იოან. 17
17
ლოცვა მოწაფეთათვის
1ეს ილაპარაკა იესომ და ცას მიაპყრო თვალები და თქვა: „მამაო, დადგა ჟამი, განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ.
2რადგან მიეცი მას ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას ჩააბარე, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.
3ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე – იესო ქრისტეს.
4მე განგადიდე მიწაზე იმ საქმის აღსრულებით, რომელიც მომეცი, რომ გამეკეთებინა.
5ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან სოფლის გაჩენამდე.
6შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი სოფლისგან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, შენი სიტყვა დაიცვეს მათ.
7ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა.
8რადგან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ გადავეცი. მიიღეს მათ და ცნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან წამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე.
9მათთვის გევედრები: სოფლისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, რომლებიც შენ მომეცი, რადგან შენები არიან ისინი.
10ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი – ჩემი. და მე მათში განვდიდდი.
11მე აღარა ვარ სოფელში, მაგრამ ისინი არიან სოფელში. მე კი შენთან მოვდივარ. წმიდაო მამაო, დაიცავი შენი სახელით ესენი, რომლებიც შენ მომეცი, რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ.
12როცა მათთან ვიყავი, ვიცავდი მათ შენი სახელით. ისინი, რომლებიც შენ მომეცი, მე დავიფარე, და მათგან არავინ დაღუპულა, დაღუპვის ძის გარდა, რათა აღსრულებულიყო წერილი.
13ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას სოფელში ვლაპარაკობ, რათა აივსნენ ჩემი სიხარულით.
14მე მათ მივეცი შენი სიტყვა და სოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან სოფლისანი, როგორც მე არა ვარ სოფლისა.
15არ გევედრები, რომ სოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ დაიცვა ბოროტისაგან.
16ისინი სოფლისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ სოფლისა.
17განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა.
18როგორც შენ მომავლინე სოფელში, მეც ასევე მივავლინე ისინი სოფელში.
19ჩემს თავს განვწმედ მათთვის, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებაში.
ლოცვა ყველასათვის
20„მე მხოლოდ ამათზე არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც ჩემი მორწმუნენი იქნებიან თავიანთი სიტყვით.
21რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი – შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს სოფელმა, რომ შენ მომავლინე.
22და დიდება, რომელიც შენ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი.
23მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთში და რათა იცოდეს სოფელმა, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.
24მამაო, მსურს, რომ სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ, რომელნიც შენ მომეცი, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც შენ მომეცი, რადგან შემიყვარე სოფლის დაფუძნებამდე.
25მამაო მართალო, სოფელმა არ შეგიცნო, მე კი შეგიცან და ამათაც შეიცნეს, რომ შენ მომავლინე.
26მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, იყოს მათში და მე მათში ვიყო.“
Currently Selected:
იოან. 17: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002