საქმე. 12
12
ჰეროდემ მოკლა იაკობი და
პეტრე ციხეში ჩასვა
1იმ ხანებში ხელი აღმართა მეფე ჰეროდემ ეკლესიის ზოგიერთ წევრზე საბოროტოდ,
2და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა.
3როცა დაინახა, რომ ამით ასიამოვნა იუდეველებს, დააპატიმრა პეტრეც. უფუარობის დღეები იყო.
4შეიპყრო იგი და ჩასვა საპყრობილეში და უბრძანა მისი დარაჯობა ჯარისკაცთა ოთხ ოთხეულს. განზრახული ჰქონდა, რომ პასექის შემდეგ გამოეყვანა ხალხის წინაშე.
5დამწყვდეული იყო პეტრე საპყრობილეში, ეკლესია კი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის.
ანგელოზი ათავისუფლებს პეტრეს
6როცა დააპირა მისი გამოყვანა ჰეროდემ, იმ ღამეს პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ბორკილით შეკრულს. კართან მდგარი მცველები კი დარაჯობდნენ საპყრობილეს.
7და, აჰა, უფლის ანგელოზი წარდგა და ნათელი გაბრწყინდა შენობაში. ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: „ადექი ჩქარა!“ და დასცვივდა ბორკილები ხელებიდან.
8უთხრა მას ანგელოზმა: „სარტყელი შემოირტყი და ჩაიცვი სანდლები.“ ასეც გააკეთა. ეუბნება მას: „მოისხი შენი მოსასხამი და გამომყევი.“
9გავიდა და გაჰყვა მას. არ იცოდა, რომ, რასაც ანგელოზი იქმოდა, ცხადი იყო, არამედ ფიქრობდა, რომ ჩვენებას ხედავდა.
10გასცდნენ პირველ და მეორე საგუშაგოს და მიუახლოვდნენ ქალაქში შესასვლელ დარკინულ კარიბჭეს, რომელიც თავისით გაიღო მათ წინაშე. გავიდნენ და გაიარეს ერთი ქუჩა და ანგელოზი იმწამს განშორდა მას.
11გონს რომ მოეგო, თქვა პეტრემ: „ახლა ჭეშმარიტად ვიცი, რომ უფალმა გამოგზავნა თავისი ანგელოზი და დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყველაფრისაგან, რასაც იუდეველი ხალხი ელოდა.“
12გონს მოსული მიადგა იოანეს (მარკოზს რომ ეძახდნენ) დედის, მარიამის, სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ.
13ჭიშკარზე რომ დააკაკუნა, ერთი მოახლე, სახელად როდე, კარის გასაღებად გამოვიდა.
14იცნო პეტრეს ხმა და ისე გაუხარდა, რომ ჭიშკარიც არ გაუღია, შინ შევარდა და შეატყობინა, რომ პეტრე იდგა ჭიშკართან.
15მათ უთხრეს მას: „შეიშალე?“ ის კი ამტკიცებდა თავისას. ხოლო მათ თქვეს: ეს მისი ანგელოზი იქნებაო.
16პეტრე კი განაგრძობდა კაკუნს. როცა გაუღეს, დაინახეს და სახტად დარჩნენ.
17ანიშნა მათ ხელით, რომ გაჩუმებულიყვნენ და უამბო მათ, როგორ გამოიყვანა უფალმა საპყრობილიდან, და თქვა: „შეატყობინეთ ეს იაკობსა და ძმებს.“ მერე გავიდა და სხვაგან წავიდა.
18როცა გათენდა ჯარისკაცებს შორის დიდი განგაში ატყდა იმის გამო, თუ რა იქნა პეტრე.
19ჰეროდე კი ეძებდა მას და ვერ იპოვნა. დაჰკითხა მცველები და ბრძანა მათი წაყვანა დასახოცად. მერე იუდეიდან კესარიაში ჩავიდა და იქ დარჩა.
ჰეროდეს სიკვდილი
20ჰეროდე გულმოსული იყო ტვირელებსა და ციდონელებზე. ისინი კი ერთსულოვნად მივიდნენ მასთან, მიიმხრეს ბლასტოსი, მეფის მესაწოლე, და ითხოვდნენ მშვიდობას, ვინაიდან მათი ქვეყანა ჰეროდეს სამეფოდან საზრდოობდა.
21დაწესებულ დღეს ჰეროდემ ჩაიცვა სამეფო შესამოსელი, დაჯდა ტახტზე და მიმართა მათ.
22ხალხი კი ღაღადებდა: „ღვთის ხმაა და არა კაცისა!“
23უეცრად უფლის ანგელოზმა დასცა იგი, რადგან არ მიაგო დიდება ღმერთს, და მატლებისგან შეჭმულმა სული განუტევა.
24უფლის სიტყვა კი იზრდებოდა და ვრცელდებოდა.
25ბარნაბამ და სავლემ გაასრულეს თავიანთი სამსახური და გამობრუნდნენ იერუსალიმიდან. თან წამოიყვანეს იოანეც, მარკოზად წოდებული.
Šiuo metu pasirinkta:
საქმე. 12: GEO02
Paryškinti
Dalintis
Kopijuoti

Norite, kad paryškinimai būtų įrašyti visuose jūsų įrenginiuose? Prisijunkite arba registruokitės
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002