Genesis 45
45
1ვეღარ შეძლო იოსებმა თავის შეკავება მხლებელთა წინაშე და იყვირა: „გაიყვანეთ ჩემგან ყველანი!“ და უცხო არავინ იყო იოსებთან, როცა გაუმხილა მან თავისი ვინაობა ძმებს.#საქ 7:13. 2და ხმამაღლა ატირდა, და გაიგონეს ეგვიპტელებმა, და გაიგონა ფარაონის სახლმაც. 3და უთხრა თავის ძმებს: „მე ვარ იოსები. მაშ კიდევ ცოცხალია მამაჩემი?“ და ვერ შეძლეს მისთვის პასუხის გაცემა ძმებმა, რადგან შეცბნენ ისინი.
4და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: „მომიახლოვდით!“ და მივიდნენ ისინი. და მან თქვა: „იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გამყიდეთ. 5ახლა ნუღარ იწუხებთ და ნურც თავს გაკიცხავთ, აქ რომ გამყიდეთ, რადგან თქვენი სიცოცხლის სახსრად მომავლინა აქ ღმერთმა თქვენზე უწინ. 6რადგან ეს ორი წელი შიმშილობაა ქვეყანაზე, და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა. 7მომავლინა ღმერთმა თქვენზე უწინ თქვენი ნატამალის გადასარჩენად ამ ქვეყანაზე და თქვენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად დიდი ხსნის მეოხებით. 8თქვენ კი არ გამომგზავნეთ აქ, არამედ ღმერთმა დამადგინა ფარაონის მამად და მთელი მისი სახლის ბატონად, და მთელი ეგვიპტის ქვეყნის მთავრად. 9იჩქარეთ და ადით მამაჩემთან, და უთხარით მას: ‘ასე ამბობს შენი შვილი იოსები: ღმერთმა დამადგინა მთელი ეგვიპტის ბატონად. ჩამოდი ჩემთან, ნუ დაყოვნდები.#საქ 7:14. 10და იცხოვრე გოშენის მხარეში, ახლოს იქნებით ჩემთან შენ და შენი შვილები, შენი შვილთაშვილები, შენი ცხვარი და ძროხა და ყველაფერი, რაც გაბადია. 11და აქ მე გარჩენ, რადგან კიდევ ხუთი წელი გასტანს შიმშილობა, რათა არ გაჩანაგდეთ შენ და შენი სახლი და ყველაფერი, რაც გაბადია.’ 12ხომ ხედავენ თქვენი თვალები და ჩემი ძმის, ბენიამინის თვალები, რომ ჩემი ბაგეები გელაპარაკებიან თქვენ. 13უამბეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში და ყველაფერი, რაც ნახეთ. და იჩქარეთ და ჩამოიყვანეთ მამაჩემი!“ 14და ყელზე გადაეჭდო თავის ძმას, ბენიამინს და ატირდა; და ბენიამინიც ტიროდა მის მკერდზე. 15და გადაკოცნა ყველა ძმა, და ტიროდა მათთან ერთად. და მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკნენ მას ძმები.
16მიაღწია ხმამ ფარაონის სახლამდე, იოსების ძმები ჩამოვიდნენო. და ეამა ეს ფარაონსა და მის მსახურებს. 17და უთხრა ფარაონმა იოსებს: „უთხარი შენს ძმებს: ასე მოიქეცით-თქო: დატვირთეთ თქვენი პირუტყვი და გასწიეთ ქანაანის ქვეყანაში. 18და წამოიყვანეთ თქვენი მამა და თქვენ-თქვენი სახლეული, და ჩემთან მოდით. და მოგცემთ ეგვიპტის ქვეყნის საუკეთესო მიწებს, და ჭამეთ ამ მიწის დოვლათი. 19შენ კი გებრძანა, რომ უთხრა მათ: ‘ასე გააკეთეთ, წაიყოლეთ ეგვიპტის ქვეყნიდან ეტლები თქვენი წვრილშვილისათვის და თქვენი ცოლებისათვის, და წამოიყვანეთ მამათქვენი და ჩამოდით; 20თვალი ნუ დაგრჩებათ თქვენს ქონებაზე, რადგან მთელი ეგვიპტის ქვეყნის დოვლათი თქვენი იქნება.’“
21და ასეც გააკეთეს ისრაელის ძეებმა. და მისცა მათ იოსებმა ეტლები და საგზალი ფარაონის ბრძანებისამებრ. 22თითოეულ მათგანს მისცა თითო ხელი სამოსელი, ხოლო ბენიამინს მისცა სამასი ვერცხლი და ხუთი ხელი სამოსელი. 23და მამამისს კი გაუგზავნა 10 სახედარი, ეგვიპტური დოვლათით დატვირთული, და 10 ჭაკი ვირი, ხორბლითა და პურით დატვირთული, და საგზალი – მამამისის სამგზავროდ. 24და გაუშვა თავისი ძმები, და ისინიც წავიდნენ. და უთხრა მათ: „ნუ იდავებთ გზაში.“
25და წავიდნენ ისინი ეგვიპტიდან, და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავიანთ მამასთან. 26და შეატყობინეს, რომ ცოცხალია იოსები, და რომ მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებელია. და გაოგნდა იგი, რადგან ვერ დაეჯერებინა მათი ნათქვამი. 27და გადასცეს მას იოსების ყოველი სიტყვა, და დაინახა მან ეტლები, იოსებს რომ გამოეგზავნა მის წასაყვანად, და გაცოცხლდა მათი მამის, იაკობის სული. 28და თქვა ისრაელმა: „კმარა! ცოცხალია ჩემი შვილი იოსები! წავალ და ვნახავ, სანამ ცოცხალი ვარ!“
Àwon tá yàn lọ́wọ́lọ́wọ́ báyìí:
Genesis 45: ქბსვ
Ìsàmì-sí
Pín
Daako

Ṣé o fẹ́ fi àwọn ohun pàtàkì pamọ́ sórí gbogbo àwọn ẹ̀rọ rẹ? Wọlé pẹ̀lú àkántì tuntun tàbí wọlé pẹ̀lú àkántì tí tẹ́lẹ̀
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა