მათ. 28
28
ანგელოზი უმჟღავნებს მარიამს
იესოს აღდგომას
1შაბათის გასულს, ერთშაბათის თენებისას, მოვიდნენ სამარხის სანახავად მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი.
2და აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა. უფლის ანგელოზი ჩამოვიდა ციდან, მივიდა, ლოდი გადააგორა და ზედ დაჯდა.
3მისი შესახედაობა ელვასავით იყო და მისი ტანისამოსი – თოვლივით სპეტაკი.
4მისი შიშით შედრკნენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ.
5მიუგო ანგელოზმა და უთხრა დედაკაცებს: „ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ.
6აქ არ არის, ვინაიდან აღდგა, როგორც თქვა. მოდით, ნახეთ ადგილი, სადაც ესვენა.
7სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ.“
იესოს შეხვედრა დედაკაცებთან
8ისინი სწრაფად გამოეშურნენ სამარხიდან შიშით და დიდი სიხარულით, და გაიქცნენ, რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისათვის.
9და აჰა, იესო შეხვდა მათ და უთხრა: „გიხაროდეთ!“ ისინი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას.
10მაშინ უთხრა მათ იესომ: „ნუ გეშინიათ, წადით და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას და იქ მნახავენ.“
მცველების მოსყიდვა
11როცა ისინი მიდიოდნენ, აჰა, მცველთაგან ზოგიერთები მივიდნენ ქალაქში და აუწყეს მღვდელმთავრებს ყოველივე, რაც მოხდა.
12ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, მოითათბირეს და დიდძალი ვერცხლი მისცეს ჯარისკაცებს
13და უთხრეს: „თქვით, მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და მოიპარეს იგი, როცა ჩვენ გვეძინა-თქო.
14და თუ ამას განმგებელი გაიგებს, ჩვენ დავარწმუნებთ მას და აგარიდებთ უსიამოვნებას.“
15მათაც აიღეს ვერცხლი და ისე მოიქცნენ, როგორც დაარიგეს. გავრცელდა ეს ნათქვამი იუდეველებს შორის დღევანდელ დღემდე.
იესო ევლინება თერთმეტს. „წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს!“
16ხოლო თერთმეტი მოწაფე წავიდა გალილეაში, იმ მთაზე, რომელიც იესომ დაუთქვა მათ.
17ნახეს იგი და თაყვანი სცეს, ზოგს კი ეჭვი ეპარებოდა.
18მივიდა იესო მათთან და უთხრა: „მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცასა და მიწაზე.
19ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით.
20ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრულამდე. ამინ.“
Currently Selected:
მათ. 28: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002