ლუკ. 14

14
განკურნება შაბათს
1ერთხელ, როცა შევიდა იგი ფარისეველთა რომელიღაც მთავრის სახლში შაბათს პურის საჭმელად და ისინი უთვალთვალებდნენ მას,
2აჰა, მის წინაშე წარდგა ერთი კაცი, წყალმანკით დაავადებული.
3მიუგო იესომ და უთხრა რჯულის მცოდნეებსა და ფარისევლებს: „შეიძლება თუ არა განკურნება შაბათს?“
4ისინი დუმდნენ. და შეეხო მას, განკურნა და გაუშვა.
5და მათ უთხრა: „რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა იმ წამსვე არ ამოიყვანს, შაბათი დღეც რომ იყოს?“
6და ვერ შეძლეს ამაზე პასუხის მიცემა.
უპოვართა მოწვევა ნადიმზე
7უთხრა წვეულებს იგავი, როცა შეამჩნია, რომ წინა ადგილებს ირჩევდნენ, და უთხრა მათ:
8„თუ ვინმემ ქორწილში მიგიწვიოს, ნუ დაჯდები წინა ადგილზე, რადგან შეიძლება შენზე უფრო საპატიო სხვა ჰყავდეს მოწვეული,
9რომ არ მოვიდეს შენი და მისი მაწვევარი და არ გითხრას: ‘დაუთმე ამას ადგილი!’ მაშინ შერცხვენილმა უნდა დაიკავო უკანასკნელი ადგილი.
10მაგრამ როცა მოგიწვევენ, მიდი და დაჯექი ბოლო ადგილზე, რომ მოვიდეს შენი მაწვევარი და გითხრას: ‘მეგობარო, გადაბრძანდი უფრო მაღლა!’ მაშინ გექნება მეტი დიდება ყოველი თანამეინახის წინაშე.
11ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება.“
12თავის მაწვევარსაც უთხრა: „როცა სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და არ მიიღო სამაგიერო,
13არამედ, როცა ლხინს გამართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები.
14ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ მოგიზღან. მაგრამ შენ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება.“
15ეს რომ გაიგონა ერთმა მასთან მჯდომმა, უთხრა მას: „ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღვთის სასუფეველში.“
მოწვეულთა უარი
16მან კი უთხრა მას: „ერთმა კაცმა დიდი პურობა გამართა და ბევრი მოიწვია.
17პურობის დრომ რომ მოაღწია, გაგზავნა თავისი მონა, რათა წვეულთათვის ეთქვა: მობრძანდით, ყველაფერი მზად არისო.
18ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. პირველმა თქვა: ყანა ვიყიდე და მის სანახავად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიოო;
19მეორემ უთხრა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ, გთხოვ, მაპატიოო;
20მესამემ უთხრა: ცოლი შევირთე და ამის გამო არ შემიძლია მოსვლაო.
21დაბრუნდა მონა უკან და აუწყა ეს თავის ბატონს. განრისხდა მაშინ მასპინძელი და უთხრა თავის მონას: ‘გადი სასწრაფოდ, ქალაქის მოედნებზე და ქუჩებში, მომიყვანე გლახაკნი, ხეიბრები, ბრმები და კოჭლები.’
22და უთხრა მონამ: ‘ბატონო, აღსრულებულია რაც ბრძანე, და კიდევ დარჩა ადგილი.’
23და უთხრა ბატონმა მონას: ‘გადი გზებზე და ორღობეებში, დაიყოლიე ისინი, რომ მოვიდნენ, რათა აივსოს ჩემი სახლი,
24რადგან გეუბნებით: ვერავინ იმ წვეულთაგან ვერ იგემებს ჩემს პურობას!’“
საკუთარი ჯვრის ტარება
25მივიდა მასთან დიდძალი ხალხი და ის მიუბრუნდა მათ და უთხრა:
26„თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ სულსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე.
27ვინც არ ატარებს თავის ჯვარს და ისე არ გამომყვება, ვერ გახდება ჩემი მოწაფე.
28რადგან რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოისურვოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ იანგარიშებს იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო?
29რადგან საძირკველს თუ ჩაყრის და ვერ დაამთავრებს, ყველა, ვინც დაინახავს, დაცინვას დაუწყებს,
30და იტყვის: ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო.
31ანდა, რომელი მეფეა, რომ მეორე მეფის წინააღმდეგ ომის განმზრახველი, ჯერ სათათბიროდ არ დაჯდეს, შეუძლია თუ არა ათი ათასით დაუხვდეს ოცი ათას მომხვდურს?
32თუ არა და, ვიდრე ჯერ კიდევ შორს არის იგი, ელჩობას მიუგზავნის, და ზავსა სთხოვს.
33ასევეა ყოველი თქვენგანი. ვინც უარს არ იტყვის ყველაფერზე, რაც აბადია, ვერ შეძლებს, ჩემს მოწაფეობას.
34მარილი კარგია, მაგრამ, თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს?
35არც მიწისთვის გამოდგება, არც ნაკელისთვის, ამიტომ შორს გადაყრიან. ვისაც ყურები აქვს მოსასმენად, ისმინოს!“

હાલમાં પસંદ કરેલ:

ლუკ. 14: GEO02

Highlight

શેર કરો

નકલ કરો

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in