YouVersion Logo
Search Icon

მარკ. 1

1
იოანე ნათლისმცემელი ამზადებს გზას
1დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღვთის ძისა.
2როგორც ესაია წინასწარმეტყველში სწერია: „აჰა, მე მოვავლენ შენი სახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოამზადებს შენს გზას.
3ხმა მღაღადებლისა უდაბნოში. განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები.“
4იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში მივიდა და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად.
5გამოდიოდა მასთან იუდეველთა მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი და მდინარე იორდანეში მის მიერ ინათლებოდნენ და თავიანთ ცოდვებს აღიარებდნენ.
6იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა. და ჭამდა კალიებსა და ველურ თაფლს.
7ქადაგებდა და ამბობდა: „ჩემს შემდეგ ჩემზე უძლიერესი მოდის, ვის წინაშეც არა ვარ ღირსი დავიხარო და სანდლის თასმა გავუხსნა.
8მე წყლით გნათლავდით, ის კი სულიწმიდით მოგნათლავთ.“
ნათლისღება
9მოხდა იმ დღეებში, რომ მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთიდან და მოინათლა იოანეს მიერ იორდანეში.
10და უცბად, როცა წყლიდან ამოდიოდა, იხილა გახსნილი ცა და სული, მტრედივით გარდამომავალი მასზე.
11და ციდან იყო ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.“
გამოცდა. ქადაგება გალილეაში
12და უცბად წაიყვანა იგი სულმა უდაბნოში.
13უდაბნოში ორმოცი დღე იყო იგი და სატანისგან იცდებოდა. მხეცებთან იყო და ანგელოზები ემსახურებოდნენ.
14მას შემდეგ, რაც იოანე გადაცემულ იქნა, იესო მივიდა გალილეაში და ღვთის სახარებას ქადაგებდა
15და ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება.“
ოთხი მოციქულის მოწოდება
16როცა გალილეის ზღვის პირას დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ.
17იესომ უთხრა მათ: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით.“
18მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას.
19ცოტა გაიარა და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე. ისინი ნავში ბადეებს ამზადებდნენ.
20მყისვე მოიხმო ისინი, და მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ მუშებთან ერთად და გაჰყვნენ მას.
ქადაგება და განკურნებანი
კაპერნაუმსა და გალილეაში
21კაპერნაუმს მივიდნენ და მყისვე, შაბათ დღეს, შევიდნენ სინაგოგაში, და იგი ასწავლიდა მათ.
22გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი.
23უცბად მათ სინაგოგაში მყოფმა, არაწმიდა სულით შეპყრობილმა, კაცმა იყვირა:
24„რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპავად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღვთის წმიდავ.“
25იესომ შერისხა იგი და უთხრა: „გაჩუმდი და გადი მაგისგან.“
26არაწმიდა სულმა შეანჯღრია იგი, დიდი ხმით დაიკივლა და გამოვიდა მისგან.
27ისე განცვიფრდნენ ყველანი, რომ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ: ეს რა არისო? ეს რა ახალი მოძღვრებაა, რომ ხელმწიფებით არაწმიდა სულთაც კი უბრძანებს და ისინიც ემორჩილებიანო მას?
28მისი ამბავი მყისვე მოედო გალილეის მთელ მხარეს.
29სინაგოგიდან გამოსვლისთანავე სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდნენ იოანესთან და იაკობთან ერთად.
30სიმონის სიდედრი იწვა ციებ-ცხელებით შეპყრობილი. მას მყისვე უთხრეს მასზე.
31მივიდა, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა იგი. სიცხემ გაუარა და მოემსახურა მათ.
32საღამო ჟამს, მზის ჩასვლისას, მიუყვანეს მას ყველა, ვინც კი სნეული და ეშმაკეული იყო.
33მთელი ქალაქი შეკრებილი იყო კართან.
34ბევრი სნეული განკურნა სხვა და სხვა სენისაგან, ბევრი ეშმაკი განდევნა და ნებას არ რთავდა ეშმაკებს, ელაპარაკათ, რადგან ისინი იცნობდნენ მას.
35განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას, და იქ ლოცულობდა.
36სიმონი და მასთან მყოფნი საჩქაროდ გაედევნენ მას.
37იპოვეს იგი და უთხრეს: „ყველა შენ გეძებს.“
38უთხრა მათ: „წავიდეთ სხვა ახლო-მახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, რადგან ამისათვის ვარ მოსული.“
39და დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და ეშმაკებს დევნიდა.
40მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოუყარა, შეევედრა და უთხრა: „თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა.“
41შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: „მსურს, განიწმიდე!“
42და მყისვე მოშორდა კეთრი და განიწმიდა.
43მკაცრად გააფრთხილა და მყისვე გაუშვა.
44უთხრა მას: „უყურე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისათვის, რაც ბრძანა მოსემ, მათდა დასამოწმებლად.“
45ის კი გავიდა და დაიწყო ბევრი ლაპარაკი და ისე გაახმაურა ეს ამბავი რომ, იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ, უდაბნო ადგილებში იმყოფებოდა და ყოველი მხრიდან მიედინებოდნენ მასთან.

Currently Selected:

მარკ. 1: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in