YouVersion Logo
Search Icon

იოან. 14

14
მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე
1„ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.
2ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ.
3როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.
4სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა.“
5ეუბნება მას თომა: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?“
6ეუბნება მას იესო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით.
7მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და ნანახი გყავთ იგი.“
8ეუბნება მას ფილიპე: „უფალო, გვაჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის.“
9ეუბნება მას იესო: „რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა. როგორღა ამბობ, მამა გვაჩვენეო?
10არ გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, რომელთაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ. ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეებს.
11მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ.
12ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ.
13რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში.
14თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ.
აღთქმა სულიწმიდის მოვლინებისა
15„თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით.
16მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ,
17ჭეშმარიტების სულს, რისი მიღებაც არ შეუძლია სოფელს, რადგან ვერ ხედავს და არ იცნობს მას. თქვენ კი იცნობთ მას, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება.
18ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან.
19კიდევ ცოტაც, და სოფელი ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ, რადგან მე ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ.
20იმ დღეს გაიგებთ, რომ მე ჩემს მამაში ვარ და თქვენ ჩემში, და მე თქვენში.
21ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები.“
22ეუბნება მას იუდა, ისკარიოტელი კი არა: „უფალო, როგორ იქნება, რომ შენ თავად გამოგვეცხადები ჩვენ და არა სოფელს?“
23მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს.
24ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არაა, ჩემი მომავლინებელი მამისაა.
25ამას გელაპარაკებოდით თქვენთან ყოფნისას,
26ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს.
27მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.
28ხომ მოისმინეთ, რომ გითხარით: მივდივარ და დავბრუნდები თქვენთან. რომ გყვარებოდით, გაგიხარდებოდათ, რაკი მამასთან მივდივარ, რადგან ჩემზე დიდია მამა.
29ახლა გითხარით ეს, სანამ ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება.
30ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან სოფლის მთავარი მოდის და მას ჩემში არაფერი ეკუთვნის.
31მაგრამ, რათა გაიგოს სოფელმა, რომ მამა მიყვარს და, როგორც მამამ მიბრძანა, ისე ვაკეთებ. ადექით, წავიდეთ აქედან.

Currently Selected:

იოან. 14: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in