საქმე. 11

11
წინადაცვეთილები პეტრეს საყვედურობენ
იერუსალიმში
1გაიგეს მოციქულებმა და ძმებმა, რომლებიც იუდეაში იყვნენ, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა.
2როცა პეტრე ავიდა იერუსალიმში, საყვედურობდნენ მას წინადაცვეთილები
3და ეუბნებოდნენ: წინადაუცვეთელ ხალხთან შეხვედი და მათთან ერთად ჭამეო.
4დაუწყო მათ პეტრემ განმარტება თანამიმდევრულად, როგორც მოხდა, და თქვა:
5„მე ვიყავი ქალაქ იაფოში, ვლოცულობდი და გარინდებაში ვიხილე ჩვენება: გარდმომავალი რაღაც ჭურჭელი, დიდი ტილოს მსგავსი, ოთხი კიდით ეშვებოდა ზეციდან, და ჩემამდე დაეშვა.
6შევხედე მას, დავაკვირდი და დავინახე შიგ მიწის ოთხფეხნი, მხეცნი, ქვეწარმავალნი და ცის ფრინველნი.
7მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა: ‘ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე!’
8ვთქვი: ‘არა, უფალო! რადგან ჩემს პირში არასოდეს არაფერი ჩასულა შებილწული და უწმიდური.’
9მეორედ მომიგო ხმამ ციდან: ‘რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ შებილწულად.’
10ეს მოხდა სამჯერ, და ყველაფერი ისევ ცად ამაღლდა.
11და აჰა, მაშინვე კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი სამი კაცი მოადგა იმ სახლის ჭიშკარს, სადაც მე ვიყავი.
12მითხრა სულმა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. წამომყვა ეს ექვსი ძმა და შევედით იმ კაცის სახლში.
13გვიამბო, როგორ იხილა თავის სახლში მდგომარე ანგელოზი, რომელმაც უთხრა: ‘გაგზავნე იაფოში და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს.
14ის გეტყვის სიტყვებს, რომლითაც გადარჩებით შენ და მთელი შენი სახლი.’
15როცა ლაპარაკი დავიწყე, სულიწმიდა გადმოვიდა მათზე, ისევე როგორც ჩვენზე თავდაპირველად.
16გამახსენდა უფლის სიტყვა, როგორ ამბობდა: იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი სულიწმიდით მოინათლებითო.
17თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი მისცა მათ, როგორც ჩვენ, რომელთაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს?“
18ეს რომ მოისმინეს, დადუმდნენ. ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „აჰა, წარმართებსაც მისცა ღმერთმა მონანიება სასიცოცხლოდ.“
მოწაფეებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები
19ხოლო დაფანტულები დევნისაგან, სტეფანეს გამო რომ მოხდა, მივიდნენ ფინიაკამდე, კვიპროსამდე და ანტიოქიამდე, და ებრაელების გარდა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას.
20იყვნენ მათგან ზოგიერთნი კვიპროსელნი და კვირენელნი, რომლებიც ანტიოქიაში მისვლისას ელაპარაკებოდნენ ბერძნებსაც და ახარებდნენ მათ უფალ იესოს.
21და იყო უფლის ხელი მათთან, ძალიან ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლისაკენ.
22მიაღწია ამ ამბავმა იერუსალიმში მყოფი ეკლესიის ყურამდე და მიავლინეს ბარნაბა ანტიოქიაში.
23როდესაც მივიდა და იხილა ღვთის მადლი, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დარჩენილიყვნენ უფალში;
24ვინაიდან იგი კეთილი კაცი იყო, სულიწმიდითა და რწმენით აღსავსე. და მრავალი ხალხი შეემატა უფალს.
25წავიდა ტარსუსში სავლეს საძებნელად და ნახა იგი, და ანტიოქიაში მოიყვანა.
26მოუხდათ მათ, რომ მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში, ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს. და, პირველად ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები.
27იმ დღეებში მოვიდნენ მქადაგებელნი იერუსალიმიდან ანტიოქიაში.
28წამოდგა ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი, გამოაცხადა სულით, რომ დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელ მსოფლიოში, რაც მოხდა კიდეც კლავდიუსის დროს.
29ხოლო მათ გადაწყვიტეს, რომ მოწაფეებს, თითოეულს თავისი შეძლებისამებრ, შეწევნა გაეგზავნათ ძმებისათვის, რომლებიც იუდეაში იმყოფებოდნენ.
30ასეც მოიქცნენ, და გაუგზავნეს უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს ხელით.

Šiuo metu pasirinkta:

საქმე. 11: GEO02

Paryškinti

Dalintis

Kopijuoti

None

Norite, kad paryškinimai būtų įrašyti visuose jūsų įrenginiuose? Prisijunkite arba registruokitės