იოან. 4
4
ღმერთი არის სული
1როცა შეიტყო იესომ, რომ ფარისევლებს გაგებული ჰქონდათ, იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათლავს, ვიდრე იოანეო,
2(თუმცა ნათლავდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფეები),
3დატოვა იუდეა და კვლავ გალილეას წავიდა.
4მას სამარიაზე უნდა გაევლო.
5მივიდა სამარიელთა ქალაქში, სიქარი რომ ეწოდება, იმ მინდვრის მახლობლად, რომელიც იაკობმა მისცა თავის ძეს იოსებს.
6იქ იყო იაკობის ჭა. გზით დაქანცული იესო წყაროსთან ჩამოჯდა. ასე ექვსი საათი იქნებოდა.
7მოვიდა ქალი სამარიიდან წყლის ამოსაღებად. ეუბნება მას იესო: „წყალი დამალევინე,“
8რადგან მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმელის საყიდლად.
9ეუბნება მას სამარიელი ქალი: „როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს, დამალევინეო?“ (რადგან იუდეველებს არა აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან.)
10მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ რომ იცოდე რას იძლევა ღმერთი და ვინ არის ის, ვინც გეუბნება, წყალი დამალევინეო, მაშინ შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს.“
11ეუბნება მას ქალი: „ბატონო, არც ასავსები ჭურჭელი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდან გაქვს ცოცხალი წყალი?
12ნუთუ შენ მეტი ხარ ჩვენს მამა იაკობზე, რომელმაც ეს ჭა მოგვცა, და თვითონაც აქედან სვამდა, მისი შვილებიც და მისი საქონელიც?“
13მიუგო იესომ და უთხრა მას: „ყველას, ამ წყლის შემსმელს, კვლავ მოსწყურდება.
14ხოლო ვინც შესვამს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, მე რომ მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს.“
15ეუბნება მას ქალი: „ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ.“
16ეუბნება მას: „წადი, დაუძახე შენს ქმარს და მოდი აქ.“
17მიუგო ქალმა და უთხრა: „მე არ მყავს ქმარი.“ ეუბნება მას იესო: „მართალი თქვი, ქმარი არა მყავსო,
18რადგან ხუთი ქმარი გყავდა და, ვინც ახლა გყავს, არც ისაა შენი ქმარი. მართალი თქვი.“
19ეუბნება მას ქალი: „ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.
20ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშია ადგილი, სადაც უნდა სცემდნენო თაყვანს.“
21ეუბნება მას იესო: „ქალო, მერწმუნე, დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას.
22თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს. ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა.
23მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.
24ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით.“
25ეუბნება მას ქალი: „ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს.“
26ეუბნება მას იესო: „მე ვარ, ვინც შენ გელაპარაკება.“
27ამ დროს მოვიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ, რომ იგი ქალთან საუბრობდა, მაგრამ არც ერთს არ უთქვამს: რას ეძიებ ან რას ელაპარაკებიო მას.
28დატოვა თავისი ჭურჭელი ქალმა და წავიდა ქალაქში და ეუბნება ადამიანებს:
29„წადით, ნახეთ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი ჩამიდენია. ის ხომ არ არის ქრისტე?“
30გამოვიდნენ ქალაქიდან და გაემართნენ მისკენ.
მომწიფდა სამკალად
31ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს მას და უთხრეს: „რაბი, ჭამე!“
32მან უთხრა მათ: „მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით.“
33ამიტომ მოწაფეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ნუთუ ვინმემ მოუტანა მას საჭმელი?“
34ეუბნება მათ იესო: „ჩემი საჭმელია – ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე.
35განა თქვენ არ ამბობთ, რომ კიდევ ოთხი თვე და დადგება მკა? აჰა, მე გეუბნებით თქვენ: აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად.
36მომკელი ღებულობს თავის საზღაურს და მოაგროვებს ნაყოფს საუკუნო სიცოცხლისათვის, ისე რომ, მთესველი და მომკელი ერთად გაიხარებენ.
37ამგვარად, ჭეშმარიტია ანდაზა: ერთი თესავს და სხვა იმკისო.
38მე თქვენ მიგავლენთ იმის მოსამკელად, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ ნამუშაკევში შეხვედით.“
სამარიელებმა იწამეს იესო
39ბევრმა იმ ქალაქში მცხოვრებმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ ქალის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენიაო.
40ამიტომ, როცა მოვიდნენ მასთან სამარიელები, სთხოვეს, მათთან დარჩენილიყო, და იგი ორ დღეს დარჩა იქ.
41კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვით.
42ქალს უთხრეს: „უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშარიტად ის არის სოფლის მხსნელი.“
43ორი დღე რომ გავიდა, წამოვიდა იქიდან გალილეაში.
44რადგან თავად იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში არა აქვს პატივი.
45როცა გალილეაში მივიდა, გალილეველებმა მიიღეს იგი, რაკი ყველაფერი ნახეს, რაც მოიმოქმედა იერუსალიმში დღესასწაულზე, რადგან ისინიც ესწრებოდნენ დღესასწაულს.
დიდებულის შვილის განკურნება
46ასე რომ, იესო კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოდ აქცია. და იყო იქ ერთი მეფის მოხელე, რომელსაც შვილი ჰყავდა ავად კაპერნაუმში.
47როგორც კი გაიგო, იესო მოსულა იუდეიდან გალილეაშიო, მივიდა მასთან და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი შვილი, რადგან სიკვდილის პირას იყო.
48უთხრა იესომ მას: „არ ირწმუნებთ, თუკი ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ.“
49ეუბნება მას მეფის მოხელე: „უფალო, წამოდი, სანამ ჩემი ბავშვი არ მომკვდარა.“
50ეუბნება მას იესო: „წადი, ცოცხალია შენი შვილი.“ ირწმუნა კაცმა, რაც იესომ უთხრა მას, და წავიდა.
51შინ რომ ბრუნდებოდა, მისი მსახურები მიეგებნენ მას და უთხრეს, რომ ცოცხალია მისი ვაჟი.
52ჰკითხა, თუ რომელ საათზე გამომჯობინდა. უთხრეს, რომ გუშინ მეშვიდე საათზე გაუარაო სიცხემ.
53ამით მიხვდა მამა, რომ ეს ის საათი იყო, როცა იესომ უთხრა: „ცოცხალია შენი შვილი.“ და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლმა.
54ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ მას შემდეგ, რაც იუდეიდან გალილეაში დაბრუნდა.
اکنون انتخاب شده:
იოან. 4: GEO02
هایلایت
به اشتراک گذاشتن
کپی
می خواهید نکات برجسته خود را در همه دستگاه های خود ذخیره کنید؟ برای ورودثبت نام کنید یا اگر ثبت نام کرده اید وارد شوید
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002