YouVersion Logo
Search Icon

Daniel Greek 2

2
სუსანა
1იყო ერთი კაცი, ბაბილონში მცხოვრები, სახელად იეჰოიაკიმი. 2მოიყვანა ცოლი, სახელად სუსანა, ხილკიას ასული, ძალზე ლამაზი და უფლის მოშიში. 3მისი მშობლები მართალი ხალხი იყო და მოსეს სჯულის მიხედვით აღზარდეს თავიანთი ქალი. 4იეჰოიაკიმი ძალიან მდიდარი იყო და მისი სახლის ახლოს ბაღი ჰქონდა. იუდაელები ხშირად დადიოდნენ მასთან, რადგანაც ყველაზე პატივცემული კაცი იყო მათ შორის.
5იმ წელს ხალხმა მსაჯულად დასვა ორი უხუცესი, რომლებზედაც უფალმა თქვა, უსჯულოება ბაბილონიდან იმ უხუცეს მსაჯულთაგან შემოგვეპარა, ხალხის მმართველად რომ მოჰქონდათო თავი. 6ორივენი იეჰოიაკიმის ხშირი სტუმრები იყვნენ და ვისაც საქმე ჰქონდა გასარჩევი, სწორედ იქ აკითხავდა მათ.
7შუადღისას, ხალხი რომ გაიკრიფებოდა, სუსანა თავისი ქმრის ბაღში შედიოდა სასეირნოდ. 8ორივე უხუცესი ყოველდღე ხედავდა სასეირნოდ გამოსულ ქალს და მისი ნდომა ჩაუვარდათ გულში. 9შებღალეს თავიანთი გონება და დაბლა დახარეს თვალი, რათა ცისთვის არ ემზირათ და აღარ ხსომებოდათ მართალი მსჯავრი. 10ორივეს გულისთქმის სახმილი სწვავდა, მაგრამ ერთმანეთს არ უმხელდნენ თავიანთ ჭირს, 11რადგანაც რცხვენოდათ ეღიარებინათ, რომ სურდათ ხელში ჩაეგდოთ იგი. 12ამიტომაც ყოველდღე ფხიზლად დარაჯობდნენ, რომ ქალისთვის მოეკრათ თვალი. 13ერთმანეთს კი ეუბნებოდნენ, წავიდეთ შინ, სადილის დროაო. და გამოსულნი ერთმანეთს შორდებოდნენ, მაგრამ მალე ბრუნდებოდნენ უკან და იმავე ადგილას ხვდებოდნენ ერთიმეორეს.
14ბოლოს მიზეზი ჰკითხეს ერთმანეთს და თავიანთი გულისთქმა აღიარეს. მაშინ ერთად დათქვეს დრო, როდის შეძლებდნენ დაემარტოხელებინათ ქალი. 15ხელსაყრელ დროს რომ ელოდნენ, სუსანა, ჩვეულებისამებრ, ორადორი მოახლის თანხლებით შევიდა ბაღში და ბანაობა მოუნდა, რადგანაც სიცხე იყო. 16ბაღში არავინ იყო, ორი უხუცესის გარდა, მიმალულნი რომ უთვალთვალებდნენ ქალს.
17სუსანამ მოახლეებს უთხრა: „მომიტანეთ ნელსაცხებელი და საპონი და ჩარაზეთ ბაღის კარი, რადგანაც ბანაობა მინდა.“ 18მოახლეები ისე მოიქცნენ, როგორც ქალბატონმა უთხრათ: ჩარაზეს ბაღის კარი და გვერდითი კარით გავიდნენ, რათა მოეტანათ, რაც ნაბრძანები ჰქონდათ. მიმალული უხუცესები კი ვერ შენიშნეს.
19მოახლეების გასვლისთანავე ორივე უხუცესი წამოხტა და ქალს მივარდა. 20უთხრეს: „აი, კარი ჩარაზულია და ვერავინ გვხედავს. შენ გვინდიხარ, ამიტომ ნებას დაგვყევი და იყავი ჩვენთან. 21თუ არ და, მოწმედ გამოვალთ შენს წინააღმდეგ: ვიტყვით, რომ ყმაწვილ კაცთან იყავი და მიტომაც დაითხოვე მოახლეები.“
22ამოიკვნესა სუსანამ და თქვა: „ყველა გზა მოჭრილი მაქვს; ნებას რომ დაგყვეთ, ეს ხომ სიკვდილია ჩემთვის; არადა, როგორ დავაღწევ თავს თქვენი ხელიდან? 23მაგრამ მიჯობს თქვენს ხელთ ჩავვარდე, ვიდრე უფლის წინაშე ვცოდო.“ 24ხმამაღლა შეჰკივლა სუსანამ, მაგრამ ორმა უხუცესმაც შეჰყვირა მის საპირისპიროდ. 25ერთი მათგანი გაიქცა და ბაღის კარი გააღო. 26სახლში მყოფთ ყვირილი რომ შემოესმათ, გვერდითი კარით შეცვივდნენ ბაღში, რათა გაეგოთ, რა დაემართა ქალს.
27როცა უხუცესებმა თავიანთი სათქმელი თქვეს, მსახურები გაოგნებულნი დარჩნენ, რადგანაც თავიანთ ქალბატონზე ამისი მსგავსი რამ არასოდეს სმენიათ. 28მეორე დღეს, როცა ხალხმა მის ქმართან – იეჰოიაკიმთან მოიყარა თავი, ორი უხუცესიც მოვიდა, სუსანას წინააღმდეგ უსჯულო ზრახვით აღვსილი, რათა სიკვდილი მიესაჯათ მისთვის. 29და ხალხის წინაშე თქვეს: „გაგზავნეთ კაცი სუსანას, ხილკიას ასულის, იეჰოიაკიმის ცოლის, მოსაყვანად.“ და მათაც გაგზავნეს. 30მოვიდა სუსანა მშობლების, შვილებისა და მთელი ნათესაობის თანხლებით.
31სუსანა ძალზე ნაზი და ლამაზი იყო შესახედავად. 32ამ უსჯულოებმა ბრძანეს სახე გამოეჩინა, – რადგანაც რიდე ებურა, – რათა მისი სილამაზით დამტკბარიყვნენ. 33ატირდნენ მისი ახლობლები და ყველა მისი შემყურე. 34ორივე უხუცესი ხალხში ჩადგა და ქალს თავზე დაადო ხელი. 35ის კი თვალცრემლიანი შეჰყურებდა ზეცას, რადგანაც უფლის იმედად იყო მისი გული. 36ხოლო უხუცესებმა თქვეს: „მარტო რომ ვსეირნობდით ბაღში, ეს ქალბატონი ორ მოახლესთან ერთად შემოვიდა, ბაღის კარი ჩარაზა და მოახლეები დაითხოვა. 37მიუახლოვდა იქ მიმალული ყმაწვილი კაცი და გვერდით მიუწვა. 38ჩვენ ბაღის კუთხეში ვიდექით და ამ უსჯულოების დანახვისას მათკენ გავეშურეთ. 39ჩახუტებულებს წავადექით თავზე, მაგრამ კაცის დაჭერა ვერ შევძელით, რადგანაც ჩვენზე ღონიერი გამოდგა; კარი გააღო და გარეთ გავარდა. 40ეს კი დავიჭირეთ და ვკითხეთ, ვინ იყო ის ყმაწვილი კაცი. 41მაგრამ მან არ გაგვიმხილა. ჩვენ ვართ ამის მოწმენი.“
შეკრებილნი ერწმუნნენ მათ, როგორც ხალხის უხუცესთ და მსაჯულთ, და სიკვდილი მიუსაჯეს ქალს. 42მაშინ ხმამაღლა შეჰღაღადა სუსანამ და თქვა: „ღმერთო წარუვალო, საიდუმლოთა მცოდნევ, რომელმაც მანამდეც იცი ყველაფერი, სანამ მოხდებოდეს, 43შენ ხომ იცი, რომ ცილს მწამებენ, და, აი, ისე ვკვდები, რომ არ ჩამიდენია არაფერი იმისი მსგავსი, რასაც ესენი მზაკვრულად მაბრალებენ.“
44და შეისმინა უფალმა მისი ხმა. 45სასიკვდილოდ რომ მიჰყავდათ, ღმერთმა აღძრა ერთი ყმაწვილი კაცის წმიდა სული, რომელსაც დანიელი ერქვა სახელად. 46და ხმამაღლა შეჰყვირა მან: „მე მის სისხლში არ მიდევს ბრალი!“ 47მთელი ხალხი მისკენ შებრუნდა და უთხრა: „რაო, ეგ რა თქვი?“ 48მაშინ ჩადგა იგი მათ შორის და თქვა: „ნუთუ მართლა ასე უგუნურნი ხართ, ისრაელის ძენო? არც რა გამოგიძიებიათ, არც სიმართლე დაგიდგენიათ და ისრაელის ასულს ისე დასდეთ მსჯავრი? 49დაბრუნდით სამსჯავროში, რადგანაც ამათ ცილი დასწამეს მას.“ 50მაშინვე დაბრუნდა ხალხი, და უთხრეს მას უხუცესებმა: „დაჯექი ჩვენს შორის და მოგვახსენე, რაკი ღმერთს შენთვის მოუცია უხუცესობა.“
51და უთხრა ხალხს დანიელმა: „განაცალკევეთ ესენი, ცალ-ცალკე დავკითხავ მათ.“ 52როდესაც განაცალკევეს, უხმო ერთ მათგანს და უთხრა: „ბოროტებაში დაბერებულო, ახლა გამჟღავნდა შენი უწინდელი ცოდვები: 53უსამართლო სამართლის ქმნა, უბრალოთა ბრალდება და ბრალეულთა გამართლება, მაშინ, როდესაც უფალი ამბობს: ‘ნუ მოაკვდინებ უბრალოსა და მართალს.’ 54მაშ, თუ ეს შენი თვალით გინახავს, მითხარი, რომელი ხის ქვეშ ეხვეოდნენ ერთმანეთს?“ და მან მიუგო: „თრიმლის ქვეშ.“ 55დანიელმა თქვა: „ნამდვილად იცრუე, შენდა სავალალოდ, რადგანაც, აჰა, ღვთის ანგელოზმა უკვე მიიღო ბრძანება ღვთისა და შუა გაგკვეთს შენ.“
56გაისტუმრა იგი და მეორის მოყვანა ბრძანა. უთხრა მას: „ქანაანის თესლო, და არა იუდასი, სილამაზემ გაცდუნა და სურვილმა შეგირყვნა გული. 57ასე ექცეოდით ისრაელის ასულთ და ისინიც, შეშინებულნი, კავშირს იჭერდნენ თქვენთან. მაგრამ იუდას ასულმა არ დაითმინა თქვენი უსჯულოება. 58აბა, მითხარი: რომელი ხის ქვეშ წაადექი თავს, როცა ერთმანეთს ეხვეოდნენ?“ და მან მიუგო: „მუხის ქვეშ.“
59უთხრა მას დანიელმა: „ნამდვილად იცრუე, შენდა სავალალოდ, რადგანაც ღვთის ანგელოზი მახვილით იცდის, რომ შუა გაგკვეთოს და ბოლო მოგიღოთ ორივეს.“ 60მაშინ მთელმა ხალხმა ყიჟინა დასცა და აკურთხა ღმერთი, რომელმაც იხსნა მისი მოსავი. 61ყველა აღიძრა ორი უხუცესის წინააღმდეგ, რადგანაც დანიელმა მათი პირით ამხილა ისინი ცრუმოწმობაში, და ისე მოექცნენ მათ, როგორც ეს ბოროტმზრახველნი ექცეოდნენ თავიანთ მოყვასთ. 62მოსეს სჯულის თანახმად დახოცეს ისინი, და გადარჩა იმ დღეს უბრალო სისხლი.
63ხილკიამ და მისმა ცოლმა ადიდეს ღმერთი მათი ქალის – სუსანას გამო, მის ქმართან – იეჰოიაკიმთან და ყველა ახლობელთან ერთად, რადგანაც სამარცხვინო ვერაფერი უპოვეს მას. 64და ამაღლდა დანიელი ხალხის თვალში იმ დღიდან მოყოლებული და მას შემდეგაც.

Currently Selected:

Daniel Greek 2: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in