YouVersion Logo
Search Icon

Daniel Greek 1

1
აზარიას ლოცვა
1დააბიჯებდნენ ისინი შუაგულ ცეცხლში, უგალობდნენ ღმერთს და აკურთხებდნენ უფალს. 2წამოიმართა აზარია, ამ შუა ცეცხლში ილოცა, გახსნა ბაგენი და წარმოსთქვა: 3„კურთხეული ხარ, უფალო, ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, ქებულია და დიდებული შენი სახელი უკუნისამდე. 4რადგანაც მართალი ხარ ყველაფერში, რაც მოგვივლინე; ჭეშმარიტია შენი ყოველი საქმე, წრფელია შენი გზა და ჭეშმარიტია შენი მსჯავრი. 5შენი მართალი მსჯავრის აღსრულება იყო ყველაფერში, რაც მოგვივლინე; ჭეშმარიტია შენი ყოველი საქმე, წრფელია შენი გზა და ჭეშმარიტია შენი მსჯავრი. 6შენი მართალი მსჯავრის აღსრულება იყო ყველაფერი, რაც თავს დაგვატეხე ჩვენ და ჩვენი მამა-პაპის წმიდა ქალაქს – იერუსალიმს, რადგანაც ჭეშმარიტებითა და სიმართლით მოგვივლინე ყოველივე ჩვენი ცოდვების გამო. 7ვინაიდან ვცოდეთ და ურჯულოდ მოვიქეცით შენგან განდგომილნი; ყველაფერში შემცოდენი ყურს არ ვუგდებდით შენს მცნებებს; 8არ ვიცავდით მათ და არ ვასრულებდით ისე, როგორც შენ გვიბრძანე, ჩვენდა სასიკეთოდ. 9ყველაფერი, რაც თავს დაგვატეხე, ყველაფერი, რაც გვაწვნევინე, მართალი სიმართლით ჰქენი. 10ურჯულო მტრების, უსაზარლეს განდგომილთა და მთელი დედამიწის ზურგზე ყველაზე უსამართლო და უბოროტესი მეფის ხელში ჩაგვყარე. 11ახლა კი დანა პირს აღარ გვიხსნის; შენს მონა-მორჩილთა და თაყვანისმცემელთ სამარცხვინო ხვედრი ხვდათ წილად. 12მაგრამ ნუ გაგვწირავ სამუდამოდ, შენი სახელის გულისთვის, და ნუ დაარღვევ შენს აღთქმას. 13ნუ მოგვიშლი შენს მოწყალებას, აბრაამის, შენი მეგობრის, ისააკის, შენი მორჩილის, და ისრაელის, შენი წმიდის გულისთვის, 14რომელთაც უთხარი, რომ ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით გაამრავლებდი მათ მოდგმას. 15რადგანაც, უფალო, დღეს ყველა ხალხზე მეტად დავმდაბლდით და მთელი დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტად დავკნინდით ჩვენი ცოდვების გამო. 16ასე რომ, დღევანდელ დღეს აღარც მთავარი გვყავს, აღარც წინასწარმეტყველი და აღარც წინამძღოლი, აღარც სრულადდასაწველი გვაქვს, აღარც მსხვერპლი თუ ძღვენი, აღარც საკმეველი და აღარც ადგილი, რომ მსხვერპლი შემოგწიროთ და შენი წყალობის ღირსნი გავხდეთ. 17მაგრამ შემუსვრილი გულითა და დათრგუნვილი სულით ისევე ვიქნებით შეწყნარებულნი, როგორც ვერძთა და ხართა ყოვლადდასაწველით, როგორც ათასი მსუქანი ცხვრით. 18ეს იყოს დღეს ჩვენი მსხვერპლი შენს წინაშე, იქნებ შევძლოთ კვლავაც მოგდიოთ, რადგანაც სირცხვილს არ ჭამენ შენი მოიმედენი. 19ახლა მოგყვებით მთელი გულით, გვეშინია შენი და ვეძებთ შენს სახეს; მაშ, ნუ შეგვარცხვენ, 20არამედ მოგვეცი შენი შემწყნარებლობისა და ულევი წყალობის თანახმად. 21გვიხსენი შენი სასწაულებით და განადიდე შენი სახელი, უფალო. 22დაე, შერცხვენილი დარჩეს ყველა, ვინც ბოროტს იზრახავს შენს მორჩილთა მიმართ; გაცუდდეს მთელი მათი ძალმოსილება და შეიმუსროს მათი ძალა. 23დაე, შეიგნონ, რომ შენ ხარ ერთადერთი უფალი ღმერთი, მთელი დედამიწის ზურგზე განდიდებული.“
24ამასობაში კი მეფის მსახურნი, რომლებმაც ცეცხლში ჩაყარეს ისინი, წამდაუწუმ უკეთებდნენ ღუმელს ნავთს, ფისს, ფიჩხსა და ძენძს. 25და ღუმლიდან ავარდნილი ალი 49 წყრთას აღწევდა; 26მან შთანთქა და ფერფლად აქცია ყველა ქალდეველი, ვისაც კი მისწვდა. 27მაგრამ უფლის ანგელოზი ჩაეშვა ღუმელში აზარიასა და მის მეგობრებთან ერთად და იქიდან განდევნა ალი. 28ნოტიო ქარბორბალასავით ტრიალებდა და სულს უბერავდა შუაგულ ღუმელს; ასე რომ, ცეცხლი ვერც მიეკარათ, ვერც რა ავნოთ და ვერც შეაკრთო ისინი.
29მაშინ ამ სამმა ერთხმად იგალობა, ადიდა და აკურთხა ღმერთი ღუმელში: 30„კურთხეული ხარ, უფალო, ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, ქებული და დიდებული უკუნისამდე; კურთხეულია შენი დიდების სახელი, წმიდა ქებული და დიდებული უკუნისამდე. 31კურთხეული ხარ შენი დიდების ტაძარში, ქებული და დიდებული უკუნისამდე. 32კურთხეული ხარ უფსკრულთა მხილველი, ქერუბიმებზე მჯდომი, ქებული და დიდებული უკუნისამდე. 33კურთხეული ხარ შენს სამეუფო ტახტზე, ქებული და დიდებული უკუნისამდე. 34კურთხეული ხარ ცამყარზე, ქებული და დიდებული უკუნისამდე. 35აკურთხეთ უფლის ყოველი საქმე, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 36აკურთხეთ, უფლის ანგელოზნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 37აკურთხეთ, ცანო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 38აკურთხეთ, წყალნო, ცის ზენანო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 39აკურთხეთ, უფლის ძალნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 40აკურთხეთ, მზეო და მთვარეო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 41აკურთხეთ, ზეცის ვარსკვლავნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 42აკურთხეთ წვიმავ და ცვარ-ნამო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 43აკურთხეთ, ქარნო და ნიავნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 44აკურთხეთ, ცეცხლო და სიცხეო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 45აკურთხეთ, ყინვავ და ხორშაკო უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 46აკურთხეთ, ლეშხნო და ჭირხლნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 47აკურთხეთ, დღენო და ღამენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 48აკურთხეთ, ბნელო და ნათელო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 49აკურთხეთ, თრთვილო და თოვლო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 50აკურთხეთ, ჭყაპო და შვავო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 51აკურთხეთ, ელვავ და ღრუბელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 52აკურთხოს მიწამ უფალი, უგალობოს და განადიდოს უკუნისამდე. 53აკურთხეთ, მთანო და ბორცვნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 54აკურთხეთ, მცენარენო მიწისა, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 55აკურთხეთ, წყაროსთვალნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 56აკურთხეთ, ზღვანო და მდინარენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 57აკურთხეთ, ვეშაპნო და წყალში მცურავნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 58აკურთხეთ, ცის ფრინველნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 59აკურთხეთ, ოთხფეხნო და დედამიწის ცხოველნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 60აკურთხეთ, ადამის ძენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 61აკურთხე, ისრაელ, უფალი, უგალობე და განადიდე უკუნისამდე. 62აკურთხეთ, მღვდელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 63აკურთხეთ, უფლის მონანო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 64აკურთხეთ, მართალთა სულნო და გულნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 65აკურთხეთ, წმიდანო და გულით გლახაკნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 66აკურთხეთ, ანანია, აზარია და მისაელ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე, რადგანაც მან გამოგვიყვანა ჯოჯოხეთიდან და გვიხსნა სიკვდილის ხელიდან, გამოგვტაცა მოგიზგიზე ღუმლის წიაღს და შუაგულ ცეცხლს გამოგვარიდა. 67ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, და უკუნისამდეა წყალობა მისი. 68აკურთხეთ, უფლის თაყვანისმცემელნო, ღმერთთა ღმერთი, უგალობეთ და ადიდეთ იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.“

Currently Selected:

Daniel Greek 1: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in