YouVersion
Pictograma căutare

John 6

6
1ამის შემდეგ გავიდა იესო გალილეის, ანუ ტიბერიის ზღვის გადაღმა. 2დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა მას, რადგან იხილეს სასწაულები, რომლებსაც ის ახდენდა სნეულებზე. 3ავიდა იესო მთაზე და დაჯდა იქ თავის მოწაფეებთან ერთად. 4ახლოვდებოდა პასექი, ებრაელთა დღესასწაული. 5იესომ გაიხედა და დაინახა, რომ უამრავი ხალხი მოდიოდა მისკენ და ეუბნება ფილიპეს: „სად ვიყიდოთ პური, ამათ რომ ჭამონ?“ 6ამას გამოსაცდელად ეუბნებოდა, რადგან თვით იცოდა, რაც უნდა ექნა. 7მიუგო მას ფილიპემ: „200 დინარის პურიც არ ეყოფათ, რომ თითოეულ მათგანს ცოტაოდენი მაინც შეხვდეს.“ 8ეუბნება მას ერთი მისი მოწაფეთაგანი, ანდრია, სიმონ-პეტრეს ძმა: 9„აქ არის ერთი ბიჭი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ რა არის ეს ამდენი ხალხისათვის?“ 10იესომ თქვა: „დასხით ეს ხალხი.“ ხოლო იმ ადგილას ხშირი ბალახი იყო. და დასხდა ასე, რიცხვით თითქმის 5 ათასამდე კაცი. 11აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და დაურიგა იქ მსხდომთ, ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა. 12და როდესაც დანაყრდნენ, უთხრა თავის მოწაფეებს: „მოაგროვეთ ნამუსრევი, რომ არაფერი დაიკარგოს.“ 13მოაგროვეს და აავსეს 12 გოდორი იმ ხუთი ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა. 14მაშინ იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის მხილველმა ხალხმა თქვა: „ესაა ჭეშმარიტად ის წინასწარმეტყველი, რომელიც ქვეყნიერებაზე უნდა მოსულიყო.“ 15მიხვდა იესო, რომ აპირებენ მოსვლას მის მოსატაცებლად და გასამეფებლად, და კვლავ განმარტოვდა მთაზე.
16როდესაც მოსაღამოვდა, მისი მოწაფეები ჩავიდნენ ზღვაზე. 17შევიდნენ ნავში და გაემართნენ ზღვის გადაღმა, კაპერნაუმისკენ. უკვე ბნელდებოდა და იესო კი ჯერ არ მისულიყო მათთან. 18ზღვა ძლიერი ქარისაგან ღელავდა. 1925 თუ 30 სტადიონი რომ გაცურეს, დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც ნავს უახლოვდებოდა, და შეეშინდათ. 20მან კი უთხრა მათ: „მე ვარ, ნუ გეშინიათ.“ 21უნდოდათ ნავზე აეყვანათ იგი; და ნავი მაშინვე მიადგა ხმელეთს იმ ადგილას, სადაც მიდიოდნენ.
22მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგომმა ხალხმა დაინახა, რომ იქ სხვა ნავი არ იყო, გარდა ერთისა, რომელშიც მისი მოწაფეები ჩასხდნენ, და რომ იესო არ ჩამჯდარა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხოლოდ მოწაფეებმა გაცურეს. 23სხვა ნავებიც მოვიდნენ ტიბერიიდან იმ ადგილის მახლობლად, სადაც ჭამეს პური მას შემდეგ, რაც უფალმა მადლი შესწირა.
24როდესაც დაინახა ხალხმა, რომ იქ არც იესოა და არც მისი მოწაფეები, ჩასხდნენ ნავებში და მივიდნენ კაპერნაუმში იესოს საძებრად. 25და ნახეს იგი ზღვის გაღმა და უთხრეს მას: „რაბი, როდის მოხვედი აქ?“ 26მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და გაძეხით. 27ნუ ირჯებით ხრწნადი საზრდოსათვის, არამედ იმ საზრდოსათვის გაისარჯეთ, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლისათვის, რომელსაც კაცის ძე მოგცემთ თქვენ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა.“ 28უთხრეს მას: „როგორ მოვიქცეთ, რომ ღმერთის საქმენი ვაკეთოთ?“ 29მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ღმერთის საქმე ის არის, რომ ირწმუნოთ იგი, ვინც მან მოავლინა.“ 30უთხრეს მას: „რა ნიშანს იძლევი, რომ დავინახოთ და გერწმუნოთ? რას მოიმოქმედებ? 31ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ‘პური ზეციდან მისცა მათ საზრდოდ.’“#გამ 16:4,15; ფს 77:24. 32უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ ჩემი მამა გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან. 33რადგან ღმერთის პური ისაა, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყნიერებას.“
34უთხრეს მას: „უფალო, მუდამ გვაძლიე ეს პური.“ 35უთხრა მათ იესომ: „მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ვინც მე მირწმუნებს, არასოდეს მოსწყურდება. 36მაგრამ გეუბნებით, რომ კიდევაც მიხილეთ, მაგრამ არ მიწამეთ. 37ყველა, ვინც მამამ მომცა, ჩემთან მოდის; ჩემთან მოსულს კი არ გავაძევებ. 38რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ გადმოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა. 39ეს არის ჩემი მომავლინებლის ნება, რომ რაც მე მომცა, არაფერი დავკარგო იქიდან, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს. 40ჩემი მამის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.“
41ებრაელები დრტვინავდნენ მის გამო, რომ თქვა: „მე ვარ პური, ზეციდან გადმოსული.“ 42თქვეს: „განა ეს იესო არ არის, იოსების ძე, რომლის მამას და დედას ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეციდან გადმოვედიო?“ 43მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის. 44არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი ჩემმა მომავლინებელმა მამამ არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. 45წინასწარმეტყველებს უწერიათ: ‘და ყველა განისწავლება ღმერთის მიერ.’ ყველა, ვინც უსმენს მამას და განისწავლება, ჩემთან მოდის. #ესა 54:13. 46არავის უხილავს მამა, მხოლოდ მან, ვინც ღმერთთანაა, იხილა მამა. 47ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს. 48მე ვარ პური სიცოცხლისა. 49თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და მოკვდნენ. 50ხოლო ეს არის პური, რომელიც ზეციდან გადმოვიდა და ვინც შეჭამს მას, არ მოკვდება. 51მე ვარ ცოცხალი პური, რომელიც ზეციდან გადმოვედი; ვინც ამ პურს შეჭამს, უკუნისამდე იცოცხლებს. პური, რომელსაც მე გავცემ, ჩემი ხორცია, რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისათვის გავცემ.“
52ებრაელები ერთმანეთს ედავებოდნენ და ამბობდნენ: „როგორ უნდა მოგვცეს თავისი ხორცი საჭმელად?“ 53უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. 54ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს. და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს. 55რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი ჭეშმარიტი სასმელი. 56ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის შემსმელი ჩემში რჩება, და მე – მასში. 57როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და მე მამაში ვცოცხლობ, ასევე ჩემი მჭამელი იცოცხლებს ჩემში. 58ეს არის პური, რომელიც ციდან გადმოვიდა. ისე კი არა, თქვენმა მამებმა რომ ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი უკუნისამდე იცოცხლებს.“ 59ამას ამბობდა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა.
60ბევრმა მისმა მოწაფემ ამის გაგონებაზე თქვა: „მკაცრია მისი სიტყვა, ვინ გაუძლებს ამის მოსმენას?“ 61თვითონ იესოც ამჩნევდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ ამის გამო, და უთხრა მათ: „ეს გაცდუნებთ თქვენ? – 62მაშინ როგორ იქნება, თუ იხილავთ კაცის ძეს აღმავალს იქ, სადაც იყო პირველად? 63სული ცხოველმყოფელია, ხოლო ხორცი უსარგებლო. სიტყვები, რომლებიც გითხარით, სული და სიცოცხლეა. 64მაგრამ თქვენ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ სწამთ.“ რადგან იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი. 65და თქვა: „ამიტომ გეუბნებოდით, რომ ჩემთან არავის შეუძლია მოსვლა, თუ მამისგან არ ექნება მიცემული.“
66ამის შემდეგ ბევრი მისი მოწაფეთაგანი გაბრუნდა უკან და აღარ გაჰყვა მას. 67მაშინ უთხრა იესომ თორმეტს: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“ 68მიუგო მას სიმონ-პეტრემ: „უფალო, ვისთან უნდა წავიდეთ? შენ გაქვს საუკუნო სიცოცხლის სიტყვები. #მთ 16:16; მრკ 8:29; ლკ 9:20. 69და ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენ ხარ ღმერთის წმიდა.“ 70მიუგო მათ იესომ: „თორმეტი არ ამოგირჩიეთ? და ერთი თქვენგანი ეშმაკია.“ 71ეს თქვა იუდა სიმონის ძეზე, ისკარიოტელზე, რადგან იგი, ერთი თორმეტთაგანი, აპირებდა მის გაცემას.

Selectat acum:

John 6: სბს

Evidențiere

Partajează

Copiază

None

Dorești să ai evidențierile salvate pe toate dispozitivele? Înscrie-te sau conectează-te