისი მოდგმა თან ჩაიყვანა ეგვიპტეში.
8ეს არის ეგვიპტეში ჩასულ ისრაელის ძეთა სახელები: იაკობი და მისი ძენი. პირმშო იაკობისა რეუბენი, 9და ძენი რეუბენისა: ენოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი. 10ძენი სიმეონისა: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და შაული, ძე ქანაანელი ქალისა. 11ძენი ლევისა: გერშონი, კოჰათი და მერარი. 12იუდას ძენი: ყერი, ონანი, შელახი, ფერეცი და ზერახი; ყერი და ონანი დაიხოცნენ ქანაანის ქვეყანაში. და ფარეცის ძენი იყვნენ ხეცრონი და ხამული. 13ძენი ისაქარისა: თოლაყი, ფუვა, იაშუბი იობი და შიმრონი; 14ძენი ზებულუნისა: სერედი, ელონი და იახლეელი. 15ესენი იყვნენ ძენი ლეასი, რომელმაც უშვა იაკობს ფადან-არამში, და დინა, მისი ასული. მისი ძენი და ასულნი სულ იყვნენ 33 სული. 16ძენი გადისა: ციფიონი, ხაგი, შუნი, ეცბონი, ყერი, აროდი და არელი. 17ძენი აშერისა: იმნა, იშვა, იშვი და ბერიყა, და სერახი – მათი და; და ძენი ბერიყასა: ხებერი და მალქიელი. 18ესენი იყვნენ ძენი ზილფასი, რომელიც ლაბანმა მისცა ლეას, თავის ასულს. და უშვა მან იაკობს 16 სული. 19და რახელის ძენი, იაკობის ცოლისა: იოსები და ბენიამინი. 20და შეეძინა იოსებს ეგვიპტის ქვეყანაში მანაშე და ეფრემი, რომელნიც უშვა მას ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა.#დაბ 41:50-52. 21ძენი ბენიამინისა: ბელაყი, ბექერი, აშბელი, გერა, ნაყამანი, ეხი, როში, მუფიმი, ხუფიმი და არდი 22ესენი არიან რახელის ძენი, რომელნიც შეეძინნენ იაკობს, სულ 14 სული. 23ძე დანისა – ხუშიმი. 24ძენი ნაფთალისა: იახცეელი, გუნი, იეცერი და შილემი 25ესენი არიან ძენი ბილჰასი, რომელიც ლაბანმა გაატანა რახელს, თავის ასულს. და უშვა ისინი იაკობს – სულ შვიდი სული. 26ეგვიპტეში იაკობთან ერთად ჩასული ყოველი სული, მისი პირდაპირი შთამომავალნი, გარდა იაკობის ძეთა ცოლებისა, სულ იყო 66 სული. 27იოსების ძენი, რომელნიც მას შეეძინა ეგვიპტეში, ორნი იყვნენ. და ყველა სული იაკობის სახლისა, მასთან ერთად ეგვიპტეში რომ ჩავიდნენ, 70 იყო.#საქ 7:14.
28და წინასწარ გაგზავნა იაკობმა იუდა იოსებთან, რომ დახვედროდა მათ გოშენში, და მივიდნენ გოშენის მხარეში. 29აღკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და წავიდა გოშენში ისრაელთან, თავის მამასთან შესახვედრად. და როცა იხილა იგი, ყელზე მოეჭდო, და დიდხანს ტიროდა მასზე ყელგადაჭდობილი. 30და უთხრა ისრაელმა იოსებს: „ახლა თუნდაც მოვკვდე, რაკი შენ ცოცხალი გიხილე!“ 31და უთხრა იოსებმა თავის ძმებს და მამის სახლს: „წავალ და ვამცნობ ფარაონს, და ვეტყვი: ჩემი ძმები და მამის სახლი, ქანაანის ქვეყანაში რომ იყვნენ, ჩემთან ჩამოვიდნენ; 32ეს კაცები მეცხვარეები არიან-მეთქი, მესაქონლეები, ცხვარი და ძროხა და ყველაფერი, რაც კი აქვთ, წამოასხეს-მეთქი. 33და როცა მოგიხმობთ ფარაონი და გკითხავთ, რა საქმიანობას ეწევითო, 34უთხარით: მესაქონლე ხალხი ვართ-თქო შენი მსახურნი სიყრმიდან დღემდე, ჩვენცა და ჩვენი მამა-პაპაც. რათა დამკვიდრდეთ გოშენის მიწაზე, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ყოველი ცხვრის მწყემსი.“

Àwon tá yàn lọ́wọ́lọ́wọ́ báyìí:

Genesis 46: ქბსვ

Ìsàmì-sí

Pín

Daako

None

Ṣé o fẹ́ fi àwọn ohun pàtàkì pamọ́ sórí gbogbo àwọn ẹ̀rọ rẹ? Wọlé pẹ̀lú àkántì tuntun tàbí wọlé pẹ̀lú àkántì tí tẹ́lẹ̀