ლუკ. 19
19
მებაჟე ზაქე
1შევიდა და გაიარა იერიხოზე.
2და აჰა, იყო კაცი ვინმე, სახელად ზაქე – მებაჟეთა უფროსი და მდიდარი.
3სურდა მას იესოს ხილვა, რომ გაეგო, ვინ იყო იგი, მაგრამ ვერ შეძლო ხალხის სიმრავლის გამო, ვინაიდან ტანად დაბალი იყო.
4წინ გაიქცა და ლეღვის ხეზე ავიდა, რათა დაენახა, რადგან იესოს აქეთ უნდა გამოევლო.
5იმ ადგილას რომ მივიდა, იესომ აიხედა მაღლა და უთხრა: „ზაქე, ჩამოდი სწრაფად, დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე.“
6სწრაფად ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი.
7ვინც კი დაინახა, ყველანი ბუზღუნს მოჰყვნენ და ამბობდნენ: ცოდვილ კაცთან შევიდაო.
8ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: „აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და, თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ.“
9უთხრა მას იესომ: „დღეს მოხდა ამ სახლის ხსნა, რაკი ისიც აბრაამის ძეა.
10რადგან ძე კაცისა მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად.“
იგავი ათ მნაზე
11როცა ისინი ისმენდნენ ამას, მან დაურთო იგავი, რადგან ახლოს იყო იერუსალიმთან და მათ ეგონათ, უეცრივ გამოჩნდებოდა ღვთის სასუფეველი.
12ამის გამო თქვა: „ერთი დიდგვაროვანი კაცი წავიდა შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო.
13დაუძახა თავის ათ მონას, მისცა ათი მნა და უთხრა: ვიდრე დავბრუნდებოდე, ივაჭრეთო.
14მაგრამ მის მოქალაქეებს სძულდათ იგი და უკან ელჩობა დაადევნეს და დააბარეს: ‘არა გვსურს, რომ მაგან იმეფოს ჩვენზე’.
15როცა მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა მისთვის მოეგვარათ ის მონები, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ რა ივაჭრა.
16მოვიდა პირველი და უთხრა: ‘ბატონო, შენმა მნამ ათი მნა მოიგო’.
17უთხრა მას: ‘კარგი, კეთილო მონავ, რაკი მცირედზე ერთგული იყავი, ათ ქალაქზე გქონდეს ხელმწიფება’.
18მოვიდა მეორე და უთხრა: ‘ბატონო, შენმა მნამ ხუთი მნა მოიტანა’.
19მასაც უთხრა: ‘შენც ხუთ ქალაქზე იყავ’.
20მესამე მოვიდა და უთხრა: ‘ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელიც ხელსახოცში მქონდა გამოკრული,
21ვინაიდან შემეშინდა, რადგან სასტიკი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდია, და იმკი, რაც არ დაგითესავს’.
22უთხრა მას: ‘შენივე პირით განგიკითხავ, ბოროტო მონავ. იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდია, და ვიმკი, რაც არ დამითესია.
23აბა, რაღატომ არ გაუშვი ჩემი ვერცხლი ბრუნვაში, რომ დაბრუნებულს სარგებლითურთ მიმეღო?’
24და იქ მდგომთ უთხრა: ‘წაართვით ამას ის ერთი მნა და მიეცით ათი მნის მქონეს’.
25მათ უთხრეს: ‘უფალო, მას ათი მნა აქვს’.
26‘გეუბნებით თქვენ, რომ ყოველ მქონეს მიეცემა, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაცა აქვს.
27ხოლო ჩემი მტრები, რომლებსაც არ სურდათ, რომ მათზე მემეფა, მომგვარეთ აქ და დახოცეთ ჩემს წინაშე.’“
ზეიმით შესვლა იერუსალიმში და
იესოს განდიდება
28თქვა ეს და წინ წავიდა იერუსალიმში ასასვლელად.
29როცა მიუახლოვდა ბეთბაგეს და ბეთანიას, მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, მიავლინა ორი მოწაფე.
30უთხრა მათ: „წადით მეზობელ სოფელში. რომ შეხვალთ, იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ კაცი არ მჯდარა. აუშვით და მოიყვანეთ.
31თუ ვინმემ გკითხოთ, რატომ უშვებთო, ასე უთხარით: უფალს სჭირდება-თქო.“
32წავიდნენ წარგზავნილები და იპოვეს, როგორც მან უთხრა.
33და როცა ჩოჩორს უშვებდნენ, მისმა პატრონებმა უთხრეს: „რატომ უშვებთ ამ ჩოჩორს?“
34მათ თქვეს: „იმიტომ, რომ უფალს სჭირდება.“
35მიჰგვარეს იგი იესოს, ტანისამოსი დააფინეს ჩოჩორს და ზედ შესვეს იესო.
36როცა იგი მიდიოდა, ხალხი თავის ტანისამოსს გზაზე უფენდა.
37როცა ზეთისხილის მთის დაღმართს მიუახლოვდა, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით იწყო ხმამაღლა ღვთის ქება-დიდება ყველა სასწაულისათვის, რაც მათ იხილეს.
38ამბობდნენ: „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ცაზე და დიდება მაღალთა შინა!“
39ხალხიდან ზოგიერთმა ფარისეველმა უთხრა მას: „მოძღვარო, გაუწყერი შენს მოწაფეებს.“
40მან მიუგო და უთხრა: „თქვენ გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ.“
იესოს გოდება იერუსალიმზე
41როცა მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო.
42და თქვა: „ნეტავ ამ დღეს მაინც გცოდნოდა, რაც სამშვიდობოა შენთვის, მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენს თვალთაგან.
43რადგან დაგიდგება დღეები, როცა მტრები შენს წინააღმდეგ აღმართავენ ზვინულს, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან.
44მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში. ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, რადგან ვერ გაიგე შენი მოხედვის ჟამი.“
მოვაჭრეთა გამორეკვა
45შევიდა ტაძარში და დაიწყო მოვაჭრეთა გამორეკვა.
46უთხრა მათ: „დაწერილია: ‘ჩემი სახლი სამლოცველო სახლი უნდა იყოს.’ თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი.“
47და ასწავლიდა ყოველდღე ტაძარში. ხოლო მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ერისმთავარნი ცდილობდნენ მის დაღუპვას.
48მაგრამ ვერაფერი მოიგონეს, რა უნდა ექნათ, რადგან მთელი ხალხი მოუშორებლად უსმენდა მას.
હાલમાં પસંદ કરેલ:
ლუკ. 19: GEO02
Highlight
શેર કરો
નકલ કરો
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002