ლუკ. 23
23
იესო პილატეს წინაშე
1და წამოიშალა მთელი ეს ხალხი და წაიყვანეს იგი პილატესთან.
2შეუდგნენ მის დადანაშაულებას და ამბობდნენ: „ჩვენ ვნახეთ, რომ ეს რყვნის ჩვენს ხალხს და კრძალავს კეისრისათვის ხარკის მიცემას, თავის თავზე კი ამბობს ქრისტე მეფე ვარო.“
3პილატემ ჰკითხა მას: „შენ ხარ იუდეველთა მეფე?“ ხოლო მან მიუგო მას და თქვა: „შენ ამბობ.“
4პილატემ უთხრა მღვდელმთავრებს და ხალხს: „მე ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ ამ კაცში.“
5მაგრამ ისინი დაჟინებით ამბობდნენ: „ეგ აშფოთებს ხალხს, ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული აქამდე.“
6პილატემ ეს რომ გაიგონა, იკითხა: „განა გალილეველია ეს კაცი?“
7როცა შეიტყო, რომ ჰეროდეს სამფლობელოდან იყო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რადგან იმ დღეებში ისიც იერუსალიმში იმყოფებოდა.
8ჰეროდემ, იესო რომ დაინახა, ძალიან გაუხარდა, რადგან დიდი ხნიდან სურდა მისი ხილვა, რაკი გაგონილი ჰქონდა მასზე და იმედი ჰქონდა, რაიმე სასწაულს ნახავდა მისგან.
9ბევრს ეკითხებოდა, მაგრამ იგი არაფერს პასუხობდა.
10მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი კი იდგნენ და გაცხარებით ბრალს სდებდნენ მას.
11ხოლო ჰეროდე თავის ჯარისკაცებითურთ ამცირებდა მას და დასცინოდა, ჩააცვა ბრწყინვალე სამოსელი და უკან გაუგზავნა პილატეს.
12იმ დღეს პილატე და ჰეროდე დამეგობრდნენ, თუმცა ადრე მტრობდნენ ერთიმეორეს.
იუდეველების მოთხოვნა
13პილატემ მოუხმო მღვდელმთავრებს, მთავრებს და ხალხს.
14და უთხრა მათ: „თქვენ მოიყვანეთ ჩემთან ეს კაცი, როგორც ხალხის გამრყვნელი, და აჰა, მე თქვენს წინაშე გამოვიძიე და ვერავითარი დანაშაული ვერ ვპოვე ამ კაცში, რაშიც თქვენ ადანაშაულებთ მას,
15და ვერც ჰეროდემ, რადგან უკან გამოგვიგზავნა იგი. და აჰა, სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია მას.
16ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.“
17მას კი სწორედ ერთი უნდა გაეშვა სადღესასწაულოდ.
18მაგრამ მთელი ხალხი აუყვირდა: მოაშორე ეგ და გაგვითავისუფლე ბარაბაო,
19რომელიც ჩაგდებული იყო საპყრობილეში ქალაქში მომხდარი რაღაც შფოთისა და მკვლელობისათვის.
20პილატემ კვლავ მიმართა მათ, ვინაიდან სურდა იესოს გაშვება.
21მაგრამ ისინი გაჰყვიროდნენ: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგ.“
22მესამედ უთხრა მათ: „რა ბოროტება აქვს ჩადენილი? მე ვერაფერი სასიკვდილო ბრალი ვერ ვპოვე მასში. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.“
23ისინი კი დაჟინებით ხმამაღლა მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი. და იმძლავრა მათმა ხმამ და მღვდელმთავრების ხმამ.
24და პილატემ გადაწყვიტა, შეესრულებინა მათი მოთხოვნა:
25გაუშვა შფოთისა და მკვლელობისათვის საპყრობილეში ჩაგდებული, რომელსაც ისინი მოითხოვდნენ, იესო კი მათ ნებას გადასცა.
გოლგოთას გზაზე
26როცა იგი მიჰყავდათ, გზაში დაიჭირეს მინდვრიდან მომავალი ვინმე სიმონ კვირინელი, და აჰკიდეს ჯვარი, რომ ეტარებინა იესოს კვალდაკვალ.
27მისდევდნენ მას დიდძალი ხალხი და დედაკაცები, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ მის გამო.
28იესო მიუბრუნდა მათ და უთხრა: „იერუსალიმის ასულნო, ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენ თავზე და თქვენს შვილებზე იტირეთ.
29რადგან, აჰა, მოდის დღეები, როცა იტყვიან: ‘ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშვიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ!’
30მაშინ ეტყვიან მთებს: ‘დაგვემხეთ ზედ!’ და ბორცვებს: ‘დაგვფარეთ ჩვენ!’
31ვინაიდან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?“
32მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ სხვებიც – ორი ავაზაკი.
იესო ჯვარზე
33როცა იმ ადგილას მივიდნენ, რომელსაც თხემის ადგილი ჰქვია, იქ ჯვარს აცვეს ისიც და ბოროტმოქმედნიც – ერთი მის მარჯვნივ და ერთი მის მარცხნივ.
34იესო ამბობდა: „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ.“ და გაიყვეს მისი სამოსელი წილისყრით.
35იდგა ხალხი და შეჰყურებდა. მთავრებიც დასცინოდნენ და ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, ახლა თავისი თავი იხსნას, თუ ეგ ქრისტეა, ღვთის რჩეული.“
36ასევე ჯარისკაცებიც დასცინოდნენ მას, მიდიოდნენ და ძმარი მიჰქონდათ მასთან,
37ეუბნებოდნენ: „თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი.“
38მის ზემოთ იყო წარწერა ბერძნული, რომაული და ებრაული სიტყვებით დაწერილი: „ეს არის იუდეველთა მეფე.“
39ერთი ჩამოკიდებული ბოროტმოქმედი გმობდა მას: „განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც.“
40მიუგო მეორემ, გაუწყრა და თქვა: „ნუთუ ღვთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ?
41ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი უჯერო არ ჩაუდენია.“
42და თქვა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სასუფეველში მიხვალ.“
43და უთხრა მას: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.“
44დღის ექვსი საათი იქნებოდა და მთელი მიწა ბნელმა მოიცვა ცხრა საათამდე.
45დაბნელდა მზე და ტაძრის ფარდა შუაზე გაიპო.
46და შესძახა იესომ დიდი ხმით და თქვა: „მამაო, შენს ხელთ გაბარებ ჩემს სულს.“ ეს თქვა და სული განუტევა.
47ასისთავმა რომ იხილა მომხდარი, ღმერთი ადიდა და თქვა: „ჭეშმარიტად, ეს კაცი მართალი იყო.“
48ამ სანახაობაზე შეკრებილი მთელი ხალხი, რომ ხედავდა, რაც ხდებოდა, გულში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან.
49ყველა, ვინც მას იცნობდა, და დედაკაცები, გალილეიდან რომ მოჰყვნენ, მოშორებით იდგნენ და უყურებდნენ ამას.
გარდამოხსნა. დაკრძალვა
50აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, საბჭოს წევრი, კეთილი და მართალი კაცი,
51რომელიც არ დაეთანხმა მათ თათბირსა და საქმიანობას, იუდეველთა ქალაქ არიმათიიდან, რომელიც მოელოდა ღვთის სასუფეველს,
52მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.
53გარდამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ.
54ის დღე პარასკევი იყო და შაბათი დგებოდა.
55უკან გაჰყვნენ დედაკაცებიც, რომელნიც იესოსთან ერთად მოვიდნენ გალილეიდან, და უყურებდნენ სამარხს, როგორ დაიდო მისი გვამი.
56ამის შემდეგ დაბრუნდნენ, მოამზადეს სურნელებანი და ნელსაცხებელი. შაბათს კი მოისვენეს მცნებისამებრ.
હાલમાં પસંદ કરેલ:
ლუკ. 23: GEO02
Highlight
શેર કરો
નકલ કરો
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002