ლუკ. 24
24
დედაკაცები და პეტრე ცარიელ სამარხთან
1ერთშაბათს, უთენია მოვიდნენ სამარხთან და მოიტანეს სურნელებანი, რომლებიც მომზადებული ჰქონდათ.
2და ნახეს ლოდი, სამარხიდან გადაგორებული.
3მაგრამ რომ შევიდნენ, ვერ ნახეს უფალ იესოს გვამი.
4ამის გამო შეფიქრიანდნენ და, აჰა, მათ წინაშე წარსდგა ორი მამაკაცი, ბრწყინვალე სამოსლით მოსილი.
5რაკი შეძრწუნდნენ და სახე მიწად დახარეს, მათ უთხრეს: „რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?
6არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო,
7რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო.“
8და მათ გაიხსენეს მისი სიტყვები.
9დაბრუნდნენ სამარხიდან და ყოველივე ეს უამბეს იმ თერთმეტს და ყველა დანარჩენს.
10ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა და იაკობის დედა მარიამი, და დანარჩენები მათთან ერთად, რომლებმაც მოუთხრეს მოციქულებს ეს ამბავი.
11მაგრამ ეს სიტყვები ფუჭად ეჩვენათ და არ დაუჯერეს მათ.
12ხოლო პეტრე ადგა, გაიქცა სამარხისკენ და, რომ დაიხარა, მხოლოდ ტილოები დაინახა, და დაბრუნდა მომხდარის გამო გაკვირვებული.
ემაუსის გზაზე
13და აჰა, იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა ერთ სოფელში, რომელიც სამოცი სტადიონით იყო დაშორებული იერუსალიმიდან და ერქვა ემაუსი.
14ისინი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ ყოველივე ამის გამო.
15ამ ლაპარაკსა და მსჯელობაში რომ იყვნენ, თავად იესო მიუახლოვდა და დაემგზავრა მათ.
16მაგრამ თვალები დაბმული ჰქონდათ და ვერ იცნეს იგი.
17უთხრა მათ: „რაზე მსჯელობდით გზაზე ერთმანეთში?“ ისინი შეჩერდნენ დაღონებულნი.
18მიუგო ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ და უთხრა მას: „ნუთუ ერთი შენა ხარ უცხო იერუსალიმში, რომ არ იცი, რაც იქ ამ დღეებში მოხდა?“
19და უთხრა მათ: „რა მოხდა?“ მათ უთხრეს მას: „იესო ნაზარეველზე ვლაპარაკობთ, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ძლიერი საქმითა და სიტყვით ღვთისა და მთელი ხალხის წინაშე,
20როგორ გადასცეს იგი ჩვენმა მღვდელმთავრებმა და მთავრებმა სიკვდილის მისასჯელად და ჯვარს აცვეს.
21ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ იგი სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოეხსნა ისრაელი. ყველაფერ ამასთან ერთად, უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა.
22მაგრამ ზოგიერთმა ჩვენიანმა დედაკაცმა გაგვაოცა. ისინი დილაადრიან იყვნენ სამარხთან
23და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და თქვეს, რომ იხილეს ჩვენება ანგელოზთა, რომელთაც უთქვამთ, ცოცხალიაო.
24ზოგიერთი ჩვენთაგანიც წავიდა სამარხისაკენ და მართლაც, იგივე დაინახეს, რასაც დედაკაცები ამბობდნენ. ის კი ვერ ნახეს.“
25მან უთხრა მათ: „ჰოი, უგუნურნო და გულით მძიმენო, ყველაფრის იმის სარწმუნებლად, რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ!
26განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?“
27და დაიწყო მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მასზე ნათქვამს.
28მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ის კი თითქოს გზის გაგრძელებას აპირებდა.
29მაგრამ ისინი აკავებდნენ მას და ეუბნებოდნენ: „დარჩი ჩვენთან, ვინაიდან დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა.“ ისიც შევიდა, რომ დარჩენილიყო მათთან.
30როცა მათთან იჯდა, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მიაწოდა მათ.
31მაშინ თვალი აეხილათ და იცნეს. მაგრამ ის უჩინარი შეიქნა მათთვის.
32უთხრეს ერთმანეთს: „განა არ გიზგიზებდა ჩვენი გული ჩვენში, როცა გზაში გველაპარაკებოდა და როცა წერილებს განგვიმარტავდა?“
33ადგნენ იმავე ჟამს და დაბრუნდნენ იერუსალიმში, მონახეს შეკრებილნი თერთმეტნი და მათთან მყოფნი,
34რომელნიც ამბობდნენ, რომ უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს.
35მათაც უამბეს გზაში მომხდარი და ისიც, როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას.
იესო ეცხადება თერთმეტს
36ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შუა და უთხრა: „მშვიდობა თქვენდა!“
37შეძრწუნებულებსა და შეშინებულებს ეგონათ, რომ სულს ხედავდნენ.
38მაგრამ მან უთხრა: „რატომ შეძრწუნდით და რატომ გებადებათ გულში ასეთი ფიქრები?
39შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ მე და ნახეთ, რადგან სულს არა აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ.“
40ეს რომ უთხრა, უჩვენა მათ ხელები და ფეხები.
41რადგან სიხარულისაგან მათ ჯერ კიდევ არ ეჯერებოდათ და გაკვირვებულნი იყვნენ, უთხრა მათ: „გაქვთ აქ რამე საჭმელი?“
42მათ მიაწოდეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და თაფლის გოლეული.
43გამოართვა და შეჭამა მათ წინაშე. ხოლო მორჩენილი აიღო და მისცა მათ.
44უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სიტყვები, რომელთაც გეუბნებოდით, ვიდრე თქვენთან ვიყავი: უნდა შესრულდეს ყოველივე, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველებში და ფსალმუნებში.“
45მაშინ გაუხსნა მათ გონება წერილთა გასაგებად
46და უთხრა მათ: „ასე სწერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს;
47და მისი სახელით ნაქადაგები უნდა იყოს მონანიება ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული.
48თქვენ კი ამის მოწმენი ხართ.
49და აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი დარჩით ქალაქში, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ.“
ამაღლება
50და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე და აღაპყრო ხელები, და აკურთხა ისინი.
51როგორც კი აკურთხა, განშორდა მათ და ამაღლდა ზეცაში.
52მათ თაყვანი სცეს მას და დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით.
53და სულმუდამ ტაძარში იყვნენ, ღვთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ.
اکنون انتخاب شده:
ლუკ. 24: GEO02
هایلایت
به اشتراک گذاشتن
کپی
می خواهید نکات برجسته خود را در همه دستگاه های خود ذخیره کنید؟ برای ورودثبت نام کنید یا اگر ثبت نام کرده اید وارد شوید
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002